მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Unicef: “საქართველოს სკოლების თითქმის 80% ადგილზე ბავშვთა კვებისთვის მზად არ არის"

617986dba48f8
თათია ჩაფიჩაძე
27.10.21 21:31
1093
გაეროს ბავშვთა ფონდის ინფორმაციით, სკოლებში კვების თემაზე მუშაობა ორი წლის წინ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით დაიწყო და მათ პირველ ეტაპზე არსებული ინფრასტრუქტურის მოკვლევის და მეორე მხრივ კვების რაციონის შედგენის მიმართულებით ეთხოვათ დახმარება. თუმცა Unicef-ის ჯანდაცვის პროგრამების ხელმძღვანელი თამარ უგულავა ამბობს, რომ არანაირი მენიუ და მით უფრო ფინანსური ნაწილი შედგენილი არ ყოფილა.

„მოთხოვნის საპასუხოდ ჩვენ 2019 წლის ბოლოს დავუკავშირდით Unicef-ის კონტრაქტირებულ ნუტრიციოლოგს ლონდონის უნივერსიტეტში, იმისათვის, რომ სასკოლო კვების მიმართულებით მსოფლიო პრაქტიკა შეგვესწავლა და მეორე მხრივ, დავიწყეთ ადგილზე სასკოლო ინფრასტრუქტურის კვლევა. ამ პროცესში აქტიური დამხმარე იყო ტრენინგისა და კონსულტაციების ცენტრი. ერთი რამ ცალსახად გამოიკვეთა, რომ საქართველოს სკოლები მზად არ არიან იმისთვის, რომ ადგილზე ხდებოდეს ბავშვთა კვების წარმოება, ასეთი არის თითქმის 80%-მდე, სადაც ვერაფრით ვერ მოხერხდება, იმიტომ რომ ელემენტარულად ამის სივრცე არ არსებობს. ამ სივრცის მოწყობა საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. აღარაფერს ვამბობ ამ სივრცისთვის საჭირო ჰიგიენურ-სანიტარულ ნაწილზე, იმიტომ რომ ეს ხარჯს კიდევ უფრო მეტად ზრდის", - აცხადებს უგულავა.

Unicef-ში ამბობენ, რომ პანდემიური წლის გამო ფაქტობრივად დახურულ კარს მიღმა მოხდა პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა, თუმცა რა მოდელი შეიძლება დაინერგოს, იქნება ეს ყველა მოსწავლეზე, მხოლოდ სოციალურად დაუცველებზე, იქნება მხოლოდ დაწყებითებში, საბაზისოში, თუ უფროსკლასელებშიც, იქნება საუზმე, ლანჩი თუ სახლში წასაღები მენიუ, ამ თემაზე განხილვა აღარ გაგრძელებულა. გარდა ამისა, ვიცით რომ 800 სკოლაში 50 ბავშვზე ნაკლები სწავლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი მოდელით მუშაობა პრაქტიკულად გამორიცხულია.

„ჩვენი ხედვა იყო რომ ინფორმაცია შეგვეჯერებინა და წარგვედგინა არა მხოლოდ ჯანდაცვისთვის და განათლებისთვის, არამედ მთავრობისთვის და ამით უნდა აღგვენიშნა პროცესის დაწყება, სამწუხაროდ ეს ემთხვევა პანდემიას და ამიტომ ამ პროცესმა გაგვაჩერა.

წინასწარ მოწოდებული ჩარჩო არ ყოფილა. ლაპარაკი დავიწყეთ რა არის რეალისტური ამ ეტაპზე და ამოცანა იყო რომ რეალისტური ვარიანტი მიგვეწოდებინა და ხედვა შეგვემუშავებინა დღეს თუ ამაზე ვჯერდებით სად შეიძლება მივიდეთ საბოლოოდ და რა იყო რეალური ამოცანა", - განმარტავს უგულავა.

რა შეიძლება დაუჯდეს ქვეყანას ერთი ბავშვის კვება? Unicef-ში მსოფლიო პრაქტიკაზე დაყრდნობით ამბობენ, რომ წლიურად სკოლაში ერთი ბავშვისთვის გაწეული კვების ღირებულება იწყება 20 დოლარიდან და მთავრდება 1500 დოლარით. ჯერჯერობით უცნობია რა ხარჯი შეიძლება აიღოს სახელმწიფომ თავის თავზე. რაც შეეხება ვადებს, გაეროს ბავშვთა ფონდში ამბობენ, რომ საუკეთესო პირობებში საპილოტე პროექტი შეიძლება გაეშვას 2022 წლის სექტემბრიდან, თუმცა ეს მთელ ქვეყანას ვერ მოიცავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები