მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა უმეტესად მეორე დოზის ხარჯზე - გამყრელიძე

60c86ac419dde
ინგა მურუსიძე
15.06.21 12:57
381
"ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს; ივნისში დღეში საშუალოდ ტარდება 5 200 აცრა, თუმცა გიდასტურებთ, რომ ეს უპირატესად არის მეორე დოზებით აცრების ხარჯზე", - ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ქვეყანაში ვაქცინაციის დაბალ ტემპს შეეხებოდა.

მან დღესვე ისაუბრა იმ მონაცემების შესახებ, რაც ქვეყანაში ვაქცინების მარაგის კუთხით არის. მისი თქმით, 22 ივნისს შემოვა "ასტრაზენეკას" დამატებითი დოზები, რაც, ძირითადად, მეორე დოზით ასაცრელად მიიმართება.

რაც შეეხება სხვა ვაქცინებს, გამყრელიძის ცნობით, ქვეყანაში დარჩენილია ასევე "ფაიზერის" რამდენიმე ასეული დოზა, რომელიც გარკვეული ჯგუფების ასაცრელად გამოიყენება, მათ შორისაა: ორგანოგადანერგილი მოქალაქეები, სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტები და ა.შ.

ასევე "სინოფარმის" პირველი დოზით აცრილია 45 000 ადამიანი და უკვე მეორე დოზითაც მთავრდება აცრები. "ველოდებით როდის დასრულდება მეორე დოზით ვაქცინაცია და შესაძლოა, დარჩეს 2-3 ათასი დოზა, რაც ესენციურ ჯგუფებზე იქნება გათვლილი", - თქვა გამყრელიძემ.

გარდა ამისა, NCDC-ის ხელმძღვანელის ინფორმაციით, "სინოვაკის" პირველი დოზებით უკვე ვაქცინირებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი ან ჯავშნებია გაკეთებული.

"რაც შეეხება ვაქცინაციის გაფართოებას, დღესაც საბჭოზე ეს საკითხი განვიხილეთ. გვაქვს მყარი მონაცემები, რომ ივლისიდან  მივიღებთ სულ მცირე 1.5 მლნ დოზა სხვადასხვა ვაქცინას, რომელთა მოწოდების თარიღები ალბათ მიმდინარე კვირაში გვეცოდინება", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ და დასძინა, რომ სავარაუდოდ, სწორედ ივლისიდან დაიწყება დღეში 20 ათასამდე ადამიანის აცრა.

ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დედაქალაქში გაფართოებული ვაქცინაციისთვის, სავარაუდოდ, 4 ცენტრი მოეწყობა.

"ვაქცინაციის ერთი ცენტრი უკვე მზად არის "ჰუალინგში", იქ 10 ბრიგადა იმუშავებს, თუმცა ფუნქციონირება ჯერ არ დაუწყია. მიმდინარეობს ასევე მოლაპარაკება "ექსპო ჯორჯიასთან", ასევე მოლებთან... ეს ყველაფერი მზად უნდა იყოს ივლისის პირველ 10 დღეში", - აღნიშნა მან.