როგორ იქცა BYD ავტოინდუსტრიის ლიდერად და სჯობს თუ არა ის ილონ მასკის Tesla-ს? - ეს ის კითხვებია, რომლებმაც აქტუალობა ბოლო წლებში, განსაკუთრებით ჩინური კონცერნის მიერ საქართველოში პოპულარობის ზრდის ფონზე შეიძინა. ამ სტატიაში გაეცნობით ინფორმაციას არა მარტო კომპანიაზე, რომლის ისტორიაც 20 თანამშრომლით დაიწყო, არამედ იმაზეც, თუ როგორ გახდა ის გაყიდვებითა და შემოსავლებით Tesla-ზე უპირატესი.
იმისთვის, რომ BYD-ს ზრდის მასშტაბი სტატიის დასაწყისშივე ნათელი იყოს, წარმოგიდგენთ ამბავს, რომელიც ლეგენდარულ ინვესტორ უორენ ბაფეტს, მის კომპანია Berkshire Hathaway-სა და ჩინურ კონცერნს ერთმანეთს აკავშირებს.
ბაფეტის საინვესტიციო გიგანტმა 2008 წელს BYD-ში 10%-იანი წილი 230 მილიონ დოლარად შეიძინა. მაშინ გადაწყვეტილება მეტწილად ჩარლი მანგერმა მიიღო, რადგან მიიჩნევდა, რომ კომპანიას განვითარების აშკარა რესურსი გააჩნდა.
საბოლოოდ, 17 წლის თავზე, 2025 წელს Berkshire Hathaway-მ ეს წილი სრულად გაყიდა, თუმცა საყურადღებო ფაქტი ის არის, რომ თითქმის ორ ათწლეულში საინვესტიციო კომპანიის ამონაგებმა 3,890%-ს მიაღწია. საავტომობილო გიგანტმა ბაფეტს 230-მილიონიანი ინვესტიცია $9-მილიარდიან მოგებად გარდაუქმნა.
რაც შეეხება თავად კომპანიას და მის ისტორიას, ის 1995 წელს ჩინეთის ქალაქ შენჭენში დაფუძნდა. BYD ბიძაშვილისგან ნასესხები ფულით ქიმიკოსმა ვანგ ჩუანფუმ დააარსა და უნდა აღინიშნოს, რომ თავდაპირველად ის სულაც არ იყო ელექტრომობილების კომპანია. ვანგმა 20 თანამშრომელს მოუყარა თავი და მობილურების ბატარეების წარმოება დაიწყო. მალე კი შეძლო და ის Motorola-ს მიმწოდებლად აქცია. ეს კომპანია იმდენად მოგებიანი გახდა, რომ 2003 წელს შეძლო და დამფუძნებელს გაკოტრების პირას მყოფი სახელმწიფო ავტომწარმოებლის, სიან ქინჩუანის ყიდვის ფული მოაპოვებინა.
მარტივად რომ ვთქვათ, ვანგს თავიდანვე ავტოწარმოებით არ დაუწყია, - დაიწყო ტელეფონების ბატარეებით, შემდეგ კი გაკოტრების პირას მდგარი ავტოსაწარმო იყიდა და BYD-ს სახელის ქვეშ გააერთიანა. ინვესტორებს ეს ამბავი არ მოეწონათ. აქციები მომდევნო დღეებში 30%-ით დაეცა.
საყურადღებო ფაქტია ისიც, რომ პირველი მანქანა, რომელიც ამ კონცერნმა გამოუშვა, იყო BYD F3 - 2005 წელს დამზადებული, საწვავზე მომუშავე ჩვეულებრივი სედანი და არა ელექტრომობილი. ის თავიდანვე წარმატებული აღმოჩნდა და 2005 წელს ჩინეთში ერთ-ერთ ყველაზე გაყიდვად მანქანად იქცა.
შემდეგ, 2008 წელს ვანგის კონცერნმა გამოუშვა პირველი ჰიბრიდი BYD F3DM, 2009 წელს კი დადგა მთავარი სიახლის ჯერი: ჩინურმა კომპანიამ შექმნა პირველი ელექტრომობილი - BYD e6, რომელიც შემდგომ წლებში მთელი ამ გლობალური დომინაციის საწყისი გახდა. საინტერესო ფაქტია, რომ 2010 წელს მისი მხოლოდ 3 ეგზემპლარი გაიყიდა, თუმცა 2016-ში ამ ავტომობილის გაყიდვებმა 40,000-ს გადააჭარბა და ის ქალაქ შენჭენის ტაქსისტების საყვარელ ტრანსპორტად იქცა.
2026 წელს BYD წელიწადში უკვე 19 მილიონ ელექტრომობილს აწარმოებს და მსოფლიო ბაზარზე პროდუქციას წარმატებით ყიდის. თანაც ყიდის არა მხოლოდ იაფი ჩინური მუშახელის დამსახურებით, არამედ იმ ღრმა ინდუსტრიული სისტემის შექმნის წყალობითაც, რომელიც ათწლეულები ყალიბდებოდა.
ის, რომ 2025 წელს BYD-მ 4.6 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა და $111 მილიარდის შემოსავალი მიიღო, იმის დამსახურებაა, რომ ვანგმა კომპანიაში ვერტიკალური სისტემა დანერგა: BYD თავად აწარმოებს თავისივე ავტომობილის კომპონენტების 75%-ს - ბატარეებით დაწყებული, საკუთარი ნახევარგამტარებით დასრულებული.
დღეს ამ ჩინურ გიგანტს გლობალური ბაზრის მეხუთედზე მეტი, დაახლოებით 22% უკავია, მათ შორის სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში - 32%, ევროპაში - 20%, ლათინურ ამერიკაში კი - 16%. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ის ამ დრომდე ამერიკაში გაფართოებას ვერ ახერხებს, 127.5-%-იანი ტარიფია, რასაც კომპანია საკუთარი შესაძლებლობებით უბრალოდ ვერ აგვარებს.
სხვათა შორის, ამერიკული დაბლოკვის მიუხედავადაც კი, 2026 წლის 10 თვეში BYD-მ უკვე 2.26 მილიონი ელექტრომობილი გაყიდა, მაშინ, როცა მისი მთავარი კონკურენტი Tesla, სრული სახელმწიფო დახმარების მიუხედავადაც კი, 1.64 მილიონს ვერ სცდება.
იძლევა თუ არა ეს იმის თქმის საფუძველს, რომ BYD სჯობნის Tesla-ს? - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა მარტივი არ არის და საკითხი საკმაოდ კომპლექსურია.
მაგალითად, წმინდად საწარმოო მასშტაბით, BYD უკვე წინ არის, რადგან მან როგორც 2025, ისე 2026 წლებში გადაუსწრო ამერიკულ კონკურენტს. ის წინ არის საერთო შემოსავლითაც, კომპონენტების თვითწარმოებითაც, ბატარეის თერმული უსაფრთხოებითაც და რესურსითაც. მაგალითად, თუ BYD თავის ელექტრომობილებზე 6-წლიან აბსოლუტურ გარანტიას აცხადებს, მასკის კომპანიის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 4 წელს არ აღემატება.
რაც შეეხება მეორე მხარეს, მისი უპირატესობა ის არის, რომ Tesla-ს ელექტრომობილები 100 კილომეტრზე 1-დან 3 კილოვატ/საათამდე ნაკლები მოცულობის ენერგიას ხარჯავენ; მასკის კომპანიას აქვს ასევე 8 ათასზე მეტი Supercharger-ი სადგური მთელს მსოფლიოში; ლიდერობს ავტოპილოტის პროგრამულ უზრუნველყოფაში 1.28 მილიონი ფასიანი გამომწერით და უკეთეს შედეგებს აჩვენებს მფლობელთა კმაყოფილების კვლევებშიც.
რაც შეეხება საფონდო ბირჟას, იმისდა მიუხედავად, რომ ორივეს მოგების მარჟა 4%-ს არ აჭარბებს, Tesla $1.58 ტრილიონად არის შეფასებული, BYD კი - მხოლოხ $118 მილიარდად.























