გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მიმდინარეობს ტაშისკარის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციისა და მოდერნიზაციის სამუშაოები, რის შედეგადაც ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტებში საირიგაციო მომსახურება 7 000 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწაზე გაუმჯობესდება.
უწყების მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პროექტი არსებული ინფრასტრუქტურის განახლებასთან ერთად წყლის რესურსების მართვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას ითვალისწინებს.
კერძოდ, დაგეგმილია:
- საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების სრული რეაბილიტაცია;
- მაგისტრალური არხის გამტარუნარიანობის გაზრდა და თამარაშენის არხის განახლება;
- 3 120 ჰექტარ ფართობზე გამანაწილებელი ქსელის მოდერნიზაცია;
- თანამედროვე ნატანდამჭერი გისოსებისა და ფერმერთა სატუმბი სისტემებისთვის წყალმიმღები აუზების მოწყობა;
- ქსელში 84 წყალმზომი სადგურის დამონტაჟება და არხის გამშვები ნაგებობების დისტანციური მონიტორინგისა და მართვის სისტემით (SCADA) აღჭურვა.
სამინისტროში განმარტავენ, რომ სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდება წყლის მიწოდება, უზრუნველყოფილი იქნება მოხმარების ზუსტი აღრიცხვა და ინფრასტრუქტურის ეფექტიანი მართვა.
პროექტის დეტალები და მოსალოდნელი შედეგები ადგილობრივ ფერმერებს ქარელის მუნიციპალიტეტში, GRAIL-ის პროექტის ფარგლებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე გააცნეს. შეხვედრაში შპს "საქართველოს მელიორაციის", მსოფლიო ბანკისა და საპროექტო კომპანია "იუშინ-დასანის" წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. მხარეებმა ადგილობრივი ფერმერების საჭიროებებზე, მათ ჩართულობასა და საგრანტო პროგრამებში მონაწილეობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
როგორც სამინისტროში აღნიშნავენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ტაშისკარის სარწყავი სისტემის მომსახურების არეალში წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების (წმო) ჩამოყალიბება იგეგმება, რაც ფერმერებს საშუალებას მისცემს, ირიგაციის მართვასა და წყლის განაწილებაში თავად ჩაერთონ.
სამინისტროს პრესრელიზში პროექტის ბიუჯეტისა და სამუშაოების დასრულების ვადების შესახებ ინფორმაცია მოცემული არ არის.
























