მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც რეგიონებში კლინიკის გაჩერება უფრო მომგებიანია, ვიდრე - ფუნქციონირება”

62d513af9eac1
შოთა ტყეშელაშვილი
18.07.22 12:16
834
"ჯეო ჰოსპიტალსის" კლინიკების ქსელის გენერალური დირექტორი ზურაბ ქიტოშვილი BMG TV-ის ეთერში სამედიცინო სექტორის ფინანსურ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, დღეს ჰოსპიტლების სექტორი ფინანსური კრიზისის წინაშეა და მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ რეგიონებშია, სადაც პაციენტებისთვის გაწეული მომსახურებების რაოდენობის 80-85% საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზეა მიბმული, ამ პროგრამის ტარიფები კი ხშირ შემთხვევაში კლინიკების სერვისის თვითღირებულებაზე დაბალია. ზურაბ ქიტოშვილის განმარტებით, იქმნება ვითარება, როდესაც რეგიონში კლინიკის გაჩერება შეიძლება უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე მისი ფუნქციონირების შენარჩუნება.

ჯანდაცვის სექტორში შექმნილი რთული მდგომარეობის გამო, 13 ივლისს ქვეყანაში მოქმედმა 100-მა კლინიკამ ჯანდაცვის მინისტრს ერთობლივი წერილით მიმართა და სექტორში არსებული გამოწვევის საპასუხოდ საყოველთაო ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების, განფასებების შეცვლის და DRG მოდელის დანერგვისკენ მოუწოდა.

“DRG სისტემის შემუშავებაში ჩვენ მეტნაკლებად ვიღებთ მონაწილეობას ამ პროექტში და ვართ ზოგად პრინციპებში ჩართული, თუმცა ვფიქრობთ რომ ამ ყველაფრის იმპლემენტაცია დროში და ეს ხანგრძლივი პროცესია და წარმატებით დაგეგმვის შემთხვევაში, შედეგგის მომტანი ეს შეიძლება იყოს, თუმცა ჯერ ამაზე მსჯელობა საბოლოო ჯამში როგორ ფორმირდება და რა შედეგის მომტანი იქნება ჩვენი მხრიდან ძნელია ამაზე საუბარი, თუმცა ცალსახაა, რომ ეს დროში სწრაფად ვერ დასრულდება.

ვფიქრობთ, რომ DRG-ის გაშვებამდე აუცილებელია სხვა ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც დღეს დარგს წარმოუდგენლად სჭირდება.

რგიონების კლინიკები რომ ავიღოთ, დაახლოებით, 85% და მეტი მიწოდებული სერვისების არის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, ანუ სახელმწიფოს მხრიდან ფინანსდება. მიღებული მთლიანი შემოსავლის 60%-ზე მეტი ნაწილდება მედ პერსონალზე სახელფასო ანაზღაურების სახით. ეს ბიზნესისთვის საკმაოდ დიდი ნაწილია, რაც თვითღირებულების მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ამას ემატება მთელი რიგი მიმდინარე ხარჯები, რომელიც ბოლო პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა და საბოლოო ჯამში ვიღებთ იმ სისტემას და იმ სტრუქტურას, რომ ბიზნესი ზარალიანი ობიექტია და ხშირ შემთხვევაში გაჩერება ზოგიერთი კლინიკის უფრო მომგებიანი იყოს, ვიდრე მისი ფუნქციონირება,” - განაცხადა “ჯეო ჰოსპიტალსის” დირექტორმა ზურაბ ქიტოშვილმა.

საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა 2013 წელს ამოქმედდა, სწორედ ამ დროიდან არის განსაზღვრული სამედიცინო სერვისების ტარიფები, თუმცა კლინიკების განცხადებით, დღეს ეს ტარიფები მათ ხარჯებს უკვე ვეღარ ფარავენ.