მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Aston Martin-ის პირველი საგზაო მოტოციკლი — AMB 002 Roadster; Porsche-მ Bugatti Rimac-ის წილები გაყიდა — 30-წლიანი ეპოქის დასასრული; კვირის მთავარი ავტო სიახლეები

ASTON MARTIN

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა"

აშშ-ის მთავრობა Ford-ს ჩინურ კომპანიებთან კავშირის გაწყვეტისკენ მოუწოდებს

აშშ-ის ტრანსპორტის მინისტრმა შონ დაფიმ Ford-ის ხელმძღვანელობას ჩინურ პარტნიორებთან — განსაკუთრებით ბატარეების მწარმოებელ CATL-თან — თანამშრომლობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. უკმაყოფილება მიჩიგანის ქარხანაში პენტაგონის შავ სიაში მყოფი CATL-ის ტექნოლოგიების გამოყენებამ გამოიწვია. Ford-ში ბრალდებები უარყვეს და აღნიშნეს, რომ საწარმოს სრულად ფლობენ, ამერიკულ წარმოებას ავითარებენ და ადგილობრივებს ასაქმებენ. ვაშინგტონში ჩინეთის საელჩომ კი ბიზნესის პოლიტიზება გააკრიტიკა და ტრამპის ადმინისტრაციას სამართლიანი კონკურენციის დაცვისკენ მოუწოდა.

BYD-ი 2027 წლისთვის საექსპორტო გაყიდვების 2.5 მილიონამდე გაზრდას გეგმავს

ჩინურმა ელექტრომობილების მწარმოებელმა BYD-მა 2027 წლისთვის საზღვარგარეთ გაყიდვების მიზნობრივი მაჩვენებელი 2.5 მილიონ ერთეულამდე გაზარდა, ხოლო 2026 წლის საექსპორტო პროგნოზი 1.9-2 მილიონამდე ასწია. Deutsche Bank-ისა და Citi-ს ცნობით, კომპანია საერთაშორისო გაყიდვების ზრდას საკუთარი სატვირთო ფლოტის გაფართოებითა და უნგრეთში ახალი ქარხნის გაშვებით გეგმავს. ადგილობრივი წარმოება BYD-ს საშუალებას მისცემს, თავიდან აიცილოს ევროკავშირისა (27%) და ბრაზილიის (34%) საიმპორტო ტარიფები, რაც თითოეულ ავტომობილზე 40,000 იუანზე ($5,961) მეტ დანაზოგს უზრუნველყოფს.

Porsche-მ Bugatti Rimac-ის წილები გაყიდა — 30-წლიანი ეპოქის დასასრული

Volkswagen Group-ის შვილობილმა Porsche-მ, Bugatti Rimac-სა და Rimac Group-ში თავისი წილები HOF Capital-ის კონსორციუმს მიჰყიდა. ამ გარიგებით ოფიციალურად დასრულდა Volkswagen Group-ის თითქმის 30-წლიანი პირდაპირი ჩართულობა Bugatti-ს ისტორიაში. 1 მილიარდი ევროს ღირებულების შეთანხმებიდან 250 მილიონი ევრო საპენსიო ვალდებულებებს მოხმარდება, ხოლო Bugatti Rimac-ის უმსხვილეს აქციონერად Rimac Group-ი რჩება. Porsche-ს მიერ აქტივების გასხვისების მთავარი მიზანი საკუთარი პორტფელის გამარტივება და ძირითადი მოდელების — Macan-ის, Boxster-ისა და Cayman-ის ელექტრიფიკაციის და განვითარებაზე კონცენტრირებაა.


Volkswagen-ი Ducati-ს სავარაუდო გასხვისებას განიხილავს

Volkswagen Group-ი კორპორაციული რესტრუქტურიზაციის ფარგლებში Ducati-ს გასხვისების შესაძლებლობას განიხილავს. Bloomberg-ის ცნობით, იტალიური ბრენდის შეფასება 1.25 მილიარდ ევროს შეადგენს და მიზნად ისახავს კონგლომერატის ფოკუსირებას ძირითად, საავტომობილო ბიზნესზე. Audi-ს აღმასრულებელმა დირექტორმა, გერნოტ დოლნერმა დაადასტურა, რომ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის. პოტენციური გაყიდვა ბრენდისთვის რთულ პერიოდს ემთხვევა — გასულ წელს Ducati-ს საოპერაციო მოგება 42.8%-ით (52 მილიონ ევრომდე), ხოლო გაყიდვები 7%-ით შემცირდა.

Aston Martin-ის პირველი საგზაო მოტოციკლი — AMB 002 Roadster

Aston Martin-მა, ბრიტანულ Brough Superior-თან პარტნიორობით, კომპანიის ისტორიაში პირველი, საჯარო გზებისთვის ლეგალური მოტოციკლი AMB 002 Roadster წარადგინა. 190-კილოგრამიანი მოდელი აღჭურვილია 1083 კუბ.სმ მოცულობის, 130-ცხენისძალიანი V-twin ძრავითა და 6-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფით. ტიტანის სტრუქტურული ჩარჩო და კარბონის ძარა წონის იდეალურ, 50:50 თანაფარდობას უზრუნველყოფს. დიზაინში ბრენდის სუპერქარების ელემენტებია ინტეგრირებული. ექსკლუზიური სერია 300 ეგზემპლარად შეიზღუდება, ხოლო მოდელის მიწოდება 2027 წლის მესამე კვარტალში იგეგმება.

Jaguar Land Rover-ი 4 000 თანამშრომელს ათავისუფლებს

Jaguar Land Rover-მა (JLR), რომელსაც ინდური Tata Motors-ი ფლობს, გლობალური პერსონალის 10%-ის (დაახლოებით 4 000 თანამშრომელი) შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. ბრიტანული ბრენდი მომდევნო ორ წელიწადში $2.3 მილიარდის დაზოგვასა და წარმოების შეკვეცას გეგმავს. რადიკალური რესტრუქტურიზაცია ჩინური კომპანიების მხრიდან მზარდმა კონკურენციამ, კიბერთავდასხმამ და ტრამპის ადმინისტრაციის მიერ დაწესებულმა ტარიფებმა განაპირობა. სექტორში არსებული კრიზისის გამო, მასშტაბურ შემცირებებს VW-იც გეგმავს, რთული ვითარებაა BMW-ში, Mercedes-Benz-სა და Stellantis-შიც.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები