აშშ-ის მიერ დაწესებული მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვების ფონზე, ირანის ხელისუფლებამ სავალუტო რეგულაციები შეამსუბუქა, რამაც საერთაშორისო სავაჭრო ანგარიშსწორებაში კრიპტოაქტივების, კერძოდ ბიტკოინისა და USDT-ის გამოყენება ნებადართული გახდა.
ირანის ცენტრალურმა ბანკმა ექსპორტიორებს უფლება მისცა, უცხოური შემოსავლების ქვეყანაში დაბრუნებისას ოფიციალური საბანკო არხების ნაცვლად ადგილობრივი კრიპტობირჟები გამოიყენონ ან ტრანზაქციები პირდაპირ კრიპტოანგარიშებით გაატარონ, რაც ქვეყანას SWIFT-ის საბანკო სისტემის მიღმა ოპერირების შესაძლებლობას მისცემს.
მანამდე მოქმედი მკაცრი წესები ექსპორტიორებს ავალდებულებდა, უცხოური ვალუტა ოფიციალური კურსით გადაეცვალათ, რაც მათ მოგებას მნიშვნელოვნად ამცირებდა და კაპიტალის ქვეყნის გარეთ დარჩენას უწყობდა ხელს. ახალი მიდგომით ირანის მთავრობა ფიქრობს, რომ ბაზარი ისევე ადაპტირდება სანქციებთან, როგორც ეს რუსულმა კომპანიებმა მოახერხებს, რაც ქვეყნის ბიუჯეტის შევსების საშუალებას გააჩენს.
რაც შეეხება ვაშინგტონის პოზიციას, აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა განმარტა, რომ ირანული კრიპტობირჟები ფინანსურ ინსტიტუტებად კლასიფიცირდებიან და მათზე სტანდარტული სანქციები ვრცელდება. აშშ-ის ფინანსთა მინისტრის, სკოტ ბესენტის განცხადებით, ნებისმიერი კერძო პირი, კომპანია თუ ორგანიზაცია, რომელიც ირანთან საქმის კეთებას შეეცდება, აუცილებლად დაისჯება.
























