მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვის ევალება კომპანიების მონიტორინგი? - მთავრობამ დადგენილება დაამტკიცა

5e8c20a9115de
შოთა ტყეშელაშვილი
07.04.20 11:07
2532
საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნდა მთავრობის 221-ე დადგენილება, რომელიც ქვეყანაში COVID-19-ის ეპიდემიის გამო დაწესებული ეკონომიკური შეზღუდვების მონიტორინგის პროცედურას აღწერს.

დოკუმენტის მიხედვით, COVID-19-ის პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს როგორც - ჯანდაცვის, ასევე ეკონომიკის სამინისტროები განახორციელებენ.

კომპანიების შემოწმების უფლება აქვს:

“ეკონომიკური საქმიანობის განხორციელების დროს, სამუშაო ადგილებზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესრულებაზე მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი ან/და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აგრეთვე, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყებები.

საქართველოს პრეზიდენტის დეკრეტით ან/და ამ დადგენილებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევისათვის, კომპეტენციის ფარგლებში, რეაგირებას ახორციელებენ ამ მუხლის პირველი და 1​1 პუნქტებით გათვალისწინებული უწყებების უფლებამოსილი პირები. თუ შესაბამისი სამართალდარღვევა ადმინისტრაციულ გამოკვლევას არ საჭიროებს, აღნიშნული უწყებების უფლებამოსილი პირები ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს ადგილზე განიხილავენ და სამართალდამრღვევს ადგილზევე შეუფარდებენ ადმინისტრაციულ სახდელს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად,” - ნათქვამია დადგენილებაში.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ 30 მარტს მიღებული დადგენილებით საქართველოში მთელი რიგი ეკონომიკური საქმიანობების განხორციელება შეიზღუდა.