მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„თურქეთიდან წამლების იმპორტი, მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე ხარჯს შეუმცირებს“ - მინისტრი

61e52c3746c51
ვიქტორია მღებრიშვილი
17.01.22 12:42
1748

საქართველოს მთვარობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლითაც „სხვა ქვეყნების ან სახელმწიფოთაშორისი ფარმაცევტული პროდუქტების მარეგულირებელი სახელმწიფო ორგანოების სიის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 22 ოქტომბრის №188 დადგენილებაში ცვლილებები შევიდა, კონკრეტულად კი დღეიდან საქართველოში მედიკამენტების იმპორტიორი ქვეყნების სიას თურქეთის რესპუბლიკა დაემატა. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებით მოსახლეობას დაბალფასიანი მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე წვდომა გაეზრდებათ.

მთვარობის სხდომის დასრულების შემდეგ კი ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა განმარტა, რომ პრემიერის მიერ მიღებული გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და შედეგად მოსახლეობას 200 დასახელების მედიკამენტზე ხარჯს შეუმცირებს. რა პრინციპით (მოხმარების რაოდენობა, ფასი) შეირჩა მედიკამენტების ეს რაოდენობა, მინისტრს გარკვევით არ განუმარტავს.

„პრემიერის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, წამლების აღიარების სიაში თურქეთის შეტანასთან დაკავშირებით, საქართველოში თურქეთიდან მაღალხარისხიანი, კონკურენტული ფასებით მედიკამენტების შემოტანას შეუწყობს ხელს, რაც ჩვენს მოსახლეობას 200-მდე მედიკამენტზე ხარჯს გაუიაფებს. ჯანდაცვის სამინისტრო აქტიურად არის ჩართული ამ და სხვა იმპორტიორი ქვეყნებიდან წამლების ხარისხის და მასთან დაკავშირებული სერტიფიკატების თუ დოკუმენტაციის გადამოწმების და კონტროლის კუთხით. ჩვენ სრულად პასუხისმგებელი ვართ, რომ საქართველოში გაიყიდება მაღალი ხარისხის მედიკამენტები კონკურენტული ფასებით“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

განახლება: 

დეტალების დასაზუსტებლად, თუ რა პრინციპით შეირჩა 200 დასახელების მედიკამენტი, რომელიც მოსახლოებას, როგორც მინისტრმა თქვა, ხარჯებს გაუიაფებს, BM.GE სამინისტროს პრეს-სამსახურს დაუკავშირდა, სადაც განგვიმარტეს, რომ 200 დასახელების მედიკამენტი თურქეთის ბაზრის გახსნის გადაწყვეტილების მისაღებად იქნა შესწავლილი, დღეს შესაბამის დადგენილებაზე ხელმოწერით კი საქართველოსთვის თურქეთის ბაზარი ნებისმიერი დასახელების მედიკამენტების იმპორტისთვის ღიაა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები