მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს ქართულმა ბანკებმა 1.24 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს

612f63fed6a41
შოთა ტყეშელაშვილი
01.09.21 19:35
2134
საქართველოში მოქმედმა ბანკებმა 2021 წლის შვიდ თვეში 1.24 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს. ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მონაცემებიდან ირკვევა.

ბანკების მოგება ეროვნული ბანკის პროგნოზთანაც თანხვედრაშია, რადგანაც სებ-ის ვიცე-პრეზიდენტმა პაპუნა ლეჟავამ განაცხადა, რომ წელს ქართული საბანკო სისტემა "საკმაოდ სოლიდურ მოგებაზე გავა".

კონკრეტული თვეების განმავლობაში მოგების მაჩვენებელი ასეთი იყო:

იანვარი – 113.4 მილიონი ლარი;
თებერვალი – 132 მილიონი ლარი;
მარტი – 166.3 მილიონი ლარი;
აპრილი – 173 მილიონი ლარი;
მაისი - 204 მილიონი ლარი;
ივნისი - 294.6 მილიონი ლარი;
ივლისი - 178 მილიონი ლარი.

მთლიანობაში 2021 წლის 7 თვეში ბანკებმა მთლიანი შემოსავლის სახით 3.39 მილიარდი ლარი მიიღეს; შედარებისთვის ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 26%-ით მეტია. ჯამურად, სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავლის მოცულობა 2.34 მილიარდი ლარია. უფრო კონკრეტულად ბანკების შემოსავალი ფიზიკური პირების სესხებიდან 1.38 მილიარდი ლარი იყო, ეს თანხა წლიურად 19%-ით არის გაზრდილი. იურიდიული პირების სესხებიდან მიღებული საპროცენტო შემოსავალი კი წელს 23%-ით გაიზარდა და 931 მილიონი ლარი შეადგინა.

საკომისიოებიდან, ჯარიმებიდან და საკონვერსიო ოპერაციებიდან ბანკებმა 259 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს.

რაც შეეხება მათ ხარჯებს – ყველაზე დიდი ხარჯი მოქალაქეებისა და ბიზნესების დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი იყო, რომლის მოცულობამაც 745.4 მილიონი ლარი შეადგინა. ამასთან, ბანკებმა თავიანთი სესხების მომსახურებაზე (უცხოური და ადგილობრივი ფინანსური ორგანიზაციების მიმართ) 424 მილიონი ლარი დახარჯეს.

ქვეყანაში მოქმედმა ბანკებმა თავიანთ თანამშრომლებზე ხელფასების სახით 438 მილიონი ლარი გასცეს. ბანკების ადმინისტრაციის და აპარატის შენახვის ხარჯები წელს 13%-ით არის გაზრდილი.

მთლიანობაში საბანკო სისტემამ 1.38 მილიარდი ლარის მოგება დააგენერირა, რაზეც 139 მილიონის მოგების გადასახადი გადაიხადა. შედეგად, ბანკების მესაკუთრეებსა და აქციონერებს 1.24 მილიარდი ლარის წმინდა მოგება დარჩათ.