მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვაქცინაციის დაჩქარება საქართველოს ტურიზმისთვისაც მნიშვნელოვანია - EBRD-ის რეგიონული დირექტორი

61c1e64163992
შოთა ტყეშელაშვილი
21.12.21 19:11
540
EBRD-ის რეგიონული დირექტორი კატარინა ბიორლინ-ჰანსენი ეკონომიკური აღდგენისთვის ვაქცინაციის მნიშვნელობაზე საუბრობს. მისი თქმით, სხვა სექტორებთან ერთად ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინაციის დაჩქარება ტურიზმის აღდგენისთვისაც მნიშვნელოვანია, თუმცა ამჟამად საქართველოში ვაქცინაციის დონე “გარკვეულ შეშფოთებებს იწვევს”. ჰანსენი იმედს გამოთქვამს, რომ ზამთრის სეზონზე კიდევ უფრო მეტი ადამიანი აიცრება.

“ვაქცინაციის დონე გარკვეულ შეშფოთებებს იწვევს. პანდემია არის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე გამოწვევა. საქართველოში ვაქცინაციის პროცესს გავლენა აქვს ტურიზმზეც. იმედი მაქვს, რომ ზამთარში კიდევ უფრო მეტი საქართველოს მოქალაქე აიცრება, რაც საფუძველს შექმნის იმისთვის, რომ ქვეყანას სეზონზე კიდევ უფრო მეტი ვიზიტორი ეწვიოს. ეს პროცესი ერთმნიშვნელოვნად დაუჭერს მხარს საქართველოს ეკონომიკურ აღდგენას და ეკონომიკის მშენებლობას,” - The Checkpoints-თან ინტერვიუში განაცხადა კატარინა ბიორლინ ჰანსენმა.

საქართველოში 21 დეკემბრის მდგომარეობით, 1,260,000 ადამიანი არის მინიმუმ ერთი დოზით ვაქცინირებული, რაც ზრდასრული მოსახლეობის 43.8%-ია, ხოლო ორჯერადად აცრილია 1,088,000 ადამიანი, რაც ზრდასრულთა 37.9%-ს შეადგენს.

ბოლო 24 საათში ქვეყანაში 13,743 აცრა ჩატარდა.

საქართველოს მთავრობის გეგმით, 2021 წლის ბოლომდე ზრდასრული მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო სამიზნე, მაგრამ როგორც NCDC-ის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ 20 დეკემბერს განაცხადა, აღნიშნული გეგმა, დიდი ალბათობით, ვერ შესრულდება.

რაც შეეხება ტურიზმის სექტორის აღდგენას, ნოემბერში ქვეყანაში 166 ათასი ვიზიტორი იმყოფებოდა. ტურისტული ნაკადი 2019 წელს არსებული ნაკადის 30.7%-ზე აღდგა.