მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არიან წყალტუბოს 2 სანატორიუმის ახალი მფლობელები?

62ebd8d03c022
ვიქტორია მღებრიშვილი
04.08.22 19:03
13842
საქართველოს მთავრობამ 5 ივლისს საინვესტიციო პროექტი - „წყალტუბოს ახალი სიცოცხლე“ წარადგინა. პროექტის ფარგლებში ხელისუფლებამ წყალტუბოში 50 მლნ ლარის ღირებულების 14 პროექტზე სახელმწიფო პირობიანი აუქციონები 6 ივლისს გამოაცხადა.

ხელისუფლების წარმომადგენლები ჯამში ინვესტორების მხრიდან 500 მლნ ლარის ინვესტირებას ელოდებიან. მსოფლიო დონის ბალნეოლოგიური კურორტად გადაქცევისთვის კი სახელმწიფო თავის მხრივ საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების პირობას დებს.

წყალტუბოს სანატორიუმების გასხვისების მიზნით გამოცხადებული აუქციონების ვადა დღეს დასრულდა. შედეგად პირველ ჯერზე მყიდველი მხოლოდ 2 სანატორიუმს გამოუჩნდა, ხოლო დანარჩენი 12 შეთავაზებაზე ვაჭრობა არ შედგა. BM.GE სანატორიუმების „მედეასა“ და „თბილისის“ ახალი მფლობელების ვინაობით დაინტერესდა.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სანატორიუმი „თბილისი“ 3.152 მლნ ლარად კომპანია „აკამ“ შეიძინა. კომპანია 2016 წლის ოქტომბერში არის რეგისტრირებული. ბიზნეს რეესტრის მონაცემებით, მისი 97%-იანი წილის მფლობელია ფიზიკური პირი ჯამათა ჩარკვიანი, 3%-ის მფლობელი და დირექტორი კი ლავრენტი ჯინჭარაძე. 

სანატორიუმ „მედეაში“ კი კომპანია „ასი გრუფ ჰოთელს ჯორჯიამ“ 1 ბიჯით 5.830 მლნ ლარი გადაიხადა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით კომპანია 2021 წლის 14 დეკემებრს დარეგისტრირდა და მისი 100%-იანი წილის მფლობელი ეგვიპტის მოქალაქე ხალედ მოჰამედ აბდელმონებ კანდილია.

გაყიდული ობიექტების ჯამურმა ფასმა 8 982 300 ლარი შეადგინა.

ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დანარჩენი სანატორიუმები აუქციონების ვადა გახანგრძლივდა.

შეგახსენებთ, "წყალტუბოს ახალი სიცოცხლე" პროექტის ფარგლებში სახელმწიფომ გასაყიდად გამოიტანა 14 ობიექტი - 5 პრემიუმ კლასის, 5 საშუალო კლასის სასტუმრო და 4 სხვადასხვა სახის განთავსების ობიექტი, რომელთა ჯამური ღირებულება დაახლოებით, 50 მლნ ლარია.პროექტის თანახმად, სახელმწიფო ათეულობით მილიონი ლარის ინვესტირების ვალდებულებას იღებს, რათა წყალტუბოს საერთაშორისო დონის სპა-კურორტად იქცეს. წყალტუბოს აღდგენისა და განვითარების მასშტაბური პროექტის განხორციელება შექმნის 3 200-ზე მეტ ახალ სამუშაო ადგილს, საწოლფონდს 6 000-ზე მეტი ადგილით, მოიზიდავს 500 მლნ ლარის ოდენობის ინვესტიციას და მნიშვნელოვნად გაზრდის ვიზიტორების რაოდენობას.