კვირის მთავარი ავტოსიახლეების წარმდგენია "თეგეტა ჰოლდინგი"
განახლებული Mercedes-Benz EQS
გაყიდვების შემცირების ფონზე Mercedes-Benz EQS განახლდა. Mercedes-Benz-ის ელექტრო ავტომობილებისთვის საქმე კარგად ვერ მიდის, ევროპის მასშტაბით 2023 წლის ბოლოს გაყიდვები 46%-ით შემცირდა, ამერიკის შეერთებულ შტატებში კი 11%-ით. Mercedes-Benz იმედოვნებს, რომ მოკრძალებული რესტაილინგი ხელს შეუწყობს ელექტრომობილის მიმართ ინტერესის აღდგენას. ასევე კომპანია გვპირდება, რომ განახლების მიუხედავად მოდელები არ გაძვირდება.
რაც შეეხება განახლებულ დეტალებს, ექსტერიერის დიზაინში ძირითადი ცვლილებები წინა მხარეს შეეხო. Mercedes-Benz-ის ემბლემა გადავიდა კაპოტზე, ბრენდის კლასიკური მოდელების მსგავსად. ასევე განახლებულია ფარები და Manufaktur Selection ვერსიაზე ხელმისაწვდომი იქნება 21 დიუმიანი დისკები.
ტექნიკურ ნაწილში მთავარი ცვლილება გაზრდილი ტევადობის ელემენტია. ეს იქნება 118 კილოვატ-საათი, წინა 108,4 კვ.სთ ნაცვლად, შესაბამისად ენერგიის რეზერვი 683-822 კილომეტრამდე იზრდება, მოდიფიკაციის მიხედვით.
"ყველა გაუმჯობესების მიუხედავად, მოდელის საწყისი ფასი იგივე დონეზე დარჩება", - ნათქვამია ბრენდის ოფიციალურ პრესრელიზში. გერმანიაში EQS-ის ღირებულება 109,5 ათასი ევროდან იწყება. განახლებულ EQS ფართო საზოგადოებისთვის აპრილის ბოლოს წარადგენენ და მას პირველები პეკინის საავტომობილო შოუს სტუმრები იხილავენ.
Alfa Romeo Milano - კომპაქტური SUV იტალიური ბრენდისგან
Alfa Romeo-მ კომპაქტური SUV წარადგინა, რომელიც სრულად ელექტრიფიცირებულ და ჰიბრიდულ ვარიანტებს მიიღებს. ახალი მოდელისთვის გამოცოცხლდა საკულტო სახელი Milano, რომელიც გამოიყენებოდა გასული საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს და 90-იანი წლების დასაწყისში აშშ-ში უკანა ამძრავიანი Alfa Romeo 75 სედანისთვის. Alfa Romeo Milano დაფუძნებულია STLA Small პლატფორმაზე, Jeep Avenger-ის და Fiat 600-ის მსგავსად.
Alfa Romeo Milano წარმოდგენილი იქნება ოთხი ვერსიით, ორი ელექტრო და ორი ჰიბრიდული. ერთ-ერთი მათგანია Milano Elettrica, ერთი ელექტროძრავით წინა ღერძზე, რომელიც 154 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, ხოლო 54 კილოვატ/საათიანი ბატარეა უზრუნველყოფს 410 კილომეტრის მანძილის დიაპაზონს WLTP მიხედვით.
Alfa Romeo Milano-ს წარმოება პოლონეთის Stellantis ქარხანაში იგეგმება, სადაც ასევე იწარმოება Fiat 600 და Jeep Avenger. ახალი პროდუქტი ევროპულ სადილერო შოუ-რუმებში მიმდინარე წლის სექტემბერში გამოჩნდება, შეკვეთების მიღება კი უკვე დაწყებულია, ფასები 29,900 ევროდან იწყება ჰიბრიდისთვის და 39,900 ევროდან ელექტრული ვერსიებისთვის.
ბრენდი ახალ პროდუქტზე დიდ იმედს ამყარებს და ელოდება, რომ მომავალ წელს ის მთლიანი გაყიდვების 40% დაიკავებს.
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა - რამდენი Tesla დადის ქვეყანაში
საქართველოში ელექტრომობილების იმპორტი გაორმაგდა, - ამის შესახებ ავტომობილების რეგისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა. 2023 წელს ქვეყანაში 1,914 ელექტრომობილი დარეგისტრირდა, რაც 2022 წელთან შედარებით 95%-ით, ანუ 933 ავტომობილით მეტია.
საქსტატის მონაცემებით, საქართველოში რეგისტრირებულ ელექტრომობილებს შორის პირველ ადგილზეა Nissan Leaf-ი, რომლის მოდელების რაოდენობაც 2023 წლის ბოლოსთვის 1,802 იყო. მეორე პოზიციას იკავებს Tesla-ს მიერ წარმოებული ელექტრომობილები, რომელთა საერთო რაოდენობაც 905-ია. მათ შორის 573 ავტომობილის იმპორტი 2023 წელს განხორციელდა, შესაბამისად გასულ წელს ქვეყანაში მოძრავი Tesla-ს მარკის ავტომობილების რაოდენობა გაორმაგდა.
იმპორტის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში რეგისტრირებული ელექტრომობილ Volkswagen ID4-ის რაოდენობა 131-ია, ხოლო ჩინური მწარმოებლის, BYD-ის ელექტრომობილების რიცხვია 60. ამასთან ქვეყანაში რეგისტრირებულია Porsche Taycan-ის 78 მოდელი, რომლის სასტარტო ღირებულებაც $100 ათასი დოლარიდან იწყება.
წლების მიხედვით, ელექტრომობილების იმპორტი ასე ნაწილდება: 2019 წელს - 790 ელექტრომობილი; 2020 წელს - 359 ელექტრომობილი; 2021 წელს - 324 ელექტრომობილი; 2022 წელს - 981 ელექტრომობილი; 2023 წელს - 1,914 ელექტრომობილი.
საქართველოში მოქმედი საგადასახადო კოდექსის მიხედვით, ელექტრომობილებისთვის განბაჟების განაკვეთი 0 ლარია.
93%-ით გაზრდილი გაყიდვები და სამომავლო გეგმები – „ვოლვო ქარ კავკასია” 2024 წლის I კვარტალს აჯამებს
„ვოლვო ქარ კავკასია“, რომელიც ამიერკავკასიისა და შუა აზიის მასშტაბით პრემიუმ კლასის შვედური ავტომობილების ექსკლუზიური დილერია, 2024 წელს გაყიდვების გაზრდილი მაჩვენებლებით იწყებს. 2023 წლის პირველ კვარტალთან შედარებით, 2024-ში გაყიდვების მაჩვენებელი 93%-ით გაიზარდა. ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ყველა ბაზარზე, თუმცა გაყიდვების მიმართულებით წამყვანი მაინც საქართველოა და მასზე გაყიდული ავტომობილების 50% მოდის, მაღალი ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანშიც და საერთო გაყიდვების მაჩვენებელში 40%-იანი წილი დაიკავა, 10%-იანი წილი კი სომხეთს ეკუთვნის.
გაყიდვების რეკორდული ზრდა დააფიქსირა Volvo Cars-მა გლობალურ ბაზარზეც. მარტის თვეში ბრენდმა 78,970 მანქანა გაყიდა, რაც 25 %-ით აღემატება გასული წლის იმავე თვის მაჩვენებელს, ხოლო ერთი თვის განმავლობაში გაყიდული ავტომობილების ყველა დროის ყველაზე მაღალი შედეგია.
რაც შეეხება გაყიდვების ლიდერ მოდელებს, 2024 წლის პირველ კვარტალში ყველაზე გაყიდვადი XC90 და XC60 იყო, შემდეგი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი კი ბიზნესკლასის სედანი S90-ია. წინა წელთან შედარებით, XC60-ის გაყიდვები 129%-ით არის გაზრდილი, ხოლო XC90-ის 37%-ით.
დამუხტვად ჰიბრიდებს მთლიანი გაყიდვების 27%-იანი წილი უჭირავს, რაც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, თითქმის 50%-იანი ზრდაა. 2024 წლის პირველ კვარტალში ელექტრომობილების წილი 8%-მდეა გაზრდილი, თუმცა „ვოლვო ქარ კავკასიაში“ მოლოდინი აქვთ, რომ 2024 წლის განმავლობაში ელექტრომობილებზე მოთხოვნა გაიზრდება, რადგან ბაზარზე ბრენდის სრულად ელექტრული EX30 გამოჩნდება. შვედური ბრენდის სრულიად ახალი ელექტრომობილი ქართულ ბაზარზე ზაფხულის დასაწყისში იქნება ხელმისაწვდომი, აღსანიშნავია, რომ წინასწარი შეკვეთები „ვოლვო ქარ საქართველოს“ მიღებული აქვს.
ახალი საავტომობილო ბრენდი ქართულ ბაზარზე - ZEEKR საქართველოშია
Tegeta cars-ი საქართველოში ავტოინდუსტრიის გიგანტის Geely Holding-ის ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური საავტომობილო ბრენდის, ZEEKR-ის ოფიციალური წარმომადგენელი გახდა. Geely Holding-ში შემავალ კომპანიასთან სადილერო ხელშეკრულებას „თეგეტა ჰოლდინგმა“ ხელი უკვე მოაწერა.
ხელმოწერის ცერემონიას, რომელიც თეგეტას ცენტრალურ ოფისში გაიმართა, ZEEKR-ის ფინანსური დირექტორი კომპანიის რეგიონულ დირექტორთან და მენეჯმენტის სხვა წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.
ZEEKR 001 და ZEEKR X - პირველი მოდელებია, რომელთა შეძენაც მომხმარებელს ივნისიდან შეეძლება. ბრენდის ავტომობილები, სმარტ დივაისის მსგავსად, მობილური ტელეფონით იმართება და აქვს მოდერნიზებული ანგარიში.
აღჭურვილია თანამედროვე უსაფრთხოების სისტემებით - ადაპტირებული კრუიზკონტროლით, შეჯახების საწინააღმდეგო სისტემით, 14 კამერით და რადარებით. გამოირჩევა სპორტული მახასიათებლებით, სტანდარტული და პნევმატიკური დაკიდების სისტემებით. ავტომობილს აქვს სიმაღლის რეგულირების საშუალება საფარის შესაბამისად და ასევე, მართვის ხუთი განსხვავებული რეჟიმი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ერთი დამუხტვით 450-დან 1200 კილომეტრამდე გავლაა შესაძლებელი.
ბრენდი, რომელიც 2021 წელს დაარსდა, აზიასთან ერთად სწრაფად ითვისებს ევროპულ ბაზარსაც. ZEEKR-ის მოდელები იყიდება შვედეთსა და ჰოლანდიაში, საქართველოს შემდეგ კი ის გერმანიის ბაზარზეც ხელმისაწვდომი იქნება.
„ZEEKR საქართველო“ მომხმარებელს ჰპირდება, რომ 2025 წლის დასაწყისიდან 001 მოდელის 1250 ცხენისძალიან ვერსიასაც შესთავაზებს, რომლის აჩქარებაც 1,9 წამია. პორტფელში ასევე დაამატებს 7 -ადგილიან პრემიუმ კლასის სრულად ელექტრულ მინივენს, რომელსაც 140-კილოვატიანი ბატარეა ექნება.