მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თურქეთში ინფლაციის დონემ 73.5%-იან ნიშნულს მიაღწია - ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება

6299c1651eb13
გიორგი თოლორდავა
03.06.22 12:05
2195
მსოფლიოს მასშტაბით ენერგორესურსების, სურსათისა და საქონლის გაძვირების ფონზე, თურქეთში ინფლაციის დონე მკვეთრად გაიზარდა და მაისში წლიურმა მაჩვენებელმა 73.5% შეადგინა, რაც გასული 25 წლის უმაღლესი ნიშნულია.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით ქვეყანაში ინფლაციის დონე 3.5%-ითაა გაზრდილი, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ანალიტიკოსების მოლოდინებს.

ერთ წელიწადში ქვეყანაში სატრანსპორტო ხარჯები თითქმის 110%-ით გაიზარდა; სურსათი პროდუქტებისა და უალკოჰოლო სასმელებს ღირებულება კი, დაახლოებით, 90%-ით არის გაზრდილი.

ინფლაციის დონის მკვეთრი ზრდა იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყანაში სამომხმარებლო ფასები იზრდება, ეროვნული ვალუტის მსყიდველობითუნარიანობა კი მნიშვნელოვნად იკლებს.

ექსპერტების შეფასებით, თურქეთში ინფლაციის დონის მკვეთრად ზრდის ერთ-ერთი მთავარი განმაპირობებელი მიზეზი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქება და ცენტრალური ბანკის მიერ რეფინანსირების განაკვეთის 19%-დან 14%-იან ნიშნულამდე შემცირებაა, რაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის დაჟინებული მოთხოვნით იყო განპირობებული.

„რეფინანსირების განაკვეთის შემცირების პროცესი გაგრძელდება, სხვას ნურაფერს მოელით. როგორც მუსლიმი, მე იმის კეთებას განვაგრძობ, რასაც ისლამური სწავლება მოითხოვს“, - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანის არატრადიციულ ეკონომიკურ ხედვებთან წინააღმდეგობაში ყოფნის გამო, თანამდებობის დატოვება მოუწია თურქეთის ცენტრალური ბანკის ყოფილ პრეზიდენტ ნაჯი აგბალს, რომელიც ინფლაციის შესაკავებლად მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას მოითხოვდა. ერდოღანმა თანამდებობიდან გადააყენა ქვეყნის ფინანსთა მინისტრი ლუთფი ელვანიც, რომელიც, ასევე, არ იზიარებდა მის მაკროეკონომიკურ შეხედულებებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები