მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ვიცი, პატარა ინვესტიციებით როგორ მოვიზიდო დიდი ინვესტიცია“-ხაზარაძის ამოცანა წალენჯიხაში

636797fcb5d65
თელარა გელანტია
06.11.22 16:00
1470
„მე ზუსტად ვიცი, პატარა ინვესტიციებით როგორ მოვიზიდო დიდი ინვესტიციები“, - ამბობს პარტია „ლელოს“ ლიდერი, ყოფილი ბანკირი მამუკა ხაზარაძე BMG-სთან ინტერვიუში, რომლის თემა წალენჯიხის სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება და ამ მიზნის მიღწევის გზებია.

აღსანიშნია, რომ ბოლო ერთ წელიწადში წალენჯიხის მუნიციპალიტეტში „წალენჯიხის განვითარების ჯგუფის“ ინვესტიციები 2 მლნ ლარს აღწევს და ჯგუფში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სწორედ მამუკა ხაზარაძეა.

„ამოცანაა, 2024 წლის არჩევნებამდე მთელ საქართველოს ვაჩვენოთ, რომ წალენჯიხამ მოახერხა დემოკრატიული არჩევნების და კოალიციური მმართველობის პირობებში წარმატების მიღწევა. წალენჯიხა უნდა გავხადოთ საჩვენებელი მოდელი, თუ როგორ შეიძლება ძალიან ღარიბ მუნიციპალიტეტშიც შექმნა ისეთი განწყობა და ისეთი ინვესტიციები მოიზიდო, რომელიც პატარა ქალაქს დიდი ბრენდების თავშეყრის ადგილად აქცევს.

საბოლოო ჯამში, ეს უნდა გახდეს მოდელი სხვა მუნიციპალიტეტებისთვის და ადამიანები უნდა მიხვდნენ, რომ ერთპარტიული სისტემა არის ჩაკეტილი.

ჩემი, როგორც რიგითი ქართველის ამოცანაა, რომ გიორგი ხარჩილავასთან (წალენჯიხის მერი) და სხვებთან ერთად შევქმნათ ისეთი პლატფორმები, რომ რაც შეიძლება მეტი სხვადასხვა ინიციატივა წახალისდეს. ვფიქრობ, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებთ ანუ საწყისი კაპიტალის სახით რასაც ვიზიდავთ სხვადასხვა ადამიანებისგან და მეც ვიღებ მონაწილეობას, უახლოეს ხანში შეიძლება ავიდეს 10-15 მილიონ ლარზე, მაგრამ ეს იქნება ის კაპიტალი, რომელიც წალენჯიხაში უახლოეს მომავალში მოიზდავს 100 და 200 მილიონს. ასე ხდება - მე ზუსტად ვიცი, პატარა ინვესტიციებით როგორ მოვიზიდო დიდი ინვესტიცია, რადგან ამ პატარა ინვესტიციას ვახმარ იდეის კარგად დახვეწას, მენეჯმენტის კარგად ჩამოყალიბებას, მართვის გამჭვირვალე სტრუქტურის შექმნას და პერსპექტივის დანახვას, რომ ბევრ ადამიანს მოუნდეს ამ ყველაფერში ჩართვა. ახლა სწორედ ამ პროცესში ვართ“, - ამბობს მამუკა ხაზარაძე და სხვებსაც მოუწოდებს, რომ შემოუერთდნენ.

„წალენჯიხა, პრაქტიკულად, ინკუბატორია, სტარტაპია, ამიტომ, პირველ რიგში ვისაც ვთხოვ, რომ შემოუერთდნენ ამ წამოწყებას, არიან წალენჯიხელები და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე საინტერესო პროექტებს და პერსპექტივას გავაჩენთ - არა მარტო წალენჯიხელებისთვის, არამედ ყველასთვის. აქ იმედი უნდა დავაბრუნოთ... მაგალითი უნდა ვაჩვენოთ, რომ ყველა სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი. ჩემთვის ეს დიდი და საინტერესო გამოწვევაა და ბევრი ნახავს, რომ თურმე შესაძლებელია“, - აცხადებს მამუკა ხაზარაძე.

Bm.ge-ს ჟურნალისტის კითხვას - „პოლიტიკაში ბიზნეს-აზარტით ხართ?“ - ყოფილი ბანკირი ასე პასუხობს: „ჩვენ სანამ არ მივიღებთ გადაწყვეტილებას, რომ ეკონომიკამ უნდა მართოს პოლიტიკა და არა პირიქით, უბრალოდ წინ ვერ წავალთ, ამიტომ ჩემი მიდგომა ქართულ პოლიტიკაში ის არის, რომ ნათელი მაგალითები დავდო, თან დემოკრატიული მმართველობის იმ კუნძულზე, რომელიც წალენჯიხაში შეიქმნა და სამწუხაროდ, ჯერ საქართველოს სხვა ქალაქებში არ შექმნილა“.