მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

უნდა გავიზიაროთ საერთაშორისო პრაქტიკა და 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას - ლომჯარია

61a058c93f003
თელარა გელანტია
26.11.21 11:34
783
სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას აზრით, საქართველომ საერთაშორისო პრაქტიკა უნდა გაიზიაროს და 60 წელს ზემოთ მოქალაქეებისთვის სავალდებულო ვაქცინაცია უნდა შემოიღოს. ამის შესახებ ის Facebook-ის პირად გვერდზე წერს.

ამასთან, სახალხო დამცველი „უვადო მწვანე“ პასპორტთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მინისტრის განცხადებასაც ეხმაურება და ამბობს, რომ „დიდი ალბათობით, ის სარკაზმი იყო, თუმცა ამისი დრო არ არის“.

„უფრო იმპერატიული რიტორიკაა საჭირო ხელისუფლებისგან და სავალდებულო ვაქცინაცია შემოსაღები იმ ასაკობრივი ჯგუფებისა და კატეგორიის პირებისთვის, რაც ცივილიზებულ სამყაროში უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა!

ჩემი covid-ინფიცირებული მშობლები 10 დღეა საავადმყოფოში წვანან. მათი კლინიკური მდგომარეობა ცუდი არ არის, მაგრამ სუბიექტურად ძალიან სუსტად და ცუდად გრძნობენ თავს. საბედნიეროდ, აცრილები იყვნენ, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, როგორ ვიქნებოდით ახლა.

ჩვენ უნდა გავიზიაროთ ის საერთაშორისო პრაქტიკა, რომელიც ამბობს, რომ 60 წლის ასაკის ზემოთ ყველა უნდა აიცრას, რომ covid-გადატანილის იმუნიტეტი 6 თვე მუშაობს... არ შეიძლება ასეთი ტანჯვისთვის გავწიროთ ჩვენი უფროსი თაობა, ექიმები, არ შეიძლება პოლიტიკური მიზანშეწონილობა წონიდეს მეცნიერულ არგუმენტებს, ეს გაუგონარი ბოროტებაა”, - წერს ნინო ლომჯარია.

ცნობისთვის: საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, covid-გადატანილებისთვის „მწვანე პასპორტი“ უვადოა, თუმცა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, რადგან ევროპაში, „მწვანე პასპორტის“ მოქმედების ვადა 6 თვეა.