სოფლის მეურნეობის სამინისტროში ხილის ექსპორტიორებთან შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი ბიუროკრატიული პრობლემები იყო. როგორც ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის თავმჯდომარემ ვახტანგ ბეჟიტაშვილმა BMG-ის უთხრა, მინისტრი დავით სონღულაშვილი სექტორს ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა, რისთვისაც სამინისტროში სამუშაო ჯგუფიც შეიქმნება.
"ექსპორტთან დაკავშირებით საკმაოდ ბევრი პრობლემა დაგვიგროვდა. მათ შორის მაგალითი მოვუყვანე სამინისტროს წარმომადგენლებს, რომ საექსპორტოდ გამზადებული, მანქანებში დატვირთული ქლიავი ზუსტად 48 საათის განმავლობაში იდგა მხოლოდ იმის გამო, რომ შესაბამისი საბუთების მომზადება ვერ შევძელით. გვთხოვდნენ სოფლიდან ცნობას, რომ ეს ქლიავი ნამდვილად კონკრეტულ ლოკაციაზე იყო შეძენილი და მოყვანილი. ამას სჭირდებოდა მოწმე, სოფლის წარმომადგენლის დადასტურება, შემდგომში გამგებელთან და იურიდიულ სამსახურში ვიზიტი და ა.შ. მოკლედ, აწყობილია მთელი ბიუროკრატია, რაც ექსპორტს ძალიან უშლის ხელს. მოსავლის აღების პერიოდში მალფუჭებადი პროდუქცია 48 საათის განმავლობაში ელოდებოდეს ფიტოსანიტარიული სერტიფიკატის აღებას და ფერმერიც თუ ექსპორტიორიც რაღაც ცნობების დევნაში იყოს, ასეთი რამ არცერთ ნორმალურ ქვეყანაში არ ხდება. ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აფერხებს ექსპორტს.
ამის გარდა, საუბარი იყო იმაზეც, რომ თვითონ ექსპორტიორებს გარკვეული ფინანსური პრობლემები ექმნებათ მოუწესრიგებელი საგადასახადო ადმინისტრირების გამო. ყოფილა შემთხვევები, როდესაც ორი-სამი წლის შემდეგ შესყიდვის აქტთან დაკავშირებით ურეკავენ ფერმერებს. რეალურად, ფერმერს აღარ ახსოვს, 3 წლის წინ, მაგალითად გურჯაანში ან ჩუმლაყში ვის მიჰყიდა ატამი. როდესაც შემოსავლების სამსახურიდან ურეკავენ გლეხი იბნევა და ამომწურავ პასუხს ვერ იძლევა. ამის გამო კი გარკვეულ ექსპორტიორებს საკმაოდ დიდი ჯარიმები დააკისრეს.
საუბარი გვქონდა ექსპორტის დივერსიფიკაციაზეც. მხოლოდ რუსულ ბაზარზე დამოკიდებულებას კარგი შედეგები ვერ მოაქვს, რადგან წელს ექსპორტიორებმა დიდი რაოდენობით ქლიავი გადაყარეს და საკმაოდ დიდი ზარალი ნახეს. გარდა ამისა, სახარბიელო არც მოცვის ფასი იყო და სხვადასხვა მიმართულებითაც ძალიან დიდი პრობლემებია. დახმარების პირობა რა თქმა უნდა, მივიღეთ. თუმცა რა ვადებში და როგორ იქნება, უკვე შემდგომში მუშაობაზეა დამოკიდებული", - აცხადებს ბეჟიტაშვილი.
სამინისტროს ინფორმაციით, ექსპორტიორებთან შეხვედრის მიზანს საექსპორტო მიმართულებით არსებული საჭიროებების, გამოწვევების და მათი გადაჭრის გზების განხილვა წარმოადგენდა.
სონღულაშვილის განცხადებით, ექსპორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის კოორდინირებული თანამშრომლობა.
„ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ საექსპორტო შესაძლებლობების გაფართოებას და ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას საერთაშორისო ბაზრებზე. სწორედ ამ მიზნის მისაღწევად ვხვდებით ბიზნესის წარმომადგენლებს, რათა მათთან ერთად ვიმუშაოთ უფრო ეფექტიანი გზების მოძიებაზე”, - განაცხადა სონღულაშვილმა.
























