28.აგვისტო .2020 14:00

თვეში 5000 ლარზე მაღალი ხელფასი, საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 0.5%-ს აქვს

views 8345
უკან

ბიზნეს მედია საქართველომ (BMG) შემოსავლების სამსახურიდან გამოითხოვა სტატისტიკა იმის შესახებ თუ რა არის მოსახლეობის შემოსავლები. სახელმწიფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში დეკლარირებული სახელფასო შემოსავალი მხოლოდ 1.11 მილიონ ადამიანს აქვს. ამ ადამიანებმა 2019 წელს ხელფასის სახით ჯამურად 12.94 მილიარდი ლარი აიღეს.

ოფიციალური სტატისტიკიდან ირკვევა, რომ დასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის შემოსავალი განსაკუთრებულად მცირეა და წლიურად 1200 ლარს, ანუ თვეში საშუალოდ 100 ლარს არ აღემატება. ამ მოცულობის შემოსავალი 2019 წელს რეგისტრირებული ხელფასის მქონე პირთა 12.7%-მა აიღო.

ამავე სტატისტიკის თანახმად, მოკრძალებულია მათი რაოდენობა, ვისაც 5000 ლარზე მეტი ყოველთვიური (წლიურად 60,000 ლარზე მეტი) შემოსავალი აქვს და ის დასაქმებულთა 1.5%-ს, ხოლო მოსახლეობის 0.47%-ს შეადგენს.

რა არის მოსახლეობის საშუალო შემოსავალი

შემოსავლების სამსახურისგან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაცია მოიცავს მოსახლეობის განაწილებას მათი შემოსავლების მიხედვით. სტატისტიკის მიხედვით, 2019 წელს საქართველოს 142 ათას მოქალაქეს აქვს თვეში 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი. 100-200 ლარი 105 ათას მოქალაქეს აქვს. რაც შეეხება ყველაზე მაღალ შემოსავალს - 100,000 ლარზე მეტი (ანუ თვეში 8333 ლარი), ის მხოლოდ მხოლოდ 1.3 ათას ადამიანს აქვს. მათგან უდიდესი ნაწილის სახელფასო შემოსავალი 1 მილიონ ლარამდეა.

მაღალი ალბათობით, იმ ადამიანების ნაწილი, ვისაც წლიურად საშუალოდ 100 ლარზე ნაკლები შემოსავალი აქვს, რეალურად სეზონურად დასაქმებულებს წარმოადგენენ.

სტატისტიკა აჩვენებს იმასაც, რომ საქართველოში საშუალო ფენა თითქმის არ არსებობს. თუ საქართველოს მაჩვენებელს შევადარებთ განვითარებული ქვეყნის ანალოგიურ სტატისტიკას, დავინახავთ, რომ იქ ყველაზე დიდი საშემოსავლო ჯგუფი არა უღარიბესი ჯგუფი, არამედ საშუალო ფენაა. შემოსავლების ასეთი განაწილება უფრო მეტად განვითარებადი ღარიბი ქვეყნებისთვის არის დამახასიათებელი.


შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, 2019 წელს რეგისტრირებული შემოსავლების მქონე მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა

საქართველოში ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულად ითვლება 1.68 მილიონი ადამიანი (2020) წელი, თუმცა, რეგისტრირებული ანუ დადასტურებული შემოსავლები ამ 1.68 მილიონი ადამიანიდან მხოლოდ 1.11 მილიონს აქვს. შესაბამისად, ნახევარ მილიონზე მეტ ადამიანს, ვისაც საქსტატი დასაქმებულად აღრიცხავს, წლის განმავლობაში არცერთი თეთრის შემოსავალი არ აქვს.

ადამიანები, რომელთაც სტატისტიკა დასაქმებულად აღწერს, რეალურად კი ოფიციალური შემოსავალი არ აქვთ, თვითდასაქმებულები არიან. ამ ადამიანების უდიდესი ნაწილი სოფლის მეურნეობაშია თვითდასაქმებული.

შემოსავლების სამსახურისგან მიღებული სტატისტიკის მიხედვით, ირკვევა, რომ ქვეყანაში არაფორმალური სექტორის შემცირება დაბალი ტემპით ხდება. 2009-2012 წლებში მათი რაოდენობა ვისაც შემოსავალი აქვს 760 ათასიდან, 1.1 მილიონამდე გაიზარდა, 2012-2018 წლებში კი იყო წლები, როდესაც რეგისტრირებული შემოსავლების მქონე პირთა რაოდენობა მცირდებოდა. 2019 წელს კი 2018 წელთან შედარებით რეგისტრირებული შემოსავლის მქონე ადამიანების რაოდენობა 20 ათასით შემცირდა.




მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა