მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების წყალობით მოსახლეობა ათობით მილიონ ლარს ზოგავს - მინისტრი

62e4245ae4530
თამთა ჯიჯავაძე
29.07.22 23:30
656
თურქეთიდან შემოტანილი მედიკამენტების წყალობით მოსახლეობა ათობით მილიონ ლარს ზოგავს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა „იმედის“ ეთერში ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, თურქეთში ტარიფების გადახედვა საქართველოში იმპორტირებული მედიკამენტების ფასზე არ აისახება.

„რაც შეეხება თურქეთის ბაზარს და მოსაზრებას, რომ იქ თუ გადაიხედა ტარიფები, აქაც გაძვირდება, ეს ასე ნამდვილად არ არის. ბოლო თვეების განმავლობაში ვხედავთ, რომ ლარი მკვეთრად არის გამყარებული. თურქეთიდან იმპორტი ხდება დოლარში. იქ იმ ცვლილებით, რა ცვლილებითაც თურქული ლირის ფასის კორექტირება მოხდა ევროსთან და დოლართან, იმაზე გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ლარი გამყარდა დღეს. შესაბამისად თურქეთიდან შემოსულ მედიკამენტებზე იქ ტარიფების გადახედვა არანაირად არ აისახება და იგივე გაიაფებული მედიკამენტები შემოვა თურქეთიდან, რაც თვეების განმავლობაში იყო.

აქ მნიშვნელოვანია ის, რომ წარმოებიდან დაწყებული, იქაურ ბაზარზე რა ფასადაც იყიდება მედიკამენტები და რა ფასადაც ხდება საზღვარზე იმპორტი, მთლიან ციკლს ვაკონტროლებთ, რათა რაიმე არაკეთილსინდისიერი შეთანხმება, ან არასამართლიანი დამოკიდებულება არ იყოს, ეს მაქსიმალურად გადაზღვეული გვაქვს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

აღსანიშნავია, რომ მინისტრის მიერ არაერთხელ გაკეთებული განცხადებისგან განსხვავებით, რომ თურქული მედიკამენტების ფასი არ გაიზრდება, კერძო სექტორის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თურქულ მედიკამენტებზე ფასების მატებას მოსახლეობა სექტემბრიდან იგრძნობს.

ცნობისთვის, თურქეთში ადგილობრივი ბაზრისთვის განკუთვნილი მედიკამენტების ფასი იზრდება. შესაბამისი ბრძანება ქვეყნის პირველმა პირმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 7 ივლისს გამოსცა. ეს დოკუმენტი ფარმაცევტული პროდუქტების ახალ ტარიფებს ადგენს. წინა ბრძანება, რომელიც დღემდე მოქმედებდა, 2017 წელს იყო მიღებული და მისი გადახედვის საჭიროება თურქული ლირის გაუფასურებიდან გამომდინარე დადგა. ამ დადგენილებით მოგების ის მაქსიმალური მარჟაა განსაზღვრული, რომლებიც სააფთიაქო ქსელსა და მედიკამენტების მიმწოდებელს შეუძლია კონკრეტული ღირებულების წამლისთვის დააწესოს.