ამერიკელმა მილიარდერმა და ლეგენდარულმა ინვესტორმა უორენ ბაფეტმა, Berkshire Hathaway-ს $5.5 მილიარდის ღირებულების აქციები ოთხ საქველმოქმედო ფონდს გადასცა და ყოველწლიური შემოწირულების მოცულობა გაზარდა.
ბაფეტმა აღნიშნული თანხა Susan Thompson Buffett Foundation-ში, Sherwood Foundation-ში, Howard G. Buffett Foundation-სა და NoVo Foundation-ში თანაბრად გადაანაწილა.
ცნობილმა ინვესტორმა აღნიშნული გადაწყვეტილება მადლიერების დღისადმი მიძღვნილი წერილის ფარგლებში გაასაჯაროვა და საკუთარი ნაბიჯი ოჯახის წევრებისა და კომპანიის მენეჯმენტის მიმართ ნდობით ახსნა. მისი განცხადებით, საკუთარი შვილების შესაძლებლობებსა და კეთილსინდისიერებას 100%-ით ენდობა, რადგან ისინი ღირსეულ ინიციატივებს ათწლეულების განმავლობაში აფინანსებდნენ.
ბაფეტმა ასევე დაადასტურა, რომ მისი ნდობა Berkshire Hathaway-სა და კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, გრეგ აბელის მიმართ კვლავ ურყევია. მილიარდერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მის მფლობელობაში არსებული ყველა აქცია საბოლოოდ სწორედ ამ ოთხ ფონდს გადაეცემა, გრანტების მოცულობა კი ყოველწლიურად გაიზრდება და მისი ქონება სრულად ქველმოქმედებას მოხმარდება.
„გასულ მადლიერების დღეს დავწერე, რომ სიკეთე უფასოა, თუმცა ამავდროულად ის შეუფასებელიც არის. ერთი წლის შემდეგ მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ის რთული პროცენტით იზრდება და თანაც იმაზე უკეთესი განაკვეთით, ვიდრე ნებისმიერი რამ, რაც მე და ჩარლის ოდესმე შეგვიძენია“, - აღნიშნა ბაფეტმა წერილში.
წერილის დასასრულს მილიარდერმა საზოგადოებას მოუწოდა, რომ მადლიერების დღეს საკუთარ ცხოვრებაში არსებულ უანგარო ადამიანებს მადლობა გადაუხადონ და თავადაც ქველმოქმედებად იქცნენ - იმ გზით, რა გზითაც შეუძლიათ.
საერთო ჯამში, უორენ ბაფეტს ცხოვრების განმავლობაში ქველმოქმედებისთვის $60 მილიარდზე მეტი აქვს გაღებული, ხოლო გარდაცვალების შემდეგ, მისი ანდერძის თანახმად, მის საკუთრებაში არსებული $170 მილიარდის აქციებიც ქველმოქმედებისთვის გაიცემა, შედეგად, მისი საერთო კონტრიბუცია $230 მილიარდს მიაღწევს და ამ შედეგით ბაფეტი საკუთარ რეკორდს გააუმჯობესებს.
ყველა ობიექტური თუ სუბიექტური შეფასებით, უორენ ბაფეტი კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე დიდი ინვესტორი და ქველმოქმედია.
























