მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უმუშევრობა 10.9%-მდე შემცირდა - რატომ და ვის თვლის საქსტატი დასაქმებულად?

5e4d0fba573c9
შოთა ტყეშელაშვილი
19.02.20 14:38
1470
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2019 წლის მეოთხე კვარტალში საქართველოში უმუშევრობის მაჩვენებელი 10.9%-მდე შემცირდა, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით ნაკლები იყო. მეტიც, ეს საქართველოს ისტორიაში რეკორდულად დაბალი უმუშევრობის მაჩვენებელია. 

თუმცა, სინამდვილეში უმუშევრობის შემცირება არა დასაქმების ზრდამ, არამედ ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის წილის შემცირებამ გამოიწვია.

საქსტატის მიხედვით - "2019 წლის IV კვარტალში ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 61.7 პროცენტი შეადგინა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია როგორც მოსახლეობის აქტიურობის დონე, ასევე დასაქმების დონე, შესაბამისად 1.9 და 0.8 პროცენტული პუნქტით. ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით შემცირებულია 0.7 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.8 პროცენტული პუნქტით. აქტიურობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში შემცირდა 2.6 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.9 პროცენტული პუნქტით."

ამასთანავე, საქსტატის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული მათი რაოდენობა, ვინც დაქირავებით არის დასაქმებული (ანუ ხელფასს გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე იღებს). 

"2019 წლის IV კვარტალში დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობის 50.0 პროცენტს შეადგენდა, რაც 1.3 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით," - ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

თუ მათი რაოდენობა შემცირდა, ვინც ხელფასს კონტრაქტის საფუძველზე იღებს, მაშინ რატომ იკლო უმუშევრობამ?

საქსტატის მიხედვით, სოფლად უმუშევრობის დონე 5.5%, ქალაქად კი ამაზე სამჯერ მეტი - 16.3% იყო. ეს კი იმით არის გამოწვეული, რომ სოფლად მცხოვრებლები, რომლებიც სოფლის მეურნეობაში ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების (კვებითი გასამრჯელო და სხვა) მიზნით მუშაობდნენ, დასაქმებულებად ითვლებიან. 

დაქირავებულებსა და თვითდასაქმებულებს შორის თანაფარდობა საქსტატის მიხედვით ასეთია:



საქსტატის მეთოდოლოგიით დასაქმებულად ითვლება 15 წელზე უფროსი მოქალაქე, რომელიც საანგარიშო პერიოდში ასრულებდა განსაზღვრულ სამუშაოს ხელფასის ან სხვა სახის ანაზღაურების (ფულით ან ნატურით) მიღების მიზნით. აგრეთვე პირი, რომელსაც აქვს სამუშაო ადგილი, მაგრამ სხვადასხვა მიზეზის გამო დროებით არ მუშაობს. 

თვითდასაქმებულად კი ითვლება მესაკუთრე, რომელიც მოგების ან ოჯახის რჩენის მიზნით (ფულით ან ნატურით) მუშაობს. ასევე თვითადასაქმებულად ითვლება პირი, რომელიც ოჯახურ საწარმოში ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე (უსასყიდლოდ) მუშაობს. 

უმუშევრად ითვლება 15 წლის და უფროსი მოქალაქე, რომელსაც გამოკითხვის დრომდე შვიდი დღის მანძილზე ანაზღაურების ან სხვა სარგებლის მიღების მიზნით არ შეუსრულებია არცერთი საათის სამუშაო.

საქსტატის მეთოდოლოგია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის მოთხოვნებს შეესაბამება, თუმცა მომავალში სტატისტიკის ეროვნული სამსახური უმუშევრობის დათვლის უფრო ახალ მეთოდოლოგიაზე გადასვლას გეგმავს.