მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინა ამერიკულ და ევროპულ ბანკებს მოუწოდებს, შეწყვიტონ რუსული კომპანიების მომსახურება

62d416222f414
ალა ისპირიანი
17.07.22 17:40
652
უკრაინის მთავრობამ ამერიკისა და ევროპის დიდი ბანკებისგან მოითხოვა, შეწყვიტონ თანამშრომლობა კომპანიებთან, რომლებიც რუსეთის ნავთობის ექსპორტთან არიან კავშირში. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა ოლეჰ უსტენკომ შესაბამისი წერილები ამერიკის ბანკებს: JPMorgan Chase-ს, Citigroup-ს, ბრიტანეთის HSBC-სა და საფრანგეთის ბანკ Credit Agricole-ს გაუგზავნა.

წერილებში ნათქვამი იყო, რომ იმ კომპანიებისთვის კრედიტების მიცემით, რომლებიც რუსეთის ნავთობის მიწოდებას ახორციელებენ, ამით ბანკები ომს ახანგრძლივებენ.

Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში უსტენკომ განაცხადა, რომ უკრაინის იუსტიციის სამინისტრო ომის დასრულების შემდეგ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას.

„ჩემი თვალსაზრისით, ისინი სამხედრო დანაშაულებს სჩადიან, ვინაიდან ამგვარად განსაკუთრებით ეხმარებიან პუტინის რეჟიმს და მხარს უჭერენ რეჟიმს,“ თქვა უსტენკომ. მან ასევე აღნიშნა, რომ რუსეთი ნავთობისა და გაზის გაყიდვით მიღებულ შემოსავალს ომის წარმოებისთვის იყენებს.

როგორც გამოცემა წერს, HSBC და Credit Agricole-ი „გაზპრომისა“ და „როსნეფტის“ აქციებს ფლობენ. Citigroup-ი კრედიტებს აძლევს „ლუკოილს“ და რუსეთის ნავთობით მოვაჭრე Vitol-ს. JPMorgan-ი ასევე აძლევს Vitol-ს საკრედიტო ხაზებს.