მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ელექტრომობილების კომპანია Tesla-მ ტეხასში, SpaceX-ის საგამოცდო ბაზაზე გამართულ ღონისძიებაზე მეორე თაობის სპორტული ავტომობილი, Roadster-ი ოფიციალურად წარადგინა.
თითქმის ათწლიანი დაყოვნების შემდეგ გამოსული მანქანის განახლებული მოდელი სარაკეტო ტექნოლოგიებით აღიჭურვა, რისი დახმარებითაც მან სპეციალურ ტრამპლინზე გადაადგილება და ხუთ ავტომობილზე გადაფრენა კონტროლირებადი დაშვებით შეძლო.
პრეზენტაციაზე კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა აღნიშნა, რომ ავტონომიურ ტრანსპორტსა და რობოტექნიკაზე გადასვლის ფონზე, Roadster-ი Tesla-ს მიერ წარმოებული ბოლო მექანიკური ავტომობილი იქნება.
საყურადღებოა, რომ მოდელის შეკვეთის მსურველებს მოცდა კიდევ მოუწევთ, ვინაიდან მასკის განცხადებით, სერიული წარმოება მხოლოდ 2028 წლიდან დაიწყება.
აღსანიშნავია, რომ ავტომობილის დიზაინი 2017 წელს ნაჩვენებ პროტოტიპთან შედარებით მკვეთრად შეიცვალა და ის Cybertruck-ის მსგავსი ბასრი კუთხეებით გამოირჩევა. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტის, ლარს მორავის განმარტებით, ავტომობილის ქვედა ნაწილში სპეციალური შემწოვი სისტემა მოქმედებს, რაც მოჭიდებასა და აეროდინამიკურ დაწოლას ზრდის.
ამას გარდა, შეკუმშული ჰაერის ძრავების სისტემა ავტომობილს ჰაერში მანევრირების საშუალებას აძლევს, რის ხარჯზეც ის 0-დან 100 კმ/სთ სიჩქარეს ის 0.8 წამში ავითარებს, მაქსიმალური სიჩქარე კი 370 კმ/სთ-ს აჭარბებს.
მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დამსწრე საზოგადოების შეკითხვებს ავტომობილის ღირებულებასა და საგზაო მოძრაობის ლეგალურ სტანდარტებთან შესაბამისობაზე მასკმა კონკრეტული პასუხი არ გასცა.
რაც შეეხება ბაზარზე ახალი მოდელის შესაძლო გავლენას, ანალიტიკური კომპანია Battle Road Research-ის შეფასებით, მოდელი კომპანიის გაყიდვების საერთო მოცულობაზე არსებით გავლენას ვერ მოახდენს, თუმცა მთლიან შემოსავალში მნიშვნელოვან წილს დაიკავებს. ექსპერტების ვარაუდით, Roadster-ი უმაღლეს საფასო სეგმენტში ისეთ გიგანტებს გაუწევს კონკურენციას, როგორებიც Porsche, Lamborghini და Ferrari არიან.
შეგახსენებთ, Tesla-მ სპორტული მოდელის პროტოტიპი ჯერ კიდევ 2017 წელს გამოაჩინა და წინასწარი შეკვეთებისთვის დეპოზიტის სახით $50,000, ხოლო შეზღუდული Founders Series-ისთვის $250,000 დააწესა.
ცნობისთვის, კომპანიის პირველი თაობის Roadster-ი 2008 წელს გამოვიდა და ის Lotus-ის ბაზაზე აწყობილი პირველი სერიული ელექტრომობილი იყო.
























