მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაშლის ექსპორტი 5-ჯერ შემცირდა - მთავარი ბაზარი კვლავ რუსეთია

ვაშლი

საქართველოდან ვაშლის ექსპორტი მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაახლოებით ხუთჯერ შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს, იანვარ-მარტში, საქართველოდან 675.9 ათასი აშშ დოლარის 961 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. მათგან ადგილობრივი ექსპორტი იყო 932 ტონა. 2023 წლის პირველ კვარტალში კი 3 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4751 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა. მათგან თითქმის სრული რაოდენობა - 4 695 ტონა ადგილობრივ ექსპორტზე მოდიოდა.

ქართული ვაშლის მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ რუსეთია. 2024 წლის პირველ სამ თვეში ამ ქვეყანაში 924 ტონა ვაშლი გავიდა, ანუ ექსპორტის თითქმის სრული მოცულობა. დარჩენილი მცირე რაოდენობით ექსპორტი კი წელს სომხეთში განხორციელდა. 2023 წელს, ანალოგიურ პერიოდში რუსეთში პირველ სამ თვეში 2,9 მლნ დოლარის 4614 ტონა ვაშლი გავიდა. დანარჩენი მცირე რაოდენობით კი ვაშლი სომხეთში, აზერბაიჯანში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ყაზახეთში გავიტანეთ.

რაც შეეხება იმპორტს, 2024 წლის პირველ სამ თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმპორტი გაზრდილია. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში, საქართველოში 2 361 ტონა ვაშლის იმპორტი განხორციელდა, 1,5 მლნ დოლარის ღირებულებით. მათგან ყველაზე დიდი მოცულობით - 779 ტონა - უკრაინიდან შემოვიტანეთ, თურქეთიდან - 676 ტონა, ირანიდან - 395 ტონა, სომხეთიდან - 302 ტონა. მცირე რაოდენობით ვაშლი წელს აზერბაიჯანიდან, ნიდერლანდებიდან, რუსეთიდან და პოლონეთიდანაც შემოვიდა.

2023 წელს კი პირველ კვარტალში 414 ათასი აშშ დოლარის დაახლოებით 1000 ტონა ვაშლი შემოვიტანეთ. საიმპორტო ქვეყნებს შორის გასულ წელს მცირედი სხვაობა იყო, ვინაიდან თურქეთი მოცულობით უსწრებდა უკრაინას. კერძოდ, გასული წლის იანვარ-მარტში, საქართველოში თურქეთიდან 721 ტონა ვაშლი შემოვიდა, უკრაინიდან კი 242 ტონა. მცირე რაოდენობით ვაშლი მოლდოვიდან და ნიდერლანდებიდანაც შემოვიტანეთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები