მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უცხოური ინვესტიციები 15-წლიან მინიმუმზეა - რომელ სექტორებშია ყველაზე დიდი ვარდნა

6049ced801461
შოთა ტყეშელაშვილი
11.03.21 12:10
1120
წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს 616.9 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 52.9 პროცენტით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. ასეთი მცირე მოცულობის ინვესტიციები საქართველოს 2008-2009 წლებშიც კი არ ჰქონია, როდესაც ქვეყანაში ომის შემდგომი პერიოდი იყო. ოფიციალური მონაცემებით, 2020 წელს FDI 15-წლიან მინიმუმამდე შემცირდა. საქსტატის თანახმად, ინვესტიციების შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად სახელდება რამდენიმე საწარმოს გადასვლა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა. საქსტატის მიხედვით, მთლიან ინვესტიციებში $560 მილიონი დოლარი რეინვესტიციებს წარმოადგენდა, რაც მთლიანად FDI-ის 90% იყო.

ცალკეული სექტორების მიხედვით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ყველაზე მეტად ტურიზმის სექტორში შემცირდა, სადაც შემომავალი საინვესტიციო ნაკადის ნაცვლად $221 მილიონის გადინება დაფიქსირდა. 98%-ით შემცირდა FDI ენერგეტიკის სექტორში, სადაც მხოლოდ $6 მილიონი დოლარის საგარეო ინვესტიციები შემოვიდა. 

ეკონომიკის სექტორები, სადაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციები შემცირდა:

სასტუმროები და რესტორნები - მინუს $221 მილიონი, 2019 წელს კი სექტორში $120 მლნ ჩაიდო (კლება $341 მლნ)
ენერგეტიკა - $6 მილიონი, კლება წინა წელთან -98%
ტრანსპორტი - $13 მილიონი, კლება წინა წელთან -77%
დამამუშავებელი მრეწველობა - $68 მილიონი, კლება წინა წელთან -41%
კავშირგაბმულობა - $48 მილიონი, კლება წინა წელთან -33%
ჯანდაცვა და სოციალური დახმარება - $10 მილიონი, კლება წინა წელთან -25%

ინვესტიციების ზრდა იყო საფინანსო სექტორში, სადაც მატებამ 47% შეადგინა. ასევე სამთო მოპოვებით სექტორში, სადაც $101 მილიონი დოლარი ჩაიდო:

საფინანსო სექტორი - $400 მილიონი, ზრდა წინა წელთან 47%
სამთომოპოვებითი მრეწველობა - $101 მილიონი, ზრდა წინა წელთან 94%
უძრავი ქონება - $72 მილიონი, ზრდა წინა წელთან 729%
მშენებლობა - $62 მილიონი, ზრდა წინა წელთან 76%
სოფლის მეურნეობა, თევზჭერა - $9 მილიონი, ზრდა წინა წელთან 56%

საქსტატის თანახმად, ეკონომიკის სხვა დანარჩენ სექტორებში განხორციელებული ინვესტიციები $49 მილიონ დოლარს შეადგენდა, წლიურ ჭრილში კლება 84%-ია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები