მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტოსიახლეები

bababa

კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"

Tesla-მ ხელმისაწვდომი ელექტრომობილის წარმოება შეაჩერა - Reuters

მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებულმა ავტომწარმოებელმა, Tesla-მ, დიდი ხნის წინ დაანონსებული იაფი ელექტრომობილების წარმოება შეაჩერა - ინფორმაციას Reuters-ს სამი სხვადასხვა წყარო უდასტურებს.

ინვესტორთა პროგნოზი, რომ ხელმისაწვდომი ელექტრომობილები Tesla-ს ფართო მოხმარების ავტომწარმოებლად აქცევდა, აღარ შესრულდება. წყაროს ინფორმაციით, ამის ნაცვლად, კომპანია “რობოტი ტაქსების” დახვეწაში ჩადებს რესურსს.

აღნიშნული გადაწყვეტილება კომპანიის დამფუძნებლის, ილონ მასკის, იმ გეგმიდან გადახვევაა, რომელიც მილიარდერმა ბიზნესმენმა რამდენიმე წლის წინ გააჟღერა.

მას შემდეგ ილონ მასკი მომხმარებლებსა და ინვესტორებს არაერთხელ დაჰპირდა, რომ ხელმისაწვდომი მოდელების წარმოებას კვლავ აპირებდა. მიმდინარე წლის იანვარში კი წარმოების დაწყების თარიღად 2025 წლის მეორე ნახევარი გამოაცხადა.

ამჟამად, Tesla-ს ყველაზე დაბალ ფასიანი მოდელი Model 3-ია და ამერიკის შეერთებულ შტატებში, მინიმუმ, $39 000-დაა შეფასებული, ხელმისაწვდომი ელექტრომობილის ფასები კი, სხვადასხვა წყაროს ინფორმაციით, $25 000-დან უნდა დაწყებულიყო.

თავად ილონ მასკი Reuters-ით გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს. X პლატფორმაზე ბიზნესმენმა ბრიტანულ გამოცემას “ტვიტიც” მიუძღვნა: “Reuters-ი იტყუება(ისევ)”.

წელს, ჩინური BYD პირველ ელექტროპიკაპს წარადგენს

ელექტრომობილების ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელი, ჩინური BYD მიმდინარე წელს კომპანიის ისტორიაში პირველ ელექტროპიკაპს წარადგენს, რითაც ჩინურ კომპანიასა და მის ამერიკულ კონკურენტებს შორის არსებული კონკურენცია კიდევ უფრო გამწვავდება.

ჩინურ კომპანიაში ამბობენ, რომ ელექტროპიკაპი, რომლის შესახებ, ამ ეტაპზე, დიდად არაფერია ცნობილი, გარდა მისი ზოგადი შესახედაობისა, გლობალური ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი. კონკრეტულად რა ეღირება ეს ავტომობილი, ამ ეტაპზე, უცნობია.

თუმცა ფასის მიუხედავად, დადასტურებულად შეგვიძლია ვთქვათ ერთი რამ - ჩინური BYD ამერიკულ ბაზარზე შესასვლელად და მის ასათვისებლად ემზადება. BYD-ის ელექტროპიკაპი, მართალია, გლობალურ ბაზარზე გაიყიდება, მაგრამ პიკაპების უდიდესი ბაზარი, ცხადია, ამერიკაა, სადაც ამერიკული გიგანტები - Ford-ი და Tesla დომინირებენ. ამრიგად, ჩინური კომპანიის მიერ შექმნილი ახალი ავტომობილი ისეთი მოდელების კონკურენტად შეგვიძლია ჩავთვალოთ, როგორიცაა Ford Ranger-ი, Ford F-150 Lightning-ი, Toyota Hilux-ი და Tesla Cybertruck-ი.

ჩინური BYD, როგორც ცნობილია, ავტომობილების მწარმოებელი ერთ-ერთი უდიდესი კომპანიაა მსოფლიოში, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $80 მილიარდს აღემატება. ამ მაჩვენებლით, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების რეიტინგში ჩინური კომპანია მე-5 ადგილს იკავებს. BYD სხვადასხვა ტიპის ავტომობილებს აწარმოებს, ხოლო კომპანიის სამოდელო ხაზი $10,000-იანი ჰეჩბეკით, BYD Seagull-ით იწყება და $233,000-იანი სუპერქარით, BYD U9-თ მთავრდება. ჩინური კომპანიის აქციონერებს შორის უორენ ბაფეტის საერთაშორისო კონსორციუმს, Berkshire Hathaway-ის ვხვდებით.

ელექტრომობილის წარდგენის ფონზე, Xiaomi-ის საბაზრო კაპიტალიზაცია მკვეთრად გაიზარდა

ბოლო წლებში, ელექტრომობილების წარმოების მიმართულებით ბევრი სიახლე გავრცელდა, მაგრამ საინტერესო ისაა, რომ ამ ტიპის ავტომობილების წარმოების მიმართულებით განსაკუთრებით აქტიურობენ არა ტრადიციული ავტომწარმოებელი ბრენდები, არამედ ის საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც, ისტორიულად, სხვადასხვა ტიპის მოწყობილობებს აწარმოებენ. ამ ტიპის კომპანიებში გამორჩეულია ჩინური Xiaomi, რომელიც, ამ დრომდე, მცირე და საშუალო ზომის საყოფაცხოვრებო ტექნიკის და მობილური ტელეფონების წარმოებით იყო ცნობილი. პირველი ელექტრომობილი, სპორტული სედანი Speed Ultra 7 ჩინურმა კომპანიამ 2023 წლის ბოლოს წარადგინა და როგორც იმ დროს გახდა ცნობილი, Xiaomi-მ მიზნად დაისახა, რომ მომდევნო დეკადის განმავლობაში ავტომობილების მწარმოებელი კომპანიების წამყვან ხუთეულში შესულიყო.

მიაღწევს თუ არა კომპანია ამ მიზანს - ამას დრო გვიჩვენებს, თუმცა ის, რაც ამ დროისთვის ვიცით ისაა, რომ გამოხმაურება, რომელიც Xiaomi-ის პირველმა ელექტრომობილმა მიიღო, საკმაოდ დადებითია. როგორც საავტომობილო მიმომხილველები წერენ, ჩინური კომპანიის პირველი ავტომობილი საკმაოდ დახვეწილი და გამართულია, მაგრამ მიაღწევს თუ არა ეს პროექტი კომერციულ წარმატებას, დიდწილად, Xiaomi-ის მიერ არჩეულ საფასო პოლიტიკაზე იქნება დამოკიდებული. ჩინური კომპანიის პირველი სპორტული სედანი, ამ ეტაპზე, ჩინეთში გაიყიდება, სადაც მისი ფასი $30,000-დან $42,000-მდე შუალედში განისაზღვრა, რაც რამდენიმე ათასით უფრო იაფია, ვიდრე Xiaomi-ის ავტომობილის პირდაპირი კონკურენტი Tesla Model 3.

Xiaomi-ის მიერ ელექტრომობილების ბაზარზე შესვლას, როგორც ჩანს, დადებით ნაბიჯად აფასებენ ინვესტორები, რადგან ავტომობილის წარდგენის დღეს, კომპანიის აქციების ფასმა თითქმის 15%-ით იმატა. მართალია, მას შემდეგ მცირე კორექცია დაფიქსირდა, მაგრამ ახლა, Xiaomi-ის აქციები მაინც 4%-ით უფრო ძვირად ივაჭრება, ვიდრე ავტომობილის ოფიციალურ წარდგენამდე. საინტერესოა ისიც, რომ ავტომობილის წარდგენიდან 27 წუთში, Xiaomi-მ 50,000 ერთეული ელექტრომობილი გაყიდა.

სრულად ელექტრო Volvo EX30 პრესტიჟული ჯილდოს World Car Awards 2024-ის გამარჯვებული

ნიუ-იორკის საერთაშორისო „AUTO SHOW“-ზე Volvo EX30-ს 2024 წლის ქალაქის პირობებში გადასაადგილებელი საუკეთესო ავტომობილის ტიტული მიანიჭეს. ამავდროულად, ყველაზე კომპაქტური SUV-ი 38 ნომინანტიდან მსოფლიოს სამ საუკეთესო ავტომობილს შორის დაასახელეს.

Volvo EX30 World Car Awards-ის ჯილდოზე პირველად გასულ ზაფხულს წარადგინეს. ავტომობილმა საყოველთაო აღიარება მაშინვე მოიპოვა. EX30 უკვე რამდენიმე პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია. მათ შორისაა წლის საუკეთესო ავტომანქანის წოდება „The Sun Car“-ის ვერსიით, წლის საუკეთესო კომპაქტური უგზოობის ავტომანქანა/ქროსოვერი „Sunday Times“-ის ვერსიით და წლის საუკეთესო ეკომეომარი ჟურნალ „Top Gear“-ის ვერსიით.

EX30 კარგი შენაძენია Volvo-ს სამოდელო ხაზისთვის, რომელიც სხვადასხვა სეგმენტში რამდენიმე მიმზიდველ Plug-in ჰიბრიდულ და ზომიერ ჰიბრიდულ მოდელს მოიცავს. აღნიშნული ავტომანქანების წარმოება მნიშვნელოვანი ეტაპია Volvo Cars-ის ამბიციური მიზნისკენ მიმავალ გზაზე - გაყიდოს მხოლოდ ელექტრომობილები 2030 წლისთვის.

აღსანიშნავია, რომ EX30 ქართველი მომხმარებლებისთვის ზაფხულიდან, კონკრეტულად კი ივნისიდან იქნება ხელმისაწვდომი, როგორც "ვოლვო ქარ საქართველოში" აცხადებენ წინასწარი სეკვეთები ელექტრომობილზე უკვე მიღებული აქვთ.

Apple Car-ის პროექტის გაუქმებას კომპანიის 600-ზე მეტი თანამშრომელი შეეწირა

ამერიკული Apple-ი, როგორც ცნობილია, მრავალი წლის განმავლობაში, თვითმართვადი ელექტრომობილის შექმნას ცდილობდა, რისთვისაც თითქმის ათი წელიწადი და ათი მილიარდი დოლარი დაიხარჯა. წელს ცნობილი გახდა, რომ კორპორაციამ პროექტი გააუქმა. როგორც Apple-ის ყველაზე სანდო ინსაიდერი, Bloomberg-ის მარკ გარმენი წერს, ამ პროექტს შეეწირა არამხოლოდ დრო და ფული, არამედ ასობით თანამშრომელიც.

როგორც კომპანიის მიერ კალიფორნიის დასაქმების განვითარების დეპარტამენტში წარდგენილი დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, ამ პროექტის გაუქმების შემდეგ კომპანიამ 600-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლა.

გათავისუფლებული თანამშრომლების უდიდესი ნაწილი Apple-ის გასაიდუმლოებულ ოფისში მუშაობდა, პროექტზე, რომლითაც კორპორაციას ჭკვიანი საათისთვის ახალი დისპლეის შექმნა სურდა, მაგრამ დანარჩენი თანამშრომლები კომპანიის საკუთრებაში არსებულ იმ ოფისებში მუშაობდნენ, სადაც Apple-ი ავტომობილის პროექტს ამუშავებდა.

თავად ავტომობილის პროექტი, როგორც იცით, მაღალი დანახარჯების, ტექნოლოგიური მოუმზადებლობის და ელექტრომობილების ბაზარზე არსებული პრობლემების გამო გაუქმდა, ხოლო ჭკვიანი დისპლეის პროექტზე Apple-მა უარი გაუმართავი საინჟინრო პროცესების, მიწოდების კუთხით არსებული შეფერხებებისა და მაღალი დანახარჯების გამო გააუქმა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები