მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ ამცირებს უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway წილს ჩინურ BYD-ში?

უორენ ბაფეტი / BYD

უორენ ბაფეტის ფინანსური ჰოლდინგი, Berkshire Hathway-ი, რომელიც წლების განმავლობაში მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, BYD-ის წამყვან აქციონერად ითვლებოდა, ჩინურ კომპანიაში საკუთარ პოზიციას 2022 წლის აგვისტოს შემდეგ ამცირებს. თუ 2008 წელს Berkshire Hathaway-ის საკუთრებაში ჩინურ კომპანიის 10%-იანი წილი ჰქონდა, დღეს ამერიკული კომპანია BYD-ის 5.99%-იან პოზიციას ფლობს. BYD-ის აქციების გაყიდვა Berkshire-მა ჯერ კიდევ 2022 წლის აგვისტოში დაიწყო, ხოლო უკანასკნელი ტრანზაქცია ჰონგ-კონგის საფონდო ბირჟაზე 19 ივნისს შედგა.

უორენ ბაფეტმა და ჩარლი მანგერმა ჩინური ავტომწარმოებელი კომპანიის აქციები პირველად 2008 წელს შეიძინეს, როცა კომპანიის 10%-იანი წილის სანაცვლოდ $230 მილიონი გადაიხადეს. აქციების გაყიდვა ჰოლდინგმა თოთხმეტი წლის შემდეგ დაიწყო - იმ დროს, ჩინური კომპანიის აქცია 20-ჯერ იყო გაძვირებული, ანუ ჩარლი მანგერის ჩანაფიქრმა გაამართლა და BYD-ში პოზიციის გახსნით Berkshire Hathaway-ის აქციონერებმა დიდი ფინანსური სარგებელი მიიღეს. კომპანიის აქციების გაყიდვის დაწყების პერიოდი, სხვათა შორის, BYD-ის რეკორდულ საბაზრო კაპიტალიზაციას ემთხვევა, რომლის შემდეგ კომპანიის აქციები დაახლოებით 30%-ითაა გაუფასურებული.

მაშ, რატომ ამცირებს უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway წილს ჩინურ BYD-ში? ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რამდენიმენაირად შეიძლება, მაგრამ პირველ რიგში ფინანსური ჰოლდინგის საინვესტიციო ფილოსოფია უნდა ვახსენოთ. საქმე ისაა, რომ შინაარსობრივად, Berkshire Hathaway ამერიკული კომპანიაა - ის აშშ-ში არის რეგისტრირებული, ხოლო მისი აქციები ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი ისაა, რომ Berkshire Hathway-ის საინვესტიციო პორტფელის უდიდესი ნაწილი, სწორედ ამერიკულ კომპანიებზე მოდის და, როგორც უორენ ბაფეტმა Berkshire-ის ინვესტორებთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე განაცხადა, ეს არასდროს შეიცვლება.

“ჩვენი ძირითადი ინვესტიციები ყოველთვის ამერიკის შეერთებულ შტატებში იქნება კონცენტრირებული. American Express-ი გლობალური კომპანიაა, ხოლო Coca-Cola-სავით გლობალურად სავარაუდოდ, არც ერთი კომპანია არ ოპერირებს. Coca-Cola მსოფლიოს 170-მდე ქვეყნის საყვარელი გამაგრილებელი სასმელია. ამ კომპანიების მიმართ მიმღებლობის მაჩვენებელი უბრალოდ უალტერნატივოა. ჩინურ BYD-ში და რამდენიმე იაპონურ კომპანიაში ინვესტირება, რაც რამდენიმე წლის წინ გადავწყვიტეთ, ძალიან მიმზიდველი იყო და ეს მაქსიმალურად აღვასრულეთ. თუმცა სამომავლოდ, ამერიკის შეერთებული შტატების გარეთ ბევრ ინვესტიციას არ განვახორციელებთ, რადგან ამერიკის ეკონომიკაში ძალიან კარგად ვერკვევით. ამავეს ვერ ვიტყვით სხვა ქვეყნებსა და კულტურებზე და სიმართლე ითქვას, ეს არც გვჭირდება, რადგან მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყანაში არ ვცხოვრობთ.

ამერიკელები, რომლებიც დედამიწის მოსახლეობის ნახევარ პროცენტს წარმოადგენენ, მსოფლიოს სიმდიდრის ოც პროცენტს ფლობენ და ეს ყველაფერი მოკლე დროში დააგროვეს. ამგვარად, ამერიკის შეერთებულ შტატებზე ორიენტირებულ კომპანიად ვრჩებით და თუ დიდ შესყიდვას განვახორციელებთ, ის, სავარაუდოდ, სწორედ აშშ-ში იქნება. მთელი ამ წლების განმავლობაში, ჩარლიმ მხოლოდ ორჯერ მითხრა, რომ კომპანიის აქციები აუცილებლად უნდა გვეყიდა. ერთ-ერთი მათგანი BYD იყო, მეორე კი - Costco. ჩარლის პროგნოზი ორივე შემთხვევაში გამართლდა”, - განაცხადა უორენ ბაფეტმა Berkshire Hathaway-ის აქციონერებთან გამართულ ბოლო შეხვედრაზე.

ამგვარად, Berkshire Hathaway-ის მიერ ჩინურ BYD-ში პოზიციის შემცირება, გარკვეულწილად, სწორედ ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე კონცენტრაციას უკავშირდება, მაგრამ არც ის ფაქტი უნდა დავივიწყოთ, რომ ავტომწარმოებელ კომპანიაში ინვესტირებით უორენ ბაფეტის კომპანიამ დიდი არარეალიზებული მოგება დააფიქსირა, ხოლო ამ მოგების ნაღდ ფულად, ანუ ე.წ. “ქეშად” გადასაქცევად, სწორედ აქციების გაყიდვა არის საჭირო. თან, ნაღდი ფული ის პოზიციაა, რომელსაც Berkshire Hathaway დიდი ხანია ზრდის, რათა საჭირო დროს რამდენიმე დიდი ინვესტიცია განახორციელოს. ამ დროისთვის, Berkshire Hathaway დაახლოებით $200 მილიარდი დოლარის ნაღდ ფულს ფლობს, რაც ძალიან ბევრი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტს აღემატება.

თუმცა უორენ ბაფეტის ჰოლდინგის მიერ BYD-ში წილის შემცირებას კიდევ ერთი მიზეზი აქვს და ის უშუალოდ ჩინეთს და ჩინურ საავტომობილო ინდუსტრიას უკავშირდება. საქმე ისაა, რომ ბოლო პერიოდში, ჩინეთის ქვეყნის რისკი გაიზარდა, რაც უკავშირდება, როგორც გეოპოლიტიკურ არენაზე განვითარებულ მოვლენებს, მათ შორის ტაივანთან დაკავშირებით, ასევე მოსალოდნელ სანქციებს. თუმცა გლობალური საკითხების გარდა, მნიშვნელოვანია ის პოლიტიკა, რომლის გატარება ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ბოლო დროს ჩინური ელექტრომობილების წინააღმდეგ, ტარიფების გაზრდით დაიწყეს.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ, როგორც ცნობილია, ჩინურ ელექტრომობილებზე ტარიფები 25%-დან ერთბაშად 100%-მდე გაზარდა, ანუ გააოთხმაგა, ხოლო მსგავსი გადაწყვეტილების მიღებას ევროკავშირიც გეგმავს. გამომდინარე იქიდან, რომ ორივე ეს ბაზარი ჩინური BYD-ისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ამგვარი პოლიტიკური გადაწყვეტილებები, რომელთაც, ამ ეტაპზე, ბოლო არ უჩანს, Berkshire Hathway-ის საინვესტიციო სტრატეგიას ცვლის და უორენ ბაფეტს კომპანიიდან გასვლისკენ უბიძგებს.

არადა, ჩინური კომპანია ელექტრომობილების ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ავტომწარმოებელია მსოფლიოში, რომელმაც მოახერხა და გასული წლის ბოლოს ილონ მასკის Tesla-საც გადაასწრო. თუმცა საქმე ისაა, რომ ელექტრომობილების ინდუსტრია არ განვითარდა ისე, როგორც ეს პროგნოზირებული იყო. საქმე ისაა, რომ ელექტრობატარეების წარმოება ჯერაც ძვირია, ხოლო მათი გადამუშავება - ფაქტობრივად შეუძლებელი და წარმოუდგენლად ეკონომიკურად არამიმზიდველია. თან, ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ მომავლის ტექნოლოგია ჰიბრიდია და არა ელექტრო, რასაც ფაქტობრივად ყველა ავტომწარმოებელი კომპანია ყოველდღიურად ამტკიცებს. ასეთი კომპანიების თანრიგს მიეკუთვნება ჩინური BYD-იც, რომელიც ჩინეთის ბაზარზე ჰიბრიდული ავტომობილების ნომერ პირველი მიმწოდებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები