04.მარტი .2021 18:16

თურნავა Wizz Air-ის ფრენების განახლებაზე აცხადებს, კომპანია არ ადასტურებს - რას ეყრდნობოდა მინისტრი?

თურნავა Wizz Air-ის ფრენების განახლებაზე აცხადებს, კომპანია არ ადასტურებს - რას ეყრდნობოდა მინისტრი?
views 818
უკან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, უნგრული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან ფრენებს მარტიდან განაახლებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე ინფორმაციით, ავიაკომპანია კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით მარტის ბოლოდან შეასრულებს.

აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს თავად Wizz Air. როგორც Bm.ge-ს დღეს კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ განუცხადა, ქუთაისიდან “ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძალიან ნაადრევია”. კომპანია ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს და ამბობს, რომ ეს დამოკიდებულია იმ რეგულაციებზე, რაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს, რადგანაც მათი განმარტებით, შეზღუდვების გამო ფრენებზე მოთხოვნა დაბალია.

bm.ge სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსაც დაუკავშირდა, რომელიც უშუალოდ გასცემს ფრენების ნებართვას. სხვა კომპანიებთან ერთად ნათია თურნავამ დღეს განცხადება “ბუტა ეარვეისზეც” გააკეთა. უწყებაში ფრენების ნებართვა მხოლოდ “ბუტა ეარვეისის” შემთხვევაში დაგვიდასტურეს, რომელიც ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით რეგულარულ ფრენებს 19 მარტიდან განაახლებს. Wizz Air-თან დაკავშირებით კი bm.ge დეტალურ ინფორმაციას ამ დრომდე ელოდება.

რას ეყრდნობოდა ეკონომიკის მინისტრი, როდესაც თქვა, რომ “Wizz Air” ფრენებს მარტის ბოლოდან განაახლებს? ეკონომიკის სამინისტროში bm.ge-ს უთხრეს, რომ ნათია თურნავა ეყრდნობოდა კომპანიის მიმართვას, რომელიც მათ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში გაგზავნეს და ითხოვეს მარტის ბოლოდან კვირაში 20 მიმართულებით ფრენა. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციითვე, დეტალებზე მოლაპარაკებები სწორედ ახლა მიმდინარეობს, თუმცა ფაქტია, ავიაკომპანიას ჯერ ფრენის ნებართვები არ აქვს.

შეგახსენებთ, რომ bm.ge-მ ინტერვიუ "ვიზეარის" წარმომადგენელთან გუშინაც ჩაწერა, სადაც ანდრაშ რადომ ასევე არ დაასახელა ფრენების დაწყების თარიღი და აღნიშნა, რომ ჯერ ბაზარზე მოთხოვნა არ არის, ამიტომ უჭირთ თქმა, როდის განაახლებენ ოპერირებას არამხოლოდ საქართველოდან, არამედ სხვა ქვეყნებიდანაც.

“მოხარულები ვიქნებით, თუ საქართველოდან ფრენებს და ოპერირებას ევროპის ქვეყნებში ზაფხულის სანავიგაციო სეზონიდან დავიწყებთ, თუმცა, ეს მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ დამოკიდებული ვართ სხვადასხვა ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებზე და თუ ისინი არ გახსნიან საზღვრებს, ჩვენ ვერ შევასრულებთ ფრენებს. როგორც კი შეზღუდვები შერბილდება, გაიზრდება მოთხოვნა, ჩვენც განვაახლებთ ფრენებს", -განაცხადა ანდრაშ რადომ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა