მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

BMW, BYD, Geely, და SAIC-ი ერთიანდებიან, ვინ არიან TESLA-ს უმსხვილესი აქციონერები? - გასული კვირის მთავარი ავტო სიახლეები

TARIFF MTAVARI

კვირის მთავარ ავტო სიახლეებს წარმოგიდგენთ "თეგეტა ჰოლდინგი"

ვინ არიან TESLA-ს უმსხვილესი აქციონერები? - რეიტინგი

ყველასთვის ცნობილია, რომ მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკი, ბოლო დროს, გახდა არამხოლოდ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მარჯვენა ხელი, არამედ ახლად შექმნილი “სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის” ერთპიროვნული ხელმძღვანელი, რისთვისაც თეთრი სახლის ტერიტორიაზე საკუთარი ოფისიც კი მიიღო.
ამერიკული Bloomberg-ის დათვლებით, ილონ მასკი $438 მილიარდის ქონებას ფლობს, რომლის უდიდესი ნაწილი მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიის, TESLA-ს აქციებზე მოდის. TESLA, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია $1.3 ტრილიონს აღემატება, მსოფლიოს რიგით მე-8 უდიდესი კომპანიაა, ხოლო ილონ მასკი — ამ კომპანიის უდიდესი აქციონერია, რომელიც 12.8%-იან წილს ფლობს. დღევანდელი მონაცემებით, TESLA-ს ერთი აქცია დაახლოებით $412-ად ივაჭრება, ანუ ილონ მასკი, რომელიც კომპანიის დაახლოებით 411 მილიონ აქციას ფლობს, $169.4 მილიარდად შეფასებული წილის მფლობელია.
ილონ მასკთან ერთად, მსოფლიოს უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანიების უმსხვილეს ინვესტორებს შორის მსოფლიოს უდიდეს საინვესტიციო ფონდებს და გლობალურ ბანკებს ვხვდებით, რაც გასაგებია, რადგან ამ ტენდენციას ფაქტობრივად ყველა საჯარო კორპორაცია იმეორებს, მათ შორის ტექნოლოგიური გიგანტები. ილონ მასკის შემდეგ, TESLA-ს აქციონერებს შორის მოხვდნენ: Vanguard-ი, BlackRock-ი, State Street-ი, Geode Capital Management-ი, Capital World Investors-ი, Morgan Stanley, JPMorgan Chase-ი, ნორვეგიის ცენტრალური ბანკი და Price Associates-ი. დარჩენილ 62.85%-იან წილს სხვა ადამიანები და კომპანიები ფლობენ, რომელთა შორის ინდივიდუალური ინვესტორებიც არიან.
TESLA-ს უდიდესი ინდივიდუალური აქციონერების ჩამონათვალი, შემდეგნაირად გამოიყურება:
ილონ მასკი — 12.8%
The Vanguard Group — 7.46%
BlackRock — 6.07%
State Street Corporation — 3.48%
Geode Capital Management — 1.85%
Capital World Investors — 1.33%
Morgan Stanley — 1.25%
JPMorgan Chase & Co — 0.99%
ნორვეგიის ცენტრალური ბანკი — 0.96%
Price Associates — 0.93%


BMW, BYD, Geely, და SAIC-ი ევროკავშირის ტარიფების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდებიან

BMW, BYD, Geely, და SAIC-ი ევროკავშირის ტარიფების წინააღმდეგ ბრძოლაში ერთიანდებიან. კომპანიებმა ტარიფების ამოქმდებამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში საჩივარი შეიტანეს. რაც შეეხება ტარიფებს, მისი დაწესების მთავარი მიზეზი ევროკომისიის მტკიცებაა, რომლის მიხედვითაც, ჩინური მწარმოებლები დახმარებას მათი ქვეყნის ხელისუფლებისგან იღებენ. ეს დახმარება კი ევროპული ავტომობილების ბაზარზე არათანაბარ კონკურენტულ პირობებს ქმნიდა. მათივე მტკიცებით, დახმარება არის მრავალი სახის, დაბალპროცენტიანი სესხებიდან დაწყებული, ბატარეების სუბსიდირებით დასრულებული. მათ მიერ მიღებული დახმარების ზომა კი, განსხვავებულია, ხოლო პროცესი ნაკლებად გამჭვირვალე. განსხვავებულია ის ტარიფებიც. რომლებიც ამ მიზეზით ჩინურ ავტომწარმოებლებს დაუწესდებათ. მაგ. BYD-ის შემთხვევაში ეს შედარებით დაბალი, 17%-იანი განაკვეთით განისაზღვრება, თუმცა მაგალითად SAIC-ზე 35%-იანი ტარიფი განისაზღვრა.
რა შუაშია ამ ყველაფერთან BMW-ი? მიუხედავად იმისა, რომ ჩინურ კონკურენტებზე მაღალი ტარიფები შესაძლოა გერმანული ავტო მწარმოებლისთვის გაყიდვების ზრდის გარანტიად იქცეს, ისინი Mini-ისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს. საქმე ისაა, რომ ახალი ელექტრო Cooper-ი და Aceman SUV-ი ჩინეთში იწარმოება. BMW-ის გარდა ტარიფების წინააღმდეგ სხვა ბრენდებიც გამოდიან. მათ შორის VW Group-ის Cupra და მათ შორის Mercedes-ი, რომლებიც ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტს არ ახორციელებს, თუმცა წარსულში, ტარიფებს აპროტესტებდა.


ახალ ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა გერმანულ ავტომწარმოებელს, Volkswagen-ს 1,5 მილიარდი ევრო დაუჯდება

ახალ ევროპულ სტანდარტებზე გადაწყობა გერმანულ ავტომწარმოებელს, Volkswagen-ს 1,5 მილიარდი ევრო დაუჯდება. მიმდინარე წელს ევროკავშირი ემისიების უფრო მკაცრ მოთხოვნებს და სტანდარტებს აწესებს, რასაც Volkswagen ჯერჯერობით ვერ აკმაყოფილებს. ამ დასკვნამდე მივიდა Volkswagen-ის ინვესტორებთან ურთიერთობის ხელმძღვანელი როლფ ვოლერი. საქმე იმაშია, რომ ევროკავშირის ახალი რეგულაციების თანახმად, კომპანიების მიერ გაყიდული ავტომობილების დაახლოებით 22 პროცენტი ელექტრო უნდა იყოს. ევროპის ავტომობილების მწარმოებელთა ასოციაციის (ACEA) მონაცემებით კი 2024 წელს გაყიდულ ავტომობილებში აღნიშნული წილი მხოლოდ 13 % იყო.
ევროკავშირი აპირებს ჯარიმები დააწესოს ინდუსტრიისთვის, დაახლოებით 15 მილიარდი ევროს ოდენობით. ყველაზე მეტად Volkswagen-ი ჯგუფი დაზარალდება და 7.7 მილიარდი ევროთი დაჯარიმდება. Renault-Nissan-Mitsubishi-ს 1.7 მილიარდის ჯარიმა მოუწევს, Stellantis-ს კი 1.6 მილიარდი.
გარდა ამისა, Volkswagen-ი იზარალებს გაყიდვების ფოკუსის იძულებითი გადატანის გამო, შიგა წვის ავტომობილებიდან ელექტრიფიცირებულ ავტომობილებზე.
მწარმოებლები და ზოგიერთი კანონმდებელი ითხოვს ევროკავშირის მოთხოვნების შემსუბუქებას ისე, რომ არ მოხდეს ზეწოლა ისედაც რთულ ვითარებაში მყოფ ინდუსტრიაზე. მით უმეტეს, რომ ევროპაში ელექტრომატარებლებზე მოთხოვნა მცირდება ჩინური ბრენდების მზარდი კონკურენციის ფონზე.


ელექტრომობილების "სასიცოცხლო ხანგრძლივობა" ბენზინსა და დიზელზე მომუშავე ავტომობილების ხანგრძლივობას გაუთანაბრდა

უახლესი კვლევის თანახმად, ელექტრომობილების "სასიცოცხლო ხანგრძლივობა" ტრადიციული - ბენზინსა და დიზელზე მომუშავე – ავტომობილების ხანგრძლივობას გაუთანაბრდა. ამავდროულად, ახალი ელექტრომობილები უფრო სანდო ვარიანტებად სახელდება. კვლევა ბირმინგემის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერაა შედგენილი და 300 მილიონზე მეტ ჩანაწერსა და 30 მილიონ ავტომობილს აერთიანებს.
ანგარიში Nature Energy-ის ჟურნალში გამოქვეყნდა. შედეგები პირდაპირი მტკიცებულებაა ბოლო წლებში, ელექტრომობილების სწრაფი განვითარების. მიუხედავად ამისა, მკვლევართა გაფრთხილებით, ავტომობილების გრძელვადიანი პოტენციალის შესაფასებლად დამატებითი კვლევებია საჭირო. ანგარიში ანონიმური MOT-ის სატესტო სისტემას ეფუძნება, რომელმაც მკვლევრებს 2005-2022 წლის მონაცემების გამოყენების საშუალება მისცა. ეს ჩანაწერები დეტალურ ინფორმაციას იძლევა ავტომობილების სასიცოცხლო ციკლის თაობაზე.
კვლევის ერთ-ერთი გამორჩეული დასკვნა არის ის, თუ რამდენად სწრაფად გაუმჯობესდა ელექტრო მანქანები საიმედოობის თვალსაზრისით. კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურ წარმოებაში, წარუმატებლობის ალბათობა 12%-ითაა შემცირებული, რაც მნიშვნელოვნად აღემატება 6.7%-იან გაუმჯობესებას ბენზინზე მომუშავე და 1.9%-იან გაუმჯობესებას დიზელზე მომუშავე ავტომობილებისთვის. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ თქვენ განიხილავთ ელექტომობილის ფლობას, შანსი იმისა, რომ ის არ დაიშალოს, მკვეთრად უფრო მაღალია ყოველი ახალი მოდელის გამოშვებასთან ერთად.


ახალი Volvo XC90 გაუმჯობესებული შესაძლებლობებით უკვე საქართველოშია

„ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში შვედური პრემიუმ ბრენდის უახლესი, 2024 წლის მოდელი Volvo XC90 უკვე ხელმისაწვდომია. განახლებული XC90 გაუმჯობესებულია როგორც ვიზუალური, ისე ფუნქციონალური მახასიათებლებით. სრული დამუხტვის შემთხვევაში Volvo XC90 76 კილომეტრამდე მანძილს ფარავს.
XC90, რომელიც Volvo-ს ფლაგმანია, წლების განმავლობაში ბრენდის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მოდელია. პრემიუმ სეგმენტის საოჯახო შვიდ ადგილიანი ავტომობილი, ისევე როგორც ვოლვოს ნებისმიერი მანქანა, უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტებით გამოირჩევა და აღჭურვილია მოწინავე სისტემებით. განახლებულ მოდელში შეიცვალა ავტომობილის ცხაურა და ასევე მცირედით შეცვლილია ფარები. მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული ინტერიერი, გაზრდილია ცენტრალური სენსორული ეკრანის ზომა, მაღალი გარჩევადობა კი აუმჯობესებს მომხმარებლის გამოცდილებას.

ასევე დამატებულია ახალი მულტიმედია ფუნქციები და აპლიკაციები. XC90-ის განახლებულ ინტერიერს, აქვს ასევე განახლებული სალონი, თანამედროვე სკანდინავიური დიზაინით. გაძლიერებულია განათებაც, რაც კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს ავტომობილის პრემიალურობას. სალონში გვხვდება მანქანისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ჟღერადობის Bowers & Wilkins-ის აუდიოსისტემა.
რაც შეეხება ძრავას, ახალ XC90-ს 462 ცხენის ძალა აქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამ მონაცემებით 2-ტონიან ავტომობილს 100 კმ.სთ-მდე 5,3 წამში შეუძლია აჩქარება.
Volvo-ს უახლესი ავტომობილების შეძენა მომხმარებელს „ვოლვო ქარ საქართველოს“ შოურუმში შეუძლია. მოდელის 360 გრადუსით დათვალიერება და ტესტდრაივზე ჩაწერა კი კომპანიის ვებგვერდზეა შესაძლებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები