31.აგვისტო .2022 00:15

უორენ ბაფეტი ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია BYD-ში ინვესტიციას ამცირებს

უორენ ბაფეტი ელექტრომობილების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანია BYD-ში ინვესტიციას ამცირებს
views 955
უკან

ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის, უორენ ბაფეტის საფინანსო ჰოლდინგი Berkshire Hathaway მსოფლიოს უმსხვილეს ელექტრომობილების მწარმოებელ კომპანია BYD-ში ინვესტიციას ამცირებს.

ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟის მონაცემებიდან ირკვევა, რომ Berkshire-მა ჩინური BYD-ის 1.33 მილიონი აქცია გაყიდა, ტრანზაქციის ღირებულება კი 47.1 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ვაჭრობის შედეგად, უორენ ბაფეტის კომპანიის წილი ელექტრომობილების მწარმოებელში 20.49%-დან 19.92%-მდე შემცირდა და არ არის გამორიცხული, რომ მსგავსი ტიპის ტრანზაქციები Berkshire-მა მომავალშიც განახორციელოს.

გაყიდული წილის მცირე მოცულობიდან გამომდინარე, ნაადრევია იმის თქმა, რომ Berkshire-ი BYD-ს ინვესტიციაზე უარის თქმას აპირებს, სავარაუდოდ, აღნიშნული მოვლენა საფინანსო ჰოლდინგის ტრეიდინგ დეპარტამენტის გადაწყვეტილებით იყო განპირობებული.

შეგახსენებთ, რომ წელს BYD-მ გაყიდული ელექტრომობილების რაოდენობით ამერიკულ გიგანტ Tesla-ს გადაუსწრო. წლის პირველ ნახევარში BYD-მ 638,157 ერთეული ელექტრომობილისა და დატენვადი ჰიბრიდის გაყიდვა შეძლო - აღნიშნული მაჩვენებელი 325%-ით აჭარბებს გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს. გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი უშუალოდ ელექტრომობილებზე მოდის.

იმავე პერიოდში ამერიკულმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა 564,743 ელექტრომობილის გაყიდვა შეძლო, რაც არსებითად ჩამოუვარდება წლის დასაწყისში პროგნოზირებულ მაჩვენებელს. Tesla-ს წარმომადგენლობის განმარტებით, საწარმოო პროცესის შეფერხება გლობალური მიწოდების ჯაჭვის პრობლემებითაა განპირობებული, რომლის აღმოფხვრაზეც კომპანია აქტიურად მუშაობს.

BYD ჰოლდინგი ჩინეთში 1995 წელს დაარსდა და მისი ქოლგის ქვეშ არაერთი ბრენდია თავმოყრილი, მათ შორის ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი კი სწორედ Tesla-ს კონკურენტი, BYD Automobile-ია, რომლის მთავარ მიზანსაც პრემიუმ-კლასის ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების წარმოება წარმოადგენს.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.