ოფიციალურ სტატისტიკით, გასული წელი, ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის კუთხით რეკორდული იყო. 2023 წელს, საქართველოში ჩინეთიდან $22.2 მილიონის ღირებულების 1,767 ავტომობილი შემოვიდა, როცა ერთი წლით ადრე, ქართველებმა $13.7 მილიონის ღირებულების 1,439 ჩინური ავტომობილი შეიძინეს. გამოდის, რომ ერთ წელიწადში, იმპორტმა 62%-ით იმატა.
საქართველოში ჩინური ავტომობილების იმპორტი ზრდის დინამიკით ხასიათდებოდა, მაგრამ ბოლო წლებში, ეს მაჩვენებელი მკვეთრად დაჩქარდა. 2021 წელს მაგალითად, საქართველოში ჩინეთიდან $2.6 მილიონის ღირებულების 1,214 ავტომობილი შემოვიდა, როცა ხუთი წლით ადრე, ანუ 2016 წელს, იმპორტმა $1.8 მილიონი შეადგინა, ხოლო ქვეყანაში საერთოდაც 132 ავტომობილი შემოვიდა. მიმდინარე წელს კი, როგორც ჩანს, ახალი რეკორდი დაფიქსირდება, რადგან 2024 წლის 1-ელი კვარტალის მდგომარეობით, ჩვენს ქვეყანაში $7.8 მილიონის ღირებულების 547 ჩინური ავტომობილი შემოვიდა.
რა განაპირობებს საქართველოში ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტის ზრდას? ამ კითხვას “საქმიან დილაში” საქართველოში BYD-ის წარმომადგენელი კომპანიის, Solar Auto-ს დამფუძნებელმა ისაუბრა. ტატო მიროტაძის შეფასებით, აღნიშნული ტენდენცია მთელ მსოფლიოში ფიქსირდება, რომელსაც ჩინური ელექტრომობილების მაღალი ხარისხი და შედარებით ბიუჯეტური ფასი განაპირობებს.
“ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი მზარდია არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში, არამედ რეგიონში და ევროპაში, რაც ცხადია, დამოკიდებულია მოთხოვნაზე, რომელიც ფიზიკურ პირებსა და კომპანიებს შედარებით ბიუჯეტური, მაგრამ მაღალი ხარისხის ავტომობილების მიმართ გაუჩნდათ. თავად ეს გადაწყვეტილება საკმაოდ პრაქტიკულია და ის ავტომობილის ექსპლუატაციის დროს დანახარჯების შემცირებისკენ არის მიმართული. ამ ტენდენციის გამონაკლისს არც საქართველო წარმოადგენს, სადაც ელექტრომობილებზე მოთხოვნა იზრდება.
Solar Auto-ში BYD-ის ყველა კატეგორიის ავტომობილები არის წარმოდგენილი, რომელთა ფასი $14,900-დან იწყება. მოთხოვნა ყველა სეგმენტის ავტომობილზე ფიქსირდება, ხოლო უპირატესობა ისაა, რომ ახალი მანქანის ფასი სხვა შიდა წვის ძრავის ავტომობილებთან შედარებით საკმაოდ კონკურენტულია. BYD-ის ავტომობილების ხარისხი ძალიან მაღალია, მაგრამ მზარდ მოთხოვნას ისიც განაპირობებს, რომ ჩინეთიდან იმპორტი დაახლოებით ორ-სამ თვეში ხორციელდება, ანუ ავტომობილის ყიდვა უფრო მოკლე დროში არის შესაძლებელი”, - განაცხადა ტატო მიროტაძემ “საქმიან დილაში”.
როგორც Solar Auto-ში ამბობენ, ჩინური ელექტრომობილების კუთხით მოთხოვნა საქართველოში ფიქსირდება, როგორც საცალო მომხმარებლებისგან, ანუ ფიზიკური პირებისგან, ასევე კორპორაციული კლიენტებისგან, ანუ კომპანიებისგან, რომელთაც ავტოპარკის განახლება სურთ.
“დადებითი ტენდენციაა, რომ ელექტრომობილების მიმართულებით ინტერესი ფიქსირდება, როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე კომპანიებისგან, რომლებიც აქცენტს შედარებით ბიუჯეტურ, მაგრამ ახალ ავტომობილებზე აკეთებენ, რადგან შიდა წვის ძრავის მქონე ავტომობილებისგან შემდგარი ავტოპარკის განახლება სურთ. ამ მიმართულებით ელექტრომობილები და კონკრეტულად BYD-ის ელექტრომობილები - უკონკურენტოა. ავტომობილთან ერთად, კომპანიებს სწრაფი დამტენის მონტაჟის სერვისსაც ვთავაზობთ. ელექტრომობილების მიმართულებით ტენდენცია დადებითია და ველოდებით, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება”, - აღნიშნა Solar Auto-ს დამფუძნებელმა “საქმიან დილაში”.
გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრომობილის დამუხტვას, ყველაზე კარგ ვარიანტში, რამდენიმე ათეული წუთი სჭირდება, ელექტრომობილის ყოლა, თავისი არსით, რადიკალურად განსხვავებული გამოცდილებაა, რომელსაც მომხმარებლის ცხოვრების წესის შეცვლა შეუძლია. ამასთან, მნიშვნელოვანია საქართველოში ბევრი სწრაფი და ჩვეულებრივი ელექტროდამტენი დამონტაჟდეს, რათა ელექტრომობილით გადაადგილება მარტივი გახდეს. ამ დროისთვის, საქართველოში 400-მდე ელექტროდამტენი არის დამონტაჟებული და როგორც Solar Auto-ში ამბობენ, წლის ბოლომდე, კომპანია დამატებით ათ ელექტროდამტენს მოაწყობს.
“ელექტრომობილების კუთხით, ბოლო პერიოდში, საქართველოში დადებითი ტენდენცია ფიქსირდება და ველოდებით, რომ მოთხოვნა კიდევ უფრო გაიზრდება. ელექტროდამტენების კუთხით, საქართველოში რამდენიმე კომპანია ოპერირებს და პროცესში თავად მუნიციპალიტეტიც არის ჩართული. წლის განმავლობაში, საქართველოს მასშტაბით სწრაფი დამტენების მოწყობას ვგეგმავთ, რათა მომხმარებელს შორ დისტანციაზე გადაადგილება გავუმარტივოთ.
BYD-ის ავტომობილები დიდი გასავლელი მანძილით გამოირჩევიან, მაგრამ მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის სწრაფი დამტენების ინფრასტრუქტურის განვითარება არის აუცილებელი. წლის განმავლობაში, საქალაქთაშორისო გზებზე ათი ელექტროდამტენის დამონტაჟებას და ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი შეღავათების შეთავაზებას ვგეგმავთ”, - განაცხადა ტატო მიროტაძემ “საქმიან დილაში”.
ჩინური BYD, როგორც ცნობილია, ავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ჩინური კომპანია მე-5 ადგილს იკავებს. BYD სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო კომპანიის სამოდელო ხაზი $10,000-იანი ჰეჩბეკით, BYD Seagull-ით იწყება და $233,000-იანი სუპერქარით, BYD U9-თი მთავრდება. ჩინური კომპანიის აქციონერებს შორის უორენ ბაფეტის საერთაშორისო კონსორციუმს, Berkshire Hathaway-ის ვხვდებით.