მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ჯეფ კუნსის პირადი კოლექცია აუქციონზე გადის — ნამუშევრების ღირებულება $100 მილიონს აჭარბებს

ჯეფ კუნსი

ამერიკელი ხელოვანი ჯეფ კუნსი საკუთარი ხელოვნების კოლექციის ნაწილის გაყიდვას ნიუ-იორკის Christie’s-ის აუქციონზე გეგმავს. წინასწარი შეფასებით ცხრა ნამუშევრისგან შემდგარი კოლექციის საერთო ღირებულება, 100 მილიონ დოლარს აჭარბებს. კოლექცია სახელწოდებით „Heroes & Lovers“ („გმირები და საყვარლები“) სხვადასხვა ეპოქის ხელოვნების ნიმუშებს აერთიანებს.

Christie’s-ს სააუქციონო სახლს კოლექციის მფლობელი ოფიციალურად არ დაუსახელებია, თუმცა მედიის ცნობით, საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით, კოლექციის მფლობელი სწორედ ჯეფ კუნსია. გავრცელებული ინფორმაციით, გაყიდვიდან მიღებული თანხის ნაწილი მხატვრის შემოქმედებითი საქმიანობის განვითარებას მოხმარდება.

პაბლო პიკასო, Le Baiser, 1969

კოლექციის მთავარი ნამუშევარია პაბლო პიკასოს კოცნა (Le Baiser, 1969) — მონოქრომული ნახატი, რომელზეც წყვილის ინტიმური მომენტია გამოსახული. წინასწარი შეფასებით ნამუშევრის ღირებულება $40 მილიონია. კუნსმა ის 2008 წელს Sotheby’s-ის აუქციონზე 17.4 მილიონ დოლარად შეიძინა.

კორნელის ვან ჰარლემი, Hercules and Achelous, 1590

კოლექციაში ასევე შედის ედუარ მანეს, კორნელის ვან ჰარლემის, ტილმან რიმენშნაიდერის, ჟან-ონორე ფრაგონარისა და ფრანსუა ლემუანის ნამუშევრები, ასევე პაბლო პიკასოს კიდევ რამოდენიმე პორტრეტი, მათ შორის დორა მაარის პორტრეტი (1941). რამდენიმე მათგანს პირდაპირი კავშირი აქვს კუნსის შემოქმედებასთან. მაგალითად, მანეს „Femme au tub“ უკავშირდება კუნსის ნამუშევარს „Woman in Tub“, ხოლო ვან ჰარლემის ნამუშევარის „Hercules and Achelous“ თემატიკას კუნსის „Antiquity (Farnese Bull)“ ეხმიანება.

კოლექციის შვიდი ნამუშევარი 17 ნოემბერს ნიუ-იორკში Christie’s-ის მე-20 საუკუნის საღამოს აუქციონზე გაიყიდება, ხოლო ორი კლასიკოსი ოსტატის ნამუშევარი 2027 წლის Christie’s-ის Classics Week-ის ფარგლებში გაიყიდება.

ჯეფ ჯუნსი, კურდღელი (Rabbit) 1984

აღსანიშნავია, რომ თავად კუნსის ნამუშევრებიც ცნობილია საკმაოდ წარმატებული სააუქციონო ისტორიით, 2019 წელს მისი უჟანგავი ფოლადის სკულპტურა „Rabbit“ Christie’s-ის მიერ 91.1 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა და იმ დროისთვის ცოცხალი მხატვრის ნამუშევრის აუქციონზე გაყიდვის მსოფლიო რეკორდი დაამყარა. Artnet-ის შეფასებით, მისი აუქციონზე გაყიდული ნამუშევრების ჯამური ღირებულება $1,1 მილიარდს ცდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები