მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

წელს თხილის მოსავალიანობის 11%-ით ზრდას ველოდებით - ასოციაცია

6471fc3ed465e
ლიკა გურაბანიძე
27.05.23 19:01
1298
თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში 2023 წელს, 2022 წელთან შედარებით, თხილის მოსავლიანობის 11%-ით ზრდას ელოდებიან. როგორც BM.GE-ს თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ განუცხადა, მიმდინარე წლის თხილის მოსავალი გასულ წელთან შედარებით 5 000 ტონით მეტი იქნება. მისივე განმარტებით, მიმდინარე წლის მოლოდინები დადებითია.

“2023 წელს 50 000 ტონა თხილის მოსავლის მოლოდინი გვაქვს, გასულ წელს ამ რიცხვმა 45 000 ტონა შეადგინა. 50 000 ტონა თხილიდან, 30 000 ტონა მაინც თუ მაღალი ხარისხი იქნება, ქართული თხილი ექსპორტზე უკეთესად გავა და შემოსავლიანიც იქნება. დადებითი მოლოდინის საფუძველს გვაძლევს ის, რომ წელს ფერმერები თხილის ბაღების მოვლით სამუშაოებში აქტიურად ჩაერთნენ.

თხილის შესაწამლად 45 000 ფერმერს, 500-ლარიანი ვაუჩერები გადაეცა, რამაც ფერმერების შრომის სტიმულირება მოახდინა, რომ მათ საგაზაფხულო სამუშაოები ჩაატარონ და აქედან გამომდინარე უკეთესი მოლოდინი გვაქვს. გასულ წელს ძალიან ცუდი წელი იყო უნალექობიდან გამომდინარე, მოსავლის ხარისხი არ იყო კარგი. წელს იმასთან შედარებით უკეთესი ამინდებია. შესაბამისად, მოლოდინიც უკეთესია.” - აღნიშნა ჭითანავამ.

რაც შეეხება ფასებს, მერაბ ჭითანავას თქმით, ფასებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე, ივლისის თვემდე პროგნოზების გაკეთება ვერ მოხერხდება.

“ფასთან დაკავშირებულ პროგნოზებს ჯერ ვერ გავაკეთებ, თუმცა ერთს ვიტყვი, მაღალი ხარისხის პროდუქციის ფასი ყოველთვის დამაკმაყოფილებელი იქნება, ვიდრე დაბალხარისხიანი. ამიტომ, ფერმერებმა ხარისხის გაუმჯობესებაზე უნდა იმუშაონ. მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასის განსაზღვრა ივლისის თვეში მოხდება და ზუსტ ფასებზე პროგნოზებსაც მაშინ გავაკეთებ", - განმარტა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, თხილის მოსავლის აღება აგვისტოდან იწყება და სექტემბერში სრულდება. 2022 წლის 11 თვის განმავლობაში საქართველომ თხილის რეალიზებით 89.8 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2021 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.6%-ით ჩამორჩება. შედეგად იანვარ-ნოემბრის განმავლობაში ქვეყნიდან ექსპორტზე 21 456 ტონა თხილი გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი ევროკავშირის ქვეყნები იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები