მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წერტილი უნდა დაესვას ყველაფერს, რაც ევროპასთან დაგვაშორებს“ - ნინო ზამბახიძე

ნინო ზამბახიძე

„წერტილი უნდა დაესვას ყველაფერს, რაც ევროპასთან დაგვაშორებს“, - ასე უპასუხა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო ზამბახიძემ წამყვანის შესაბამის კითხვას.

ნინო ზამბახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ „საქართველოს ფერმერთა ასოციაცია“ არ აპირებს, „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად“ რეგისტრაციას, რადგან მიაჩნიათ, რომ საქართველოს ემსახურებიან.

"ჩემთვის, ერთ-ერთი პატრიოტი ადამიანისთვის ეს იარლიყი მიუღებელია, რადგან არ ვთვლი, რომ უცხოური ქვეყნის ძალის ინტერესებს ვემსახურები. ამდენი წელია, მთელი გუნდით ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და ფერმერების განვითარებას ვემსახურებით“, - ამბობს ის.

ნინო ზამბახიძე მიიჩნევს, რომ დღეს, საქართველოს განვითარებისთვის ყველაზე მეტად ფართო ხედვა სჭირდება.

„ჩემს თავს და ჩემს შვილებს წარმოვიდგენ ევროპის ნაწილად და ამ გზით განვითარებისთვის გვჭირდება ფართო ხედვა - სად გვინდა ვიყოთ. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე, ევროპელი, ამერიკელი და სხვა პარტნიორი ქვეყნების გადასახადების გადამხდელების ფულით ჩვენს ქვეყანაში არაერთი ფასდაუდებელი საქმე გაკეთდა. მათი მხარდაჭერა არ გამოიხატება მხოლოდ ფინანსური ნაკადის შემოსვლაში. მათთან პარტნიორობას მოაქვს ცოდნა, გამოცდილება, ახალი ტექნოლოგიები, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება.

მე არ შევდივარ <რუსული> კანონის სიღრმეებში; მხოლოდ ერთ რამეს ვიტყვი - ცალსახად გვეუბნებიან, რომ ეს კანონი დაგვაშორებს ევროკავშირს. განვითარებისთვის კი გვჭირდება ევროპასთან ინტეგრაცია“, - აღნიშნა ნინო ზამბახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები