მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კვირის მთავარი ავტო სიახლეები

PORSCHE

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

ევროპაში ელექტრომობილების გაყიდვებმა შიდა წვის ძრავიან მოდელებს გადაასწრო

ევროპის საავტომობილო ბაზარზე ელექტრომობილების გაყიდვებმა ბენზინისა და დიზელის მოდელების ჯამურ მაჩვენებელს ისტორიაში პირველად გადაასწრო. აგვისტოში დარეგისტრირებული ელექტრომობილების რაოდენობა 52.2%-ით, 243,207 ერთეულამდე გაიზარდა (29.2%-იანი წილი), ხოლო შიდა წვის ძრავიანი ავტომობილების რეალიზაცია 23.4%-ით შემცირდა.

მოთხოვნის მკვეთრი ზრდა სახელმწიფო სუბსიდიებმა, ახალმა რეგულაციებმა და ჩინური მწარმოებლების, მათ შორის BYD-ის, აგრესიულმა საფასო ექსპანსიამ განაპირობა. წლის 8 თვის მონაცემებით, ბაზარზე 3.33 მილიონი გაყიდული ერთეულით ჰიბრიდული ავტომობილები ლიდერობენ.

Mercedes-Benz-ის გაყიდვები 8%-ით შემცირდა

გერმანული Mercedes-Benz-ის მესამე კვარტალის გაყიდვები წლიურად 8%-ით შემცირდა. ივლისი-სექტემბრის პერიოდში წარმოებულმა ავტომობილების რაოდენობამ 407,200 ერთეული შეადგინა. კომპანიის განცხადებით, ეს კლება ჩინეთის ბაზარზე არსებულმა რთულმა ვითარებამ და მოთხოვნის შემცირებამ განაპირობა. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში მიწოდება 31%-ით, 86,800 ერთეულამდე დაეცა.

ამასთან, გაყიდვების 21%-იანი კლება უმაღლესი კლასის სეგმენტში დაფიქსირდა, რაც Mercedes-ის მთავარი ბიზნესმიმართულებაა. ამ კატეგორიაში რეალიზებული ავტომობილების რაოდენობამ ჯამურად 53,900 შეადგინა. ამასთან, ჯგუფის მასშტაბით ელექტრომობილების რეალიზაციამ 52%-ით მოიმატა და 78,100 ერთეული შეადგინა, ზრდის ყველაზე ძლიერი დინამიკა ევროპულ ბაზარზე ფიქსირდება.

ჩინეთმა ავტომობილების ექსპორტზე ახალი რეგულაციები დააწესა

ჩინეთის ხელისუფლებამ ავტო ექსპორტზე ორეტაპიანი შეზღუდვები დააწესა. 2026 წლის ბოლოდან ქარხნის ნებართვის გარეშე ახალი ავტომობილის ექსპორტი იკრძალება, თუ ის ქვეყანაში 180 დღეზე ნაკლები ხნით იყო რეგისტრირებული. 2027 წლიდან კი მწარმოებლებს საზღვარგარეთ სერვისული ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა დაევალებათ. ახალი წესები ძირითადად Xiaomi-სა და BYD-ის მოდელებს შეეხება. სექტორის წარმომადგენელთა შეფასებით, ბიუროკრატიული პროცედურების გართულება ლოგისტიკისა და შენახვის ხარჯებს გაზრდის, რაც საბოლოო საცალო ფასებზე აისახება.

Jaguar-მა სრულად ელექტრო ფლაგმანი Type 01 წარადგინა

Jaguar-მა ნიუ-იორკში ახალი სრულად ელექტრო ფლაგმანი, ოთხკარიანი გრანდ ტურერი Type 01 წარადგინა. მოდელი ბრენდის ახალ პლატფორმაზეა აგებული და 1,030 ცხენის ძალის სიმძლავრით 100 კმ/სთ-ს 3.2 წამში ავითარებს, ხოლო სვლის მარაგი WLTP ციკლით 720 კილომეტრს აღწევს. ავტომობილის აეროდინამიკური კოეფიციენტი 0.23-ია, რისთვისაც კომპანიამ 360-ზე მეტი პატენტი დაარეგისტრირა. ელექტრომობილის სერიული წარმოება და შეკვეთების მიღება 2027 წლიდან დაიწყება.

Porsche ბიზნესმოდელს ცვლის და ექსკლუზიურობაზე ფოკუსირდება

გერმანული Porsche ბიზნესმოდელს ცვლის და სრულად ფუფუნების სეგმენტზე ფოკუსირდება, რათა საოპერაციო მარჟა 2030 წლისთვის 15%-მდე გაზარდოს. ახალი CEO-ს, მაიკლ ლეიტერსის სტრატეგია 911-ის მოდელების 20%-ით გაძვირებას, პერსონალის 25%-ით შემცირებას და Ferrari-ს მსგავსად მიწოდების შეზღუდვას ითვალისწინებს. ფინანსური მაჩვენებლების აღდგენას 2028 წლიდან შიდა წვის ძრავიანი Macan-ი, ახალი SUV და ულტრა-ექსკლუზიური ჰიპერქარი დაეხმარება. ამასთან, კომპანია ელექტრო 911-ის წარმოებას არ გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები