მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდება თხილის სექტორს?|მეთხილეთა ასოციაცია მთავრობას 3-პუნქტიან ხედვას სთავაზობს

სოფელი

თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თხილის სექტორის მხარდაჭერის 3-პუნქტიანი ხედვა შესთავაზა.

როგორც სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჭითანავამ გადაცემა “წერტილში” განაცხადა, აგვისტოს უხვმა წვიმებმა და მავნებლებთან ბრძოლის სირთულეებმა ქართული თხილის სექტორი მორიგი გამოწვევის წინაშე დააყენა, რაც ერთობლივ რეაგირებას საჭიროებს.

„ჩვენ გამოვყავით სამი ძირითადი კომპონენტი, რომელზედაც მუშაობას გავაგრძელებთ. პირველი ეს არის ფერმერებთან კომუნიკაცია და სასოფლო-სამეურნეო ექსტენცია, რადგან პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მოდელი ყველაზე ეფექტურად მუშაობს ქართველ ფერმერებში. მეორე - ლაბორატორიების საკითხი და მცირე საწარმოების სერტიფიცირების გამკაცრებაა. ჩვენ გავდივართ ევროპისა თუ აზიის ბაზრებზე, სადაც აუცილებელია კეთილსინდისიერი ექსპორტიორების მხარდაჭერა.

ზოგადად, ძალიან ძნელია ახალ ბაზარზე დამკვიდრება და როდესაც ქვეყანა კონკრეტული მომხმარებლის პორტფელში შედის, იქ არ უნდა შერცხვეს. შესაბამისად, მაქსიმალურად უნდა შევზღუდოთ შესაძლებლობა, რომ რომელიმე ექსპორტიორმა კლიენტი მოატყუოს.

ამდენად, ვფიქრობ, ჩვენი ფოკუსი 80%-ით უნდა მიმართული იყოს ძლიერი ექსტენციის (ცნობიერების ამაღლება/სწავლება) ფორმირებაზე. დაახლოებით, 10% უნდა მოხმარდეს ლაბორატორიებისა და ქარხნების სერტიფიცირებას, ხოლო დანარჩენი 10% - ყველა სხვა მიმდინარე საკითხის მოგვარებას”, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

რაც შეეხება მეთხილე ფერმერების ფინანსური მხარდაჭერის აუცილებლობას - ე.წ. სუბსიდირების პროგრამის აღდგენას, BMG-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას მერაბ ჭითანავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებულმა ფინანსურმა მხარდაჭერამ - კერძოდ, გასულ წლებში მოქმედმა ვაუჩერიზაციის პროგრამამ - მოსალოდნელი შედეგი ვერ გამოიღო.

"დავინახეთ, რომ ის შედეგი, რომელიც გვინდოდა, ვერ მივიღეთ. გვეგონა, თუ ფერმერს ექნებოდა ტექნიკური შესაძლებლობა, ცოდნა და ფინანსური რესურსი, შედეგიც ადეკვატური დადგებოდა. თუმცა ნაწილმა თანხა არამიზნობრივად, სხვა კულტურებისთვის გამოიყენა და კონკრეტულად ჩვენი ბიზნესისთვის სასურველი შედეგი არ დადგა”, - განაცხადა მერაბ ჭითანავამ.

მისივე თქმით, კონკურენტ ქვეყნებში, როგორებიცაა თურქეთი და აზერბაიჯანი, თხილის სექტორი აქტიურად სუბსიდირდება (დაახლოებით 500 ლარით ჰექტარზე), რაც მათ საერთაშორისო ბაზარზე დიდ უპირატესობას ანიჭებს, თუმცა საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე, ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო რესურსი უფრო ეფექტიან მოდელზე უნდა გადამისამართდეს.

"წერტილთან" ინტერვიუში მერაბ ჭითანავამ კიდევ ერთხელ მოუწოდა ფერმერებს, ოქტომბერში, ფოთოლცვენის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ დაიწყონ ბაღების დამუშავება სპილენძის შემცველი პრეპარატებით.

"ოქტომბერში იმ ფერმერებმა, რომლებიც თავიანთ ბაღებში ბაქტერიასა და თხილის ხმობას ხედავენ, მოვუწოდებ - ვისაც შესაძლებლობა აქვს, ფოთოლცვენისთანავე დაიწყონ წამლობა 3%-იანი სპილენძის ხსნარით. ეს არის ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი - მიმდინარე მოსავალი მოცემულობაა, ვეცდებით მაქსიმალურად საუკეთესო ფასებში მოვახდინოთ მისი რეალიზაცია და მზადება მომავალი სეზონისთვის დავიწყოთ", - აღნიშნა მერაბ ჭითანავამ.

რაც შეეხება თავად გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოზიციას, ჯერჯერობით, უცნობია, თხილის სექტორში არსებულ გამოწვევებზე საპასუხოდ რა აქტივობებს დაგეგმავს დავით სონღულაშვილის უწყება.

„თხილის სექტორის გაძლიერების საფუძველი ძლიერი ფერმერია. ჩვენი მიზანია, ფერმერებს ჰქონდეთ შესაბამისი ცოდნა, მომსახურება და შესაძლებლობები, რაც მათ წარმოების ხარისხისა და პროდუქტიულობის გაუმჯობესებაში დაეხმარება. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერის მექანიზმები მაქსიმალურად პასუხობდეს დარგში არსებულ საჭიროებებს და ხელს უწყობდეს ფერმერების გაძლიერებას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა, სამინისტროს მიერ გავრცელებული პრესრელიზიც თანახმად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები