მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Porsche Macan- ის მსოფლიო პრემიერა,VOLVO EX30-ის მედია ტური ბარსელონაში, “Redwood”- Tesla-ს იაფი ელექტრომობილი - გასული კვირის ავტოსიახლეები

macannn

კვირის მთავარი ავტო სიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"


სრულად ელექტრო Porsche Macan- ის მსოფლიო პრემიერა - "პორშეს" პირველი ელექტრო SUV

„პორშემ“ პირველი თაობის გამოშვებიდან 10 წლის შემდეგ ახალი, მეორე თაობის „მაკანი“ წარმოადგინა, რომელიც სრულად ელექტრომობილია. ახალი მაკანი“ 639 ცხენის ძალამდე სიმძლავრით გზებსა და უგზოობაზე განსაკუთრებული ელექტროპერფორმანსით გამოირჩევა. ის ყოველდღიური მოხმარებისთვის საუკეთესო არჩევანია - სპორტქარისთვის დამახასიათებელი მართვადობა, სწრაფი დამუხტვა 270 კილოვატამდე და ერთი დამუხტვით 613 კილომეტრის გავლის რესურსი WLTP-ის მიხედვით.
„პორშემ“ ახალ „მაკანში“ წინა და უკანა ღერძებზე განთავსებულ, უახლესი თაობის PSM ელექტროძრავებზე გააკეთა აქცენტი. Launch Control-თან ერთად, ახალი Macan 4-ის სიმძლავრე 408 ცხენის ძალამდე ადის, ხოლო Macan Turbo-ს სიმძლავრე - 639 ცხენის ძალას აღწევს. მაქსიმალური მაბრუნი მომენტი პირველი ვერსიის შემთხვევაში 650 ნიუტონმეტრია, მეორეს კი 1130 ნმ აქვს. ეს ყველაფერი საუკეთესო სპორტული შესაძლებლობების გარანტიაა. Macan 4 ადგილიდან 100 კმ/სთ-მდე 5,1 წამში ჩქარდება, Macan Turbo-ს კი ასეთი აჩქარებისთვის მხოლოდ და მხოლოდ 3,3 წამი სჭირდება. მაქსიმალური სისწრაფე პირველის შემთხვევაში 220 და, შესაბამისად, 260 კმ/სთ-ია. „გვაქვს ამბიცია, რომ ახალი, სრულიად ელექტრო „მაკანის“ სახით ამ სეგმენტში ყველაზე სპორტული მოდელი წარმოვადგინეთ“, - ამბობს „მაკანის“ წარმოების ხელმძღვანელი, იორგ კერნერი.

კომპაქტური ავტომობილი არასტანდარტული შესაძლებლობებით - VOLVO EX30-ის მედია ტური ბარსელონაში

ჭკვიანი, მძლავრი, ტექნოლოგიური და ყველაზე სწრაფი ვოლვო კომპანიის ისტორიაში - შვედურმა ბრენდმა თავისი სრულად ელექტრული ავტომობილის პრეზენტაცია ესპანეთში, კონკრეტულად კი ბარსელონაში გამართა.
VOLVO EX30 კომპანიის ტოპ-მენეჯმენტმა ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასულ ათეულობით მედიის წარმომადგენელს გააცნო. სიახლე, რომელზეც ავტომწარმოებელი დიდ იმედს ამყარებს, უახლოეს მომავალში საქართველოს ბაზარზეც გამოჩნდება. „ვოლვო ქარ საქართველოს“ ახალ შოუ-რუმში VOLVO EX30 ქართველი მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი ივნისიდან იქნება.
ბარსელონაში შეკრებილ ჟურნალისტებს რამდენიმე კომპლექტაციის ავტომობილის მართვის საშუალება ჰქონდათ. Twin Motor Performance - სიმძლავრე 315kW/428hp, ერთი სრული დამუხტვით თქვენ 450 კილომეტრის დაფარვას შეძლებთ. EX30 პერფორმანსი 0-დან 100 კმ-მდე აჩქარებას 3.6 წამს ანდომებს. EX30 ასევე წარმოდგენილია ერთამძრავიანი ვერსიით. წამყვანი თვლები უკანა (RWD). სიმძლავრე 200kW/272hp. მანძილის დიაპაზონი 344 კმ. 0-დან 100 კმ-მდე აჩქარება 5.4 წმ.
კიდევ ერთი კომპლექტაცია, Single Motor Extended Range, ყველაზე მეტ მანძილის დიაპაზონს გვთავაზობს. ერთი სრული დამუხტვით აღნიშნული კომპლექტაციის EX30 472 კილომეტრის გავლას ახერხებს. რაც შეეხება დამუხტვის სიჩქარეს, სწრაფ დამტენზე 10-დან 80% დატენას 26 წუთი სჭირდება.

Tesla იაფი ელექტრომობილების წარმოებას 2025 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს - Reuters

Reuters-ის ინფორმაციით, ელექტრომობილების მწარმოებელმა Tesla-მ მომწოდებლებს განუცხადა, რომ 2025 წლის მეორე ნახევრიდან კომპანია მასობრივ წარმოებაში ელექტრომობილის ახალ მოდელს ჩაუშვებს, რომლის კოდური სახელიცაა “Redwood”. უცხოურ მედიას ინფორმაციას 4 სხვადასხვა წყარო უდასტურებს.
თავად Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი, უკვე დიდი ხანია, ინვესტორებისთვის ხელმისაწვდომ ელექტრომობილებს აანონსებს, რომლებიც მომდევნო თაობის, თუმცა შედარებით იაფ პლატფორმაზე იქნება აშენებული. მსგავსი მოდელები, რომელთა საწყისი ღირებულებაც $25 000-დან დაიწყება. მასკმა იაფი ელექტრომობილების შექმნის პირობა ჯერ კიდევ 2020 წელს დადო, თუმცა შემდეგ გადაიფიქრა. ამჟამად, კომპანიის ყველაზე ხელმისაწვდომი მოდელი Model 3-ია, რომლის ღირებულებაც $38 990-დან იწყება.
ანონიმური წყაროს ინფორმაციით, Tesla “Redwood”-ის წარმოებას 2025 წლის ივნისიდან დაიწყებს.

Apple-ის ელექტრომობილის გამოშვება მინიმუმ 2028 წლამდე გადაიდო

პლანეტის უმსხვილესი კომპანიის, ამერიკული Apple-ის მიერ პირველი ელექტრომობილის გამოშვების გეგმა მინიმუმ 2028 წლამდე გადაიდო.
Bloomberg-ის ინფორმაციით, Apple Car-ის პროექტზე მუშაობა კომპანიამ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, თუმცა ათი წლის შემდეგაც კი, ელექტრომობილი მზად არ არის და უახლეს მომავალში მის გამოშვებასთან დაკავშირებით მოლოდინიც კი არ არსებობს.
პროექტის ასეთი გაჭიანურება ელექტრომობილის წარმოების კომპლექსურობით და იმ ფაქტით არის განპირობებული, რომ Apple-ს ისტორიაში პირველი თვითმართვადი ავტომობილის შექმნა სურდა, რომელსაც მძღოლი არასოდეს დასჭირდებოდა, თუმცა, როგორც ჩანს, ბოლო ათი წლის განმავლობაში ავტოპილოტის ტექნოლოგია იმ ტემპით ვერ განვითარდა, რისი მოლოდინიც Apple-ში თავდაპირველად ჰქონდათ.
სავარაუდოდ, Apple Car-ის დებიუტი იქამდე არ შედგება, სანამ ავტოპილოტის ფუნქციონალი 100%-ით მზად არ იქნება, რადგან Apple-ს ნახევრად მზა პროდუქტების გაყიდვა არ სჩვევია.

აშშ-ის მთავრობა ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურისთვის $325 მილიონს გამოყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების სატრანსპორტო დეპარტამენტი ქვეყნის მასშტაბით ელექტრომობილების დამტენი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ბიუჯეტიდან დამატებით 325 მილიონ დოლარს გამოყოფს.
თანხის უდიდესი ნაწილი არსებული ინფრასტრუქტურის შეკეთებას და მწყობრიდან გამოსული სადგურების ჩანაცვლებას მოხმარდება. მეორე ნახევარი კი ახალი სადგურების მოწყობაზე უნდა დაიხარჯოს, რათა ქვეყნის მასშტაბით დამტენების რაოდენობა გაიზარდოს.
ზოგადად, ელექტრომობილების პოპულარიზაციის ფონზე, მთავარ გამოწვევად ისევ დამტენების დეფიციტი და მათი გაუმართაობა რჩება, რომლის აღმოფხვრას განვითარებული სახელმწიფოები აქტიურად ცდილობენ და ამ მიმართულებით მილიონობით დოლარს ხარჯავენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები