მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა დაუჯდა Tesla-ს Cybertruck-ის პროექტი, რომლის წარმოება 2027 წელს შეწყდება

cybertruck

ილონ მასკმა ინვესტორებს ოფიციალურად განუცხადა, რომ 2027 წლიდან ტეხასის ქარხანაში Cybertruck-ის წარმოება სრულად შეწყდება.

Tesla-ს გენერალური დირექტორის თქმით, ელექტროპიკაპის პროექტის გაუქმების მთავარი მიზეზი საწარმოო სივრცისა და რესურსების ახალი ავტონომიური რობოტაქსის, Cybercab-ისთვის გამოთავისუფლებაა. მასკის განცხადებით, Tesla-ს მთავარი მიზანი ხელოვნური ინტელექტისა და რობოტიკის განვითარებაა, Cybertruck-ის წარმოების სირთულით გამოწვეული დანახარჯი კი რობოტაქსებისგან მისაღებ სარგებელს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება, ამიტომაც კომპანია პრიორიტეტებს ცვლის.

რაც შეეხება კომერციულ შედეგებს, დიდი მოლოდინების და მარკეტინგული აქტივობების მიუხედავად, ბაზარზე Cybertruck-ზე მოთხოვნა მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები აღმოჩნდა. კერძოდ, აშშ-ში 2024 წელს 38,965 Cybertruck-ი გაიყიდა, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 48%-ით შემცირდა და 20,237 ერთეულამდე დაეცა, მიმდინარე წელს კი გაყიდვების სტატისტიკა კიდევ უფრო დაბალია და 2027 წლისთვის ანალიტიკოსები შედეგების გაუარესებას ელიან.

ცუდ შედეგებთან ერთად, უჟანგავი ფოლადისგან კორპუსის დამზადება წარმოების თვალსაზრისით ურთულესი გამოწვევა აღმოჩნდა. ამას მრავალი ტექნიკური წუნი, პროგრამული ხარვეზები და უსაფრთხოების მიმართულებით პრობლემები დაემატა.

გარდა ამისა, საზოგადოებას თავიდან $40,000-იანი პიკაპი შესთავაზეს, თუმცა რეალურად ხელმისაწვდომი მოდელის ფასმა $92,000-დან $102,000-მდე ნიშნულს მიაღწია, რაც პიკაპისთვის უკიდურესად ძვირია. შედეგად, კომპანიის თავდაპირველი გათვლა, რომ წლიურად 250,000 ავტომობილი უნდა გაყიდულიყო, რეალობას სრულად ასცდა.

ამასთან, 2024 წელს ილონ მასკის მიერ დონალდ ტრამპის ღია მხარდაჭერის გამო, ეს ავტომობილი საპროტესტო აქციების სამიზნედ იქცა. ამას ისიც ემატება, რომ ტრადიციული პიკაპების მძღოლები Cybertruck-ის ყიდვას არც განიხილავენ, რაც პროექტს კომერციულად არასაინტერესოდ აქცევს.

მართალია, კომპანიას ოფიციალური ფინანსური ზარალი ჯერ არ გამოუქვეყნებია, თუმცა ანალიტიკოსების შეფასებით, Tesla-მ ამ პროექტის კვლევაში, დიზაინსა და საწარმოო ხაზების გამართვაში დაახლოებით $2 მილიარდი დახარჯა. ამასთან, მოთხოვნის გაქრობის გამო, Tesla-ს ავტოსადგომებზე ათასობით გაუყიდველი Cybertruck-ი დგას, რაც დაახლოებით $800 მილიონის ღირებულების გაყინულ ინვენტარს წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები