მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

BYD-ის მიერ ელექტრომობილების გაყიდვებიდან მიღებული მოგება 450%-ით გაიზარდა

64257bba85e36
გიორგი თოლორდავა
31.03.23 00:27
883
Build Your Dreams ანუ BYD ელექტრომობილების მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიაა, რომელმაც გასულ წელს გაყიდვებით თავად ინდუსტრიის პიონერს, Tesla-ს გადაუსწრო.

ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ BYD-მ 2.5 მილიარდი დოლარის წმინდა მოგების მიღება შეძლო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 450%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 

ერთწლიან პერიოდში ჩინურმა კომპანიამ 1 მილიონ 860 ათასი ერთეული ელექტრომობილის და plug-in ჰიბრიდის გაყიდვა შეძლო. შედარებისთვის, Tesla-ს გაყიდვების მაჩვენებელი 1 მილიონი 314 ათასს შეადგენდა. BYD ელექტრომობილებისა და ჰიბრიდების გლობალური ბაზრის 18.4%-ს აკონტროლებს, რაც მას ბაზრის უმსხვილეს მოთამაშედ აქცევს.

BYD Auto ჩინეთში 2003 წელს გამოჩნდა და ის წლების განმავლობაში ბიუჯეტური, შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილების წარმოებით იყო დაკავებული, 2008 წელს კი BYD-ში ინვესტირების გადაწყვეტილება მსოფლიოს წამყვანმა საინვესტიციო ჰოლდინგმა, Berkshire Hathaway-მ მიიღო. უორენ ბაფეტის განმარტებით, ჩინურ კომპანიაში ინვესტირების მთავარი მიზეზი მისი მარჯვენა ხელის და Berkshire-ის ვიცე-თავმჯდომარის, ჩარლი მანგერის დაჟინებული მოთხოვნა იყო, რომელიც ამტკიცებდა, რომ კომპანიას ზრდის უჩვეულოდ დიდი პოტენციალი ჰქონდა.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩარლი მაგერის პროგნოზი გამართლდა. $232-მილიონიანი ინვესტიცია 7 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა, BYD-ს საბაზრო კაპიტალიზაცია კი ამჟამად 102 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩინური ავტომწარმოებელი კომპანია უფრო ძვირადაა საფონდო ბირჟაზე შეფასებული, ვიდრე Mercedes, Volkswagen და BMW.

99 წლის ჩარლი მანგერის განცხადებით, BYD-ში ინვესტირება მისი კარიერის განმავლობაში მიღებული საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. ხოლო რაც შეეხება კონკურენტებს, მანგერი მიიჩნევს, რომ ჩინეთის ბაზარზე BYD უკონკურენტოა, საერთაშორისო ბაზარზე გამოჩენის შემდეგ კი ის მსოფლიოს უმსხვილეს ავტომწარმოებლად იქცევა.

ჩინურ ბრენდებთან კონკურენციის საკითხზე საუბრობს Tesla-ს გენერალური დირექტორი, ილონ მასკიც. მისი შეფასებით, Tesla-სათვის ყველაზე დიდი საფრთხე სწორედ ჩინეთიდან მოდის, BYD კი ამ ბაზრის ლიდერია.

BYD-ს მკვეთრი აღმასვლა რიგი ფაქტორებითაა განპირობებული, თუმცა მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ჩინური ელექტრომობილების ტექნიკური შესაძლებლობები, დიზაინი და ხელმისაწვდომობაა. BYD-ს პორტფელი თითქმის ყველა სეგმენტს ერგება, კომპანიას ჰყავს როგორც ბიუჯეტური, ასევე პრემიუმ კლასის ელექტრომობილები.

ჩინეთის მასშტაბით BYD-ზე განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნა სახელმწიფო პროგრამებს და საგადასახადო შეღავათებს უკავშირდება. ჩინეთში წარმოებული ელექტრომობილის ყიდვის შემთხვევაში, მოქალაქეები სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდიას იღებენ, შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ BYD-ს წარმატებაში დიდი როლი ჩინეთის კომუნისტურ მთავრობასაც აქვს, რომელიც გეგმავს, რომ მომდევნო ათწლეულში გლობალური ელექტრომობილების ბაზარზე ქვეყანა უმსხვილეს მოთამაშედ აქციოს.

თუ უორენ ბაფეტსა და ჩარლი მანგერს დავუჯერებთ, BYD-ს წარმატება კომპანიის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელზე, ვენგ ჩუანფუზე დგას, რომელიც ბატარეების წარმოების ექსპერტია, ელექტრომობილების ინდუსტრიის განვითარებაში კი კრიტიკული როლი სწორედ ბატარეებს აქვთ, რომლის ყველაზე იაფად და მარტივად წარმოებას ამჟამად სწორედ BYD ახერხებს.

11.9%-იანი წილით Berkshire-ი BYD-ს უმსხვილეს აქციონერად რჩება, ბაფეტი და მანგერი კი მიიჩნევენ, რომ ჩინური კომპანიის რეალური აღმასვლა სწორად ახლა იწყება.


საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები