მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გადახედვა არ იგეგმება, პირიქით, დავხვეწთ" - გიორგი ცაგარეიშვილი უცხოელთა დასაქმების რეგულაციებზე

გიორგი ცაგარეიშვილი

საქართველოში უცხო ქვეყნის მოქალაქეთა დასაქმების რეგულაციების გადახედვა არ იგეგმება - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა BMG-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

"შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში შესული ცვლილებებით, 2026 წლის 1 მარტიდან ქვეყანაში უცხოელთა დასაქმებისა და თვითდასაქმების წესები გამკაცრდა. რეფორმის ფარგლებში შემოღებულია სავალდებულო შრომითი ნებართვები, სპეციალური კვოტები და ელექტრონული აღრიცხვის სისტემა.

მინისტრის მოადგილის თქმით, მიუხედავად აღსრულების სირთულეებისა, რეფორმა უკან არ დაიხევს და მიმართულება კიდევ უფრო დაიხვეწება.

"გადახედვა არ იგეგმება. პირიქით, ჩვენ გვინდა, რომ უფრო დავხვეწოთ და განვავითაროთ ეს სფერო. რამდენიმე თვის წინ ჩაეყარა საფუძველი ამ რეფორმას - ეს არ იყო მარტივი გასაკეთებელი და არც მარტივი აღსასრულებელია, თუმცა, გარკვეული სიძნელეების მიუხედავად, აქტიური ნაბიჯები გადაიდგა და მომავალშიც გადაიდგმება.

პირველი, რაც ხელისუფლებას აწუხებდა, ჩვენი მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებების დაცვაა. თავისუფალი შრომა საკუთარ ქვეყანაში ჩვენი ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპია. უცხოური სამუშაო ძალის არაპროპორციული და თვალშისაცემი შემოდინება პირდაპირ მოქმედებს საქართველოს მოქალაქეებზე, მათ დასაქმებასა და შრომის უფლებებზე. ამ მიმართულებით რეგულაციები აუცილებლად იყო შემოსაღები", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.

მინისტრის მოადგილემ გაიხსენა ევროკავშირის სტრუქტურებთან წარსულში გამართული დიალოგიც, სადაც, მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორები ხშირად უსვამდნენ ხაზს, რომ საქართველოს შრომის ბაზარი პრაქტიკულად "მოშიშვლებული" იყო, რასაც ქვეყნის შიგნით არაერთი საპროტესტო აქციაც მოჰყვა ადგილობრივი მოქალაქეების (მათ შორის კურიერების, გიდებისა და ტუროპერატორების) მხრიდან.

გიორგი ცაგარეიშვილის განმარტებით, ახალი რეგულაციების მთავარი შედეგი ისაა, რომ ქვეყანაში შრომითი მიგრაციის რეალური სტატისტიკა გაჩნდა, რასაც სამინისტრო საჯაროდაც გამოაქვეყნებს.

"არალეგალური დასაქმება ქვეყანაში უნდა ამოიძირკვოს და წერტილი დაესვას. მხოლოდ ლეგალური პროცესები გამართავს ურთიერთობას სამუშაოს მაძიებელსა და დამსაქმებელს შორის. საქართველოში ათიათასობით უცხოელი მუშაობს. ჩვენ უკვე გვაქვს რეესტრი, რომელიც ყოველდღიურად ასობით მოქალაქით ივსება.

წლის ბოლოს გვექნება სრული სტატისტიკა, რომელსაც გავასაჯაროებთ: ვინ შემოვიდა, საიდან შემოვიდა, რა პროფესიის არიან, როგორია მათი ხელფასები, გენდერული და ასაკობრივი ჭრილი.

ჩვენ გვჭირდება მაღალკვალიფიციური, განათლებული კადრები და ადამიანები, რომლებსაც ქართულ ეკონომიკაში, წარმოებასა და ბიზნესში ინვესტიციების ჩადება სურთ. ასეთ უცხოელებს უნდა ვეძებდეთ და მათთვის უნდა შევქმნათ ისეთი პირობები, რომ საქართველოში ლეგალურად დასაქმება უღირდეთ", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები