14.ივლისი .2020 21:00

უხარისხო ბენზინის/დიზელის რეალიზაციისთვის 3 წლამდე პატიმრობა შეიძლება დაწესდეს

views 529
უკან

საქართველოში "უხარისხო" საწვავის იმპორტირება, შესაძლოა, კრიმინალიზებული ქმედება გახდეს და 3 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს - ეს სისხლის სამართლის კოდექსში შესატანი ცვლილებებით არის განსაზღვრული. გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დღეს პარლამენტში პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი. 

კანონპროექტი დარღვევის პირველადი შემთხვევებისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით შემთხვევაში პატიმრობაც არის განსაზღვრული. პლენარულ სხდომაზე უხარისხო საწვავის შემოტანის კრიმინალიზება გააპროტესტა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, რომლის თქმითაც, სახელმწიფომ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები სათანადო დასაბუთების გარეშე არ უნდა მიიღოს. 

კანონპროექტის თანახმად, ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობები ამგვარად არის განსაზღვრული: 

ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსი:

„მუხლი 91 (3). საქართველოს ტერიტორიაზე საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტისას, წარმოებისას ან/და მიწოდებისას საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივი ნორმების ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების დარღვევა:

საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, – გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით და ამასთანავე იმპორტირებული შესაბამისი საწვავის ფაქტობრივი რაოდენობის (ლიტრი) და ამავე საწვავის იმპორტის ფასის ნამრავლის 15-მაგი ოდენობით.

სისხლის სამართლის კოდექსი:

მუხლი 198 (1). საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი საავტომობილო ბენზინის ან/და დიზელის საწვავის იმპორტი, წარმოება ან/და მიწოდება, რომლის ხარისხიც ვერ აკმაყოფილებს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ საავტომობილო ბენზინის ხარისხობრივ ნორმებს ან/და დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმებს, ჩადენილი ასეთი ქმედებისათვის ადმინისტრაციული სახდელის დადების შემდეგ:

- ისჯება ჯარიმით და გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

შენიშვნა: ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.“

ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში მოყვანილია სტატისტიკა ბოლო წლებში ავტოგასამართი სადგურების შემოწმების შესახებ.

სტატისტიკური მონაცემებით:

- 2017 წელს საავტომობილო ბენზინის და დიზელის საწვავის ხარისხი შემოწმდა 10 ავტოგასამართ სადგურში, დარღვევა გამოვლინდა 3 შემთხვევაში, შესაბამისად, 3 სუბიექტი დაჯარიმდა 8000 ლარით.
- 2018 წელს შემოწმდა დაახლოებით 145 ავტოგასამართი სადგური. აღებული იქნა საწვავების 250-მდე სინჯი. დარღვევა არ გამოვლენილა
- 2019 წელს შემოწმდა 190 ავტოგასამართი სადგურამდე (აღებული იქნა საწვავის 270- მდე სინჯი) დარღვევა გამოვლინდა 65-მდე სინჯშში და ვინაიდან დარღვევის სიმძიმიდან გამომდინარე, გამოვლინდა დანაშაულის ნიშნები (სისხლის სამართლის კოდექსის მუხლი 198. ადამიანის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან რეალიზაცია) - მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაიგზავნა პროკურატურაში.
- 2020 აპრილში შემოწმდა 29 ავტოგასამართი სადგური, აღებული იქნა ბენზინის საწვავის 49 და დიზელის საწვავის 43 სინჯი. ნორმების გადამეტება გამოვლინდა ბენზინის საწვავის 18 სინჯში და დიზელის საწვავის 14 სინჯში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.