მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ ვისთან ხსნის საზღვრებს ევროპაში

5ee8a016d716d
ნათია თაქთაქიშვილი
16.06.20 19:32
2061
კორონავირუსის გამო გამოცხადებული სამთვიანი ლოქდაუნის შემდეგ, ევროპის ქვეყნების უმრავლესობამ ერთმანეთთან საზღვრების გახსნა დაიწყო, თუმცა ჯერ ისევ გაურკვეველია, რამდენად გაბედავენ საკუთარი ქვეყნების დატოვებას მოგზაურობის მოყვარული ევროპელები. ამის შესახებ Time წერს.

მაშინ როდესაც ევროპის ქვეყნების უმრავლესობა ვიზიტორებს 1 ივლისიდან ელოდება, აშშ-ის, აზიის, ლათინური ამერიკის და ახლო აღმოსავლეთის ტურისტების ბედი, ჯერჯერობით, გაურკვეველია და მათ ამ ეტაპზე მხოლოდ მოლოდინი დარჩენიათ.

გასულ კვირას ევროკავშირის კომისარმა ილვა იოჰანსონმა წევრ ქვეყნებს უკვე მოუწოდა, რომ საზღვრებს რაც უფრო მალე გახსნიან, ქვეყნებისთვის ეს მით უკეთესი იქნება.

ევროკავშირი აცხადებს, რომ ეს არ იქნება ქაოტური ან არაკორდინირებული საზღვრების გახსნა. ეს მოხდება წინასწარ გაწერილი ნორმების დაცვით.

როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი აცხადებს, ბევრია დამოკიდებული იმაზე, რამდენად არის ხალხი მოგზაურობისთვის მზად.  „ერთია, რომ ქვეყანა უსაფრთხოა და მეორეა რამდენად კომფორტულად და უსაფრთხოდ გრძნობს თავს ვიზიტორი,“ - აღნიშნა მან.

საზღვრების გახსნის შესახებ უკვე განაცხადეს კორონავირუსის გამო ევროპის ყველაზე დაზარალებულმა ქვეყნებმა - ესპანეთმა და იტალიამ. იტალიამ საზღვრები 3 ივნისიდან გახსნა, ხოლო ესპანეთი 21 ივნისიდან გეგმავს.

„ჩვენ გვინდა, რომ ესპანეთი არამხოლოდ მსოფლიო კლასის დასასვენებელ ადგილად იყოს აღიარებული, არამედ ყველაზე უსაფრთხო ადგილდაც“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერ მინისტრმა პედრო სანჩეზმა.

საზღვრების გადაკვეთაზე დაწესებული დარჩენილი აკრძალვები უკვე შეამსუბუქეს პოლონეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა. ამ ეტაპზე საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული აკრძალვები ძალაში ისევ რჩება ფინეთში, ნორვეგიასა და შვედეთში.

ავსტრია ტურისტებისთვის დღეიდან იხსნება, მაგრამ პორტუგალიელ, შვედ, იტალიელ და ბრიტანელ მოგზაურებს კორონავირუსზე ტესტის გაკეთებას მოსთხოვენ.

აღსანიშნავია, რომ დიდმა ბრიტანეთმა ახალახან დააწესა 14-დღიანი საკარანტინე პერიოდი თითქმის ყველა ქვეყნის სტუმრისთვის, რაც, სავარაუდოდ, ბრიტანეთის ტურიზმს ამ ზაფხულს მნიშვნელოვნად დაარტყამს.

დანია საზღვრებს მხოლოდ გერმანელი, ნორვეგიელი და ირალანდიელი ტურისტებისთვის გახსნის, მაგრამ ტურისტებს მოუწევთ დაადასტურონ, რომ ქვეყანაში მინიმუმ 6 ღამის განმავლობაში დარჩებიან.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი შიდა ტურიზმის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან. ამასთანავე, აცხადებენ, რომ წლევანდელ ზაფხულს საკუთარ ქვეყნებში გაატარებენ.