მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინაში საქართველოს ელჩის პირველი კომენტარი

64a5a07873623
BM.GE
05.07.23 20:49
1181
უკრაინაში საქართველოს ელჩი გიორგი ზაქარაშვილი უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ევჰენ პერებიინისთან შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს.

ელჩის თქმით, მას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან შეხვედრა ჰქონდა, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, უკრაინის 48 საათის განმავლობაში დატოვება სთხოვა, რაზეც მისი თქმით ქართული მხარე დაეთანხმა.

მისი თქმით, უკრაინულ მხარეს განემარტა, რომ ის მოთხოვნა, რომელიც დაფიქსირებულია მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, არ შეესაბამება სინამდვილეს.

„გუშინ დილით შეხვედრა მქონდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, რომელმაც შეხვედრის მსვლელობისას მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით უკრაინის პოზიცია მაუწყა და შესაბამისად, მთხოვა ქვეყნის დატოვება საქართველოში კონსულტაციების გამართვის მიზნით, შეხვედრიდან 48 საათის განმავლობაში, რაზეც ცხადია, დავეთანხმეთ, ვინაიდან, ეს იყო უკრაინის პრეზიდენტის მოთხოვნა და თხოვნა, თუმცა უკრაინის მხარეს განემარტა ამ საკითხთან დაკავშირებით ქართული მხარის პოზიცია და ხაზი გაესვა, რომ ის მოთხოვნა და შეშფოთება, რომელიც დაფიქსირებულია უკრაინის ხელისუფლების მიერ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რაც დადასტურებულია სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით და სხვა მრავალი ფაქტით, რომელიც გავრცელდა არა ერთხელ საქართველოს ხელისუფლების მხრიდან. აღინიშნა, რომ ცხადია, ეს მოვლენა ხელს უშლის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას და შესაბამისად, ქმნის გარკვეულ პრობლემებს, მათ შორის, კომუნიკაციისათვის.

ასევე, აღნიშნა და უკრაინის მხარემ ისედაც კარგად იცის, განსაკუთრებით, საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომ რუსეთის ინტერვენციის პირველივე დღიდან, საქართველო მაქსიმალურ ჰუმანიტარულ და პოლიტიკურ მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას, მათ შორის, ყველა საერთაშორისო მოედანზე - გაეროში, ეუთოში, ევროსაბჭოში, ანუ, ყველა მნიშვნელოვან საერთაშორისო ორგანოში, სადაც შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღება. აქ ყველგან საქართველო იდგა უკრაინის გვერდით, ისევე როგორც ჰუმანიტარულ ნაწილში. არა მხოლოდ ჰუმანიტარული ტვირთი გამოიგზავნა ინტერვენციის პირველივე დღეებიდან, ასევე გაკეთდა სხვა ჰუმანიტარული პროექტი, მათ შორის, 300-ზე მეტი ბავშვი ჩამოვიდა საქართველოში დასასვენებლად და ჩემ მიერ აღინიშნა, რომ მიუხედავად ბოლო მოვლენებისა, ეს პროექტები აუცილებლად გაგრძელდება, ვინაიდან როგორც საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საქართველო უკრაინელი ხალხის და მეგობარი ქვეყნის დახმარებას გააგრძელებს,“ - აღნიშნა ელჩმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ელჩს უკრაინაში სთხოვა, 48 საათში დაეტოვებინა უკრაინა და კონსულტაციები გამართა თბილისში, რომ მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნდეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები