მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოელებს შესაძლოა საქართველოში კონკრეტულ პროფესიებზე დასაქმება შეეზღუდოთ - კანონპროექტი

63ea4b6c4831d
ანუკა ჯოხაძე
14.02.23 00:15
1251
ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი საკანონმდებლო ცვლილებები მოამზადა, რომელიც შრომითი მიგრაციის რეგულირებას ეხება. მთავრობის მომზადებული პაკეტის განხილვა პარლამენტმა დღეიდან დაიწყო.

ცვლილებების მიხედვით, დასაქმების საშუამავლო კომპანიებს სავალდებულო სერტიფიცირება მოუწევთ. ამასთან, დამსაქმებლები ვალდებულები იქნებიან ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ სისტემაში საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე უცხოელის დასაქმების შესახებ მონაცემები დაარეგისტრირონ.

კიდევ ერთი პუნქტით, რომელიც კანონპროექტში გვხვდება, მთავრობას ახალი უფლება უჩნდება.


კანონპროექტში ვკითხულობთ:

"მთავრობას შეუძლია შეზღუდოს უცხოური სამუშაო ძალის იმ პროფესიის ან სპეციალობის მოზიდვა, რომელიც არ მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება აჭარბებს (ან გადააჭარბებს) მასზე მიმდინარე მოთხოვნას;

ასევე შეზღუდვის პარალელურად სახელმწიფოს უჩნდება უფლება წაახალისოს უცხოური სამუშაო ძალის მოზიდვა ისეთი პროფესიით ან სპეციალობით შრომითი მოწყობის მიზნით, რომელიც მოითხოვს მაღალკვალიფიციურ შრომას ან რომელშიც საქართველოს შრომის ბაზარზე ადგილობრივი სამუშაო ძალის მიწოდება ვერ აკმაყოფილებს (ან ვერ დააკმაყოფილებს) მასზე მიმდინარე (ან პერსპექტიულ) მოთხოვნას".

კითხვაზე რა პროფესიებზე შეიძლება აღნიშნული შეზღუდვა ამოქმედდეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს ჯერ პასუხი არ აქვს.

“ნებისმიერი მიგრაციის კანონის მოტივატორი არის ადგილობრივი მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობა. ბუნებრივია, ეს პროცესი ჩვენთვისაც ერთ-ერთი მთავარი მოტივატორია. შესაბამისად, მთელი ჩვენი პროცესი მიმართულია იმისკენ, რომ ჩვენ ადგილობრივ შრომით ბაზარზე წავახალისოთ ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმება. იმ შემთხვევაში როცა ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნია შესაბამისი უნარები და კვალიფიკაცია, ამ შემთხვევაში საუბარი გვაქვს მხოლოდ დაბალკვალიფიურ მუშახელზე, შეგვიძულია ადგილობრივ ბაზარზე მათი ხელმისაწვდომობა წავახალისოთ.

ეს პროცესი განხილული იქნება სამმხრივი დიალოგის ფარგლებში და ბიზნეს ასოციაციებთან თანამშრომლობით. ეს არ იქნება ცალმხრივად უკვე ჩამოყალიბებული საქმიანობები, რომელზეც მთავრობა მიიღებს გადაწყვეტილება. ნებისმიერი მომდევნო ნაბიჯი იქნება ბიზნეს ასოციაციების მხარდაჭერით მიღებული,”-აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია.