მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Volkswagen-ი Euro Stoxx 50-იდან ამოვარდა: 15-წლიანი ეპოქის დასასრული ევროპულ ბირჟაზე

VW

გერმანული ავტო გიგანტი Volkswagen-ი ევროზონის 50 უმსხვილესი კომპანიის ინდექსიდან, Euro Stoxx 50, 15-წლიანი ყოფნის შემდეგ ამორიცხეს.

ინდექსში გერმანული კონცერნის ადგილი ფინურმა ტექნოლოგიურმა გიგანტმა, Nokia-მ დაიკავა. აღნიშნული ცვლილება Volkswagen-ის აქციების ფასის დრამატულ ვარდნასა და კომპანიაში არსებულ სიღრმისეულ სტრუქტურულ კრიზისს უკავშირდება.

Euro Stoxx 50-ის მეთოდოლოგიის თანახმად, ინდექსის შემადგენლობა თავისუფალ მიმოქცევაში არსებული აქციების საბაზრო კაპიტალიზაციით განისაზღვრება. 2021 წლის პიკური მაჩვენებლის შემდეგ Volkswagen-ის აქციების ღირებულება 75%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 38 მილიარდ ევრომდე დაეცა. შედეგად, კომპანიამ ევროზონის უმსხვილესი საწარმოების რეიტინგში პოზიციები დაკარგა.

კაპიტალიზაციის შემცირების მთავარი დრაივერი ჩინეთის ბაზარზე პოზიციების დასუსტებაა. რეგიონში, რომელიც ისტორიულად Volkswagen-ის შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენდა. ადგილობრივ, შედარებით დაბალფასიან და ტექნოლოგიურად მოქნილ ელექტრომობილების მწარმოებლებთან მზარდმა კონკურენციამ გერმანული ბრენდი შეავიწროვა. ამას დაემატა ევროპასა და აშშ-ში ელექტრომობილებზე მოთხოვნის საერთო შენელება და სავაჭრო საექსპორტო ტარიფების რისკები.

გერმანიაში არსებულმა მაღალმა საწარმოო და ენერგორესურსების ხარჯებმა კომპანიის მოგების მარჟა მნიშვნელოვნად შეამცირა. მენეჯმენტმა გამოაცხადა მასშტაბური რესტრუქტურიზაციის გეგმა, რაც 100 000-მდე სამუშაო ადგილის შემცირებასა და ქვეყნის შიგნით ქარხნების შესაძლო დახურვას ითვალისწინებს. პროფკავშირებთან მოლაპარაკებები და მოსალოდნელი კომპენსაციები მოკლევადიან პერიოდში საოპერაციო ხარჯებს კიდევ უფრო ზრდის.

ამასთან, კომპანიამ გამოსცა მოგების პროგნოზის შემცირების გაფრთხილება, რაც Porsche-ში არსებული წილის 6 მილიარდი ევროთი გაუფასურებასა და კაპიტალური დანახარჯების ზრდას უკავშირდება.

ინდექსიდან გამოსვლის ფინანსური შედეგები

Euro Stoxx 50-იდან Volkswagen-ის ამორიცხვა ავტომატურ რეჟიმში ავალდებულებს პასიურ საინვესტიციო ფონდებსა და ETF-ებს, გაყიდონ კომპანიის აქციები, რაც ფასიან ქაღალდებზე დამატებით უარყოფით წნეხს ქმნის. აღნიშნული ცვლილების შემდეგ, ინდექსში ევროპული ავტოინდუსტრიის სექტორიდან მხოლოდ Ferrari, BMW და Mercedes-Benz რჩებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები