მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ სად მიიტანა წინასაარჩევნოდ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა? - პარტიები და ტელევიზიები

619756e1dea3c
მარიამ ვარადაშვილი
19.11.21 12:22
626
კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, წინასაარჩევნოდ ტელე და რადიომაუწყებლებმა უფასო პოლიტიკურ რეკლამას ჯამში 39 000 წუთზე მეტი დაუთმეს. აღნიშნულ დროში მაუწყებლებს თანხა ფასიანი რეკლამის პირდაპირპროპორციულად რომ მიეღოთ, მათი შემოსავალი, დაახლოებით, 23.2 მილიონი ლარით გაიზრდებოდა. აქედან ტელემაუწყებლებში უფასო პოლიტიკურ რეკლამას, ჯამში, 35 000 წუთზე მეტი დაეთმო, რომლის ღირებულებაც დაახლოებით, 22.5 მილიონი ლარია.

რაც შეეხება ფასიან პოლიტიკურ რეკლამას, კომისიის ცნობითვე, ტელე და რადიომაუწყებლების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან მიღებულმა შემოსავალმა ჯამში 3.8 მილიონი ლარი შეადგინა.

ფასიანი პოლიტიკური რეკლამა ხუთმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ - „ქართულმა ოცნებამ“, „ლელო-საქართველოსთვის“, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ „გირჩმა“ და „ტრიბუნამ“ 8 ეროვნულ სატელევიზიო არხზე განათავსა.

“აღნიშნული სატელევიზიო არხებიდან, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან ყველაზე დიდი შემოსავალი „რუსთავი 2“-მა 769 461 ლარის ოდენობით მიიღო. მისი ძირითადი დამკვეთი „ქართული ოცნება“ (87,2%) იყო. „ტელეიმედის“ შემოსავალმა 640 132 ლარი შეადგინა, არხზე ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ განათავსა. „ტელეკომპანია პირველის“ შემოსავალმა 606 773 ლარი შეადგინა, მთლიანი თანხის 90% მაუწყებელზე პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ“ მიიტანა. „მთავარმა არხმა“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების განთავსებისთვის 467 364 ლარი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (61.3%) „ლელო საქართველოსთვისაა“. „GDS“-ის შემოსავალი 276 648 ლარია და „ტელეიმედის“ მსგავსად, არხს ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „ქართულმა ოცნებამ“ დაუკვეთა. „პოს ტვ“-ის შემოსავალმა 245 333 ლარი შეადგინა, საიდანაც ძირითადი შემსყიდველი (88%) „ქართული ოცნება“ იყო. ტელეკომპანია „ფორმულამ“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამების გაშუქებით 194 477 ლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც მთავარი დამკვეთი (63%) „ნაციონალური მოძრაობა“ იყო. „პალიტრა ნიუსზე“ ფასიანი პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ „გირჩმა“ 14 492 ლარის ოდენობით განათავსა”, - აცხადებენ კომისიაში.

რაც შეეხება რეგიონულ მაუწყებლებს, ჯამში, ფასიანი პოლიტიკური რეკლამიდან 22-მა რეგიონულმა მაუწყებელმა 44 661 ლარი მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები