საქართველოში თხილის ბაღების მასობრივი ხმობის პრობლემა დღითი დღე მწვავდება. სიტუაცია განსაკუთრებით საგანგაშო გურიასა და სამეგრელოშია.
ამ დროისთვის გამხმარი ბაღების ფართობი 9 000 ჰა-ს აღწევს. ხმობის ძირითადი მიზეზი ბაქტერიული დაავადება ფსევდომონაა, რომელსაც ბოლო წლებში საქართველოსთან ერთად თურქეთიც ებრძვის.
თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ დაავადებასთან ბრძოლისთვის საჭირო წამლობა ფინანსურად საკმაოდ დიდ ხარჯებს მოითხოვს, ამიტომ მერაბ ჭითანავა პროცესში სახელმწიფოს მხრიდან ფერმერების გარკვეული მხარდაჭერის აუცილებლობაზე საუბრობს.
„ივლისში იწყება ხმობა, სავსებით ჯანმრთელი და მსხმოიარე ხეები დაახლოებით 10 დღეში ხმება. შარშანდელი მონაცემებით, 7 ათასი ჰექტარი იყო გამხმარი, წელს კი მინიმუმ 20%-ით გაიზარდა ეს მაჩვენებელი და დაავადებული ფართობების რაოდენობა 8-9 ათას ჰექტარს მიუახლოვდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ის არ ჩანს კახეთში, უმეტესად გურიასა და სამეგრელოშია.
პრევენციის მოდელი მეტ-ნაკლებად შემუშავებულია, თუმცა ის ჰექტარზე დაახლოებით 1 500 ლარი ჯდება, რაც მნიშვნელოვანი ხარჯია, განსაკუთრებით მცირე ფერმერებისთვის. ამიტომ ვფიქრობთ, რომ სექტორის მხარდაჭერის მოდელი საჭიროებს მოდიფიცირებას. ეფექტური იქნება კონსულტაციები ფერმერებთან და მიზნობრივი მხარდაჭერა სექტორისთვის, ამაზე ვესაუბრე სამინისტროს,“ - განაცხადა თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ მერაბ ჭითანავამ.
ბაღების ხმობასთან ერთად მნიშვნელოვნად გაუარესებულია მოსავლის ხარისხიც. გამოსავლიანობის შემცირება მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ ფერმერებისა და ექსპორტიორების ფინანსურ სტაბილურობას, არამედ საქართველოს პოზიციებს მსოფლიო ბაზარზე.
„ გახშირებული წვიმების გამო მოსავლიანობა მინიმუმ 20%-ით არის შემცირებული და მნიშვნელოვნად გაუარესდა ხარისხი. გამოსავლიანობა გასულ წელს 30-35%-მდე იყო, წელს კი 20-25%-მდეა. ასეთ დროს რთულია პოზიციონირება ევროპის ბაზარზე,“ - ამბობს BMG-თან ჭითანავა.
ამ დროისთვის თხილის საექსპორტო ფასი 7 ევროა, მაშინ როცა შარშან 11-დან 14 ევრომდე მერყეობდა. რაც შეეხება ფერმერისთვის გადახდილ თანხას დღეს ბაზარზე ფასი საშუალო 3-5 ლარია.
























