აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ირანული ნავთობისა და ნავთობპროდუქტების შავ ბაზარზე რეალიზაციიდან მიღებული $61 მილიონის ღირებულების კრიპტოვალუტის ჩამორთმევის მოთხოვნით სამოქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა.
როგორც ირკვევა, ირანული მხარე არალეგალური შემოსავლების გათეთრებას კრიპტობირჟა Binance-ზე გახსნილი ანგარიშების მეშვეობით ახორციელებდა. საქმის მასალების თანახმად, სქემაში ჩართული იყო ორი ჩინური კომპანია Blessed Trust-ი და Hexa Whale-ი.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ამერიკელმა სამართალდამცველებმა ასევე გამოავლინეს კრიპტოპორტფელების ქსელი, რომელიც ირანს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარება. პროკურატურის განმარტებით, თეირანი შავ ბაზარზე ნავთობის რეალიზაციას არა მხოლოდ სამხედრო დაჯგუფებებისა და ტერორიზმის დაფინანსებისთვის იყენებს, არამედ ბირთვული პროგრამისა და ბალისტიკური რაკეტების განვითარებისთვისაც.
ცნობისთვის, ივნისში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის უმსხვილეს კრიპტობირჟა Nobitex-ს სანქციები დააკისრა. ვაშინგტონის შეფასებით, აღნიშნული პლატფორმა სანქციების გვერდის ავლაში, ტერორიზმის დაფინანსებასა და ირანის მთავრობასთან დაკავშირებულ ფინანსურ ოპერაციებში მთავარ როლს ასრულებდა.
აშშ-ის მთავრობის განცხადებით, საგამოძიებო სამსახური პლანეტაზე ნებისმიერ კრიპტობირჟას თუ კომპანიას მიაგნებს, რომელიც ირანს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარება, ამიტომ ირანთან თანამშრომლობის დაწყებამდე უმჯობესია ყველამ კეთილგონიერება გამოიჩინოს და აშშ-ის წინააღმდეგ ნაბიჯი არ გადადგას.
























