მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უკრაინის სანქცირების ჯგუფი საქართველოში კონკრეტული პირების სანქცირების საკითხს განიხილავს

62c58c76b117a
ვიქტორია მღებრიშვილი
06.07.22 17:32
1283
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ შექმნილი, რუსეთის სანქცირების ჯგუფის კოორდინატორი მაიკ მაკფოლის განცხადებით, ჯგუფი საქართველოსა და ბელარუსში იმ კონკრეტული პირების დასანქცირების საკითხს განიხილავს, რომლებიც უკრაინაში რუსეთის ომს უჭერენ მხარს. ამის შესახებ მაიკლ მაკფოლიმ, რომელიც ასევე რუსეთში აშშ-ის ყოფილი ელჩი იყო, გადაცემა „რეზიუმესთან“ ინტერვიუს დროს თქვა. ინფორმაციას „ინტერპრესნიუსი“ ავრცელებს.

„ჩვენს ჯგუფს, ჯერჯერობით, არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას და განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან - ვფიქრობ, უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს“, - განაცხადა მაკფოლიმ.

ის კონკრეტულ პირებს არ ასახელებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოში დასანქცირდნენ და აღნიშნავს, რომ ამ საკითხზე სანქცირების ჯგუფმა შეთანხმებას უნდა მიაღწიოს.

„ჯგუფი, რომელსაც მე კოორდინაციას ვუწევ, საერთაშორისო, დამოუკიდებელი და უპარტიოა. ჩვენ გვყავს ამერიკელები, უკრაინელები, ევროპელები, რუსებიც კი, რომლებიც ამ ჯგუფში მონაწილეობენ, მაგრამ ჩვენ მჭიდრო კოორდინაციაში ვართ უკრაინის, ბრიტანეთის, ამერიკის მთავრობებთან, რათა შევიმუშაოთ ახალი იდეები, რა შეიძლება გაკეთდეს, ჩვენ ვეხმარებით მათ საკითხების გადაჭრაში, ჩვენ ვაძლევთ მათ რჩევას და არა პირიქით. რაც შეეხება სახელებს, პიროვნებებს, ჩვენ ვადგენთ დასასანქცირებელი პიროვნებების სიებს. სამუშაო დოკუმენტი #3 ადგენს კრიტერიუმებს, როგორ გავაფართოვოთ სანქცირებული პიროვნებების სია, რომელიც ათასებს აღწევს რუსეთის შიგნით. ჩვენს ჯგუფს ჯერჯერობით არ უმსჯელია ადამიანების დასანქცირებაზე სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ახლა სწორედ ამ საკითხზე ვიწყებთ მსჯელობას. კერძოდ, განვიხილავთ ადამიანებს საქართველოდან და ბელარუსიდან და მე ვფიქრობ, ეს უნდა გაკეთდეს. ჯერ ვერ ვისაუბრებ გვარებზე, რადგან ჩვენ ამის თაობაზე შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ უეჭველად იქნებიან ინდივიდები თქვენს ქვეყანაში და ბელარუსში, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის ომს და მათაც უნდა იწვნიონ ამის შედეგები“, - აცხადებს მაიკ მაკფოლი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები