საქართველოში შავი ჭირის გავრცელების საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს და ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ნებისმიერი ეპიდემიოლოგიური რისკის სამართავად სრულ მზადყოფნაშია - ამის შესახებ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ცაგარეიშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისი თქმით, უწყება საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდება და მუდმივ კავშირზეა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან (WHO), ასევე ამერიკელ და ევროპელ პარტნიორებთან.
"ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკვირდებით პროცესებს. ბუნებრივია, ეს საქართველოს ხელისუფლებისა და ჯანდაცვის სამინისტროს ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და ვფიქრობ, რომ ამ ეტაპისთვის საფრთხე არ არსებობს. ინფორმაციის ძირითადი წყარო მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციაა. იცით, რომ საქართველო უკვე მრავალი წელია ამ ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრია და იქიდან ვიღებთ მონაცემებს. მათთან არის თავმოყრილი ყველანაირი ინფორმაცია, რაც ამ ფაქტთან დაკავშირებით არსებობს.
მოვლენები საქართველოს საზღვრებიდან საკმაოდ შორს განვითარდა. ბუნებრივია, ინფორმაციას ვიღებთ როგორც ამერიკელი, ისე ევროპელი პარტნიორებისგანაც. როგორც კი რაიმე განგაშის სიგნალი იქნება, რა თქმა უნდა, საქართველო სრულად აღჭურვილი და მომზადებული შეხვდება არა მხოლოდ ამ საფრთხეს, არამედ ნებისმიერ ეპიდემიოლოგიურ რისკს, რაც შეიძლება მსოფლიოში გავრცელდეს", - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, ამ დროისთვის მხოლოდ პირველადი მონაცემებია ხელმისაწვდომი და საერთაშორისო სტრუქტურებიდან დამატებითი საგანგაშო შეტყობინება არ შემოსულა.
როგორც მან აღნიშნა, კოვიდპანდემიის პერიოდში მიღებულმა გამოცდილებამ ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა მნიშვნელოვნად გააძლიერა,
"კოვიდიდან მოყოლებული ქვეყანამ ისეთი გამოცდილება შეიძინა - იმდენად რთული პერიოდი იყო ეს არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოს ჯანდაცვისთვის - რომ ამან ძალიან ბევრი რამ გვასწავლა. ეს იყო უნიკალური გამოცდილება. დღეს სრულად ვართ აღჭურვილი როგორც ცოდნით, ისე ტექნიკური საშუალებებით და ვფიქრობ, დღესდღეობით საქართველოსთვის ამ მიმართულებით არავითარი რისკი არ არსებობს.
საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მუდმივ მზადყოფნაშია ეპიდემიების წინააღმდეგ - არა მხოლოდ ამ, არამედ ნებისმიერი ეპიდემიის წინააღმდეგ საბრძოლველად. მოვლენებს ნუ გავასწრებთ, ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით პროცესებს და გვაქვს მუდმივი ინფორმაციის გაცვლა პარტნიორებთან", - აღნიშნა გიორგი ცაგარეიშვილმა.
2 ოქტომბერს რუსეთის ირკუტსკის ოლქის ქალაქ შელეხოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა ჭირის საწინააღმდეგო ინსტიტუტის თანამშრომელი. საერთაშორისო მედიაში გავრცელებული ცნობებით, ერთი კვირით ადრე მას სამუშაო ადგილზე გაუტყდა ჭირის გამომწვევი შემცველი სინჯარა.
























